წყლით ინტოქსიკაცია — რატომ არის საშიში დიდი ოდენობით წყლის სმა?
14:00
ბევრს ჰგონია, რომ წყლის სმა სრულიად უვნებელია, თუმცა ასე არ არის — თურმე შესაძლებელია წყლით ინტოქსიკაცია, რომელიც ლეტალურ შედეგამდე მიდის.
ასეთი საფრთხე მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს წარმოიქმნება, როდესაც ადამიანი, მუშაობასთან ერთად, ძალიან ბევრ წყალს სვამს. მაგალითად, დღიური ნორმის ორმაგი ან სამმაგი ოდენობის წყლის დალევამ (დაახლოებით 7-10 ლიტრი) შეიძლება ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს.
წყლის ინტოქსიკაციის დადასტურებული შემთხვევები
2005 წელს წყლის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა 21 წლის კალიფორნიელი სტუდენტი, რომელმაც ნაძლევზე 20 ლიტრა წყალი დალია.
2007 წელს გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც Nintendo Wii-ს სათამაშო კონსოლის მოსაპოვებლად გამართულ გათამაშებაში მონაწილეობდა. გათამაშებაში გამარჯვებულად ის ჩაითვლებოდა, ვინც ყველაზე მეტ წყალს დალევდა. ჯენიფერ სტრეინჯმა შვიდ-ნახევარი ლიტრი წყალი დალია, პრიზი ვერ მოიგო, მაგრამ მეორე დღეს წყლის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.
2008 წელს ინგლისში მცხოვრებმა 44 წლის მამაკაცმა ღრძილების ტკივილის მკურნალობა უცნაური გზით — 10 ლიტრი ყინულიანი წყლის მიღებით სცადა. „მკურნალობა“ მამაკაცის გარდაცვალებით დასრულდა.
რა მოსდის ორგანიზმს დიდი რაოდენობით წყლის მიღებისას?
წყლის სადღეღამისო ნორმის მნიშვნელოვანი მატება ჩვენს თირკმელებს ძალიან ტვირთავს. ისინი ორგანიზმში მოხვედრილი წყლის გადამუშავებას ვერ ასწრებენ. შედეგად, ნივთიერებათა ცვლის პროცესი ირღვევა და ტვინისა და ფილტვების შეშუპება იწყება. ეს მდგომარეობა მძიმე თრობას ჰგავს.
წყლის ინტოქსიკაციის სიმპტომებია:
- მოძრაობის კოორდინაციის დაკარგვა
- მეტყველების დარღვევა
- პირღებინება
წყლის საკუთარი ნორმის გამოთვლა ყველას შეუძლია — ის სხეულის წონაზეა დამოკიდებული. დაიმახსოვრეთ, სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე 35 მლ წყალი მოდის.
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ გაუწყლოებით უფრო მეტი ადამიანი იტანჯება, ვიდრე ჰიპერჰიდრატაციით. მიუხედავად ამისა, სამედიცინო პრაქტიკაში წყლის ინტოქსიკაციის შემთხვევები მაინც გვხვდება.
განსაკუთრებული რისკის ჯგუფებში შედიან:
- ახალშობილები;
- მკაცრ დიეტაზე მყოფი ქალბატონები;
- სპორტსმენები და მოცეკვავეები,
- ნარკომანები, განსაკუთრებით ჰალუცინოგენური აბების მომხმარებლები;
- ღამის ცხოვრების მოყვარულები (დისკოთეკები, კლუბები, ბარები);
- ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები.
ყველაზე ხშირად ჰიპერჰიდრატაცია აბსურდული რეკორდების დამყარების და ნაძლევში გამარჯვების მცდელობისას ხდება, ასევე მაშინ, როდესაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტში კუჭის ამორეცხვის მიზნით, ზედმეტად ბევრი წყალი შეჰყავთ.
ამერიკის ქიმიური საზოგადოების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, 75 კგ. წონის ადამიანისთვის წყლის სასიკვდილო დოზა 7 ლიტრია. მიუხედავად იმისა, რომ წყალი მოზრდილებისა და ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სასარგებლო სასმელია, ეს ახალშობილებს არ ეხება!
პედიატრები დედებს ექვს თვემდე ასაკის ჩვილებისთვის წყლის მიცემას არ ურჩევენ. სანამ პატარა მყარი საკვების მიღებას არ დაიწყებს, დედის რძეში ან ხელოვნურ ნარევებში არსებული წყალი სავსებით საკმარისია სითხის იმ დანაკარგის ასანაზღაურებლად, რომელიც შარდვასთან, დეფეკაციასთან, ოფლიანობასთან და ნერწყვდენასთან ერთად იკარგება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვს შეიძლება მისთვის მეტად საშიში მდგომარეობა წყლის ინტოქსიკაცია განუვითარდეს.
დახმარება ჰიპერჰიდრატაციისას
ჰიპერჰიდრატაციის დროს პირველადი დახმარება დამოკიდებულია სიმპტომების სიმძიმეზე.
თუ ადამიანს ისეთი მძიმე სიმპტომები აღენიშნება როგორიცაა ძლიერი გულისრევა, ღებინება, ცნობიერების დაბინდვა, კრუნჩხვები, ძილიანობა ან სუნთქვის გაძნელება დაუყოვნებლივ სასწრაფო სამედიცინო დახმარება უნდა გამოიძახოთ. ეს მდგომარეობა სიცოცხლისთვის სახიფათოა და გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს.
მსუბუქი სიმპტომების დროს (თავის ტკივილი, მსუბუქი გულისრევა, შებერილობა) შეწყვიტეთ სითხის მიღება. ნუ დალევთ წყალს ან სხვა სასმელს, სანამ ორგანიზმი ჭარბ სითხეს თავად არ გამოდევნის.
მიიღეთ მარილიანი საკვები — მცირე რაოდენობით მარილიანი წასახემსებელი (მაგ. მარილიანი ორცხობილა ან თხილი) სისხლში ნატრიუმის დონის მოწესრიგებას დაეხმარება. გაითვალისწინეთ, რომ ჭარბი წყალი სისხლს აზავებს და იწვევს ნატრიუმის საშიშ ვარდნას (ჰიპონატრიემიას).
სვით წყალი სწორად!
***
5 სიტუაცია, როდესაც წყლის დალევას უნდა მოერიდოთ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან