ემოციებს ნუ შეიკავებთ — რატომ არის ტირილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო?
18:06
ტირილს ხშირად სისუსტის ნიშნად მიიჩნევენ, თუმცა მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ეს ემოციური განტვირთვის, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის შენარჩუნების ძლიერი იარაღია.
რატომ ვტირით
ტირილი გარეგან გამღიზიანებლებზე ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა. რაც შეეხება ცრემლს, ის სამი სახის არსებობს:
- რეფლექსური — მას ცრემლმდენი ჯირკვლები იმისთვის გამოყოფენ, რომ თვალი უცხო სხეულის თუ ჭუჭყისგან გაწმინდონ.
- ბაზალური (მუდმივი) — ეს არის ცრემლის თხელი აპკი, რომელიც თვალის გარსს ტენიანობას უნარჩუნებს.
- ემოციური — გამოწვეულია ძლიერი სიხარულით ან ღრმა მწუხარებით.
ბოლო ტიპის ცრემლს ისეთი დამცავი ფუნქცია არ აქვს, როგორც პირველ ორს, თუმცა ჯანმრთელობისთვის უამრავი სარგებელი მოაქვს.
ტირილის სარგებელი
ტირილის შემდეგ ხშირად ერთგვარ შვებას ვგრძნობთ, რაც იმ პროცესებით აიხსნება, რომლებსაც ცრემლები იწვევენ.
✔️ ტირილი ამცირებს სტრესის დონეს: ტირილი საუკეთესო დამამშვიდებელი საშუალებაა. ცრემლები ააქტიურებენ „ბედნიერების ჰორმონების“ — ენდორფინების გამოყოფას, რომლებიც ეიფორიის შეგრძნებას, სტრესისადმი გამძლეობასა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაცვას უკავშირდება. გარდა ამისა, ტირილის დროს ორგანიზმში იმატებს ოქსიტოცინის დონეც, რაც გვეხმარება, რომ სევდა სიმშვიდითა და სიხარულით შევცვალოთ.
✔️ ტირილი ამსუბუქებს როგორც ემოციურ, ისე ფიზიკურ ტკივილს და მიზეზი ისევ ენდორფინებია. ეს ნეიროპეპტიდები ბუნებრივი ოპიატების მსგავსად მოქმედებენ: ისინი თავის ტვინსა და ნერვულ სისტემაში არსებულ რეცეპტორებს უკავშირდებიან, ტკივილის აღქმას ამცირებენ და შვების შეგრძნებას ქმნიან.
✔️ ტირილი აუმჯობესებს ძილის ხარისხს: ტირილი ხელს უწყობს ემოციურ განტვირთვას, ეს კი ამცირებს შფოთვასა და სტრესს, რომლებიც ხშირად უძილობის მთავარი მიზეზებია.
✔️ ცრემლები იცავს თვალს ინფექციებისგან: ცრემლის შემადგენლობაში, წყლის გარდა, ანტიმიკრობული თვისებების მქონე ფერმენტი ლიზოციმიც შედის. ის ანეიტრალებს თვალის ზედაპირზე დაგროვილ მავნე მიკროორგანიზმებს, ხოლო თავად ცრემლი გამოდევნის მათ და თვალის სისუფთავესა და ჯანმრთელობას უზრუნველყოფს.
✔️ ცრემლი აუმჯობესებს მხედველობას: ბაზალური ცრემლი ბუნებრივად ატენიანებს თვალის გარსსა და რქოვანას, რაც მათ გამოშრობას ხელს უშლის. თვალის სიმშრალემ შეიძლება ძლიერი ტკივილი, გაღიზიანება და მხედველობის გაუარესებაც კი გამოიწვიოს.
✔️ ტირილი აღადგენს სულიერ წონასწორობას: ტირილი ხსნის დაძაბულობას და აწესრიგებს ემოციურ მდგომარეობას. ეს პროცესი თვალსაჩინოდ გამოჩნდა 2007 წლის კვლევაში, რომელშიც 60 სტუდენტი ქალი მონაწილეობდა. ექსპერიმენტში მონაწილეებს ჯერ კომედია უჩვენეს, შემდეგ — დრამა. ფილმების ყურებისას ზომავდნენ მოხალისეთა გულისცემასა და სუნთქვას. აღმოჩნდა, რომ დრამის დაწყებამდე გოგონებს პულსი უხშირდებოდათ, თუმცა ტირილის დაწყებისთანავე ის ნორმას უბრუნდებოდა, ხოლო სუნთქვა უფრო მშვიდი და ღრმა ხდებოდა.
გამოდის, რომ ტირილში ცუდი არაფერია. მთავარია, პროცესი არ გაგიგრძელდეთ და დროულად შეჩერება შეძლოთ, რადგან ხანგრძლივმა ტირილმა ზოგჯერ შეიძლება ძლიერი თავის ტკივილი გამოიწვიოს.
***
ხშირად ტირილი - ხასიათის თვისება თუ დიაგნოზი?
მამაკაცებს ჯანმრთელობისთვის ტირილი სჭირდებათ!
გინებას ანესთეზიის ეფექტი აქვს - ოქსფორდის ფსიქოლოგების ახალი კვლევა
თუ თქვენი ჩხუბი ყოველთვის სექსით მთავრდება, გირჩევთ, ფსიქოლოგს მიმართოთ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან