რას შეიცავს საზამთრო?
16:00 შაბ. 5 აგვისტო, 2023 წელი
ძნელია იპოვოთ ადამიანი, რომელსაც ტკბილი და წვნიანი საზამთრო არ უყვარს. თუ თქვენც საზამთროს მოყვარულთა რიცხვს განეკუთვნებით, ალბათ გაინტერესებთ რამდენი საზამთროს მირთმევა შეიძლება ერთ ჯერზე, ვისთვის არის ეს ხილი სასარგებლო და ვინ უნდა მოერდოს? ამ და სხვა კითხვებზე პასუხს ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.
საზამთროს სამკურნალო თვისებები
საზამთრო აძლიერებს იმუნურ სისტემას - საზამთრო C და B ვიტამინების წყაროა. ვიტამინი C ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც იმუნურ სისტემას აძლიერებს, ვირუსებს, ბაქტერიებს და ანთებით პროცესებს ებრძვის და ახალგაზრდობას ახანგრძლივებს. B ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია იმუნური და ნერვული სისტემის, ასევე ტვინის მუშაობისთვის.
სასარგებლოა მხედველობისთვის
საზამთრო A ვიტამინს (რეტინოლს) შეიცავს, რომელიც ორგანიზმის გამართული მუშაობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ის მხედველობას აუმჯობესებს, ცილების სინთეზში მონაწილეობს და იმუნიტეტს აძლიერებს.
A ვიტამინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის დროს, რადგან ის ბავშვის ზრდა-განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას
თუ შენელებულ მეტაბოლიზმს უჩივით, ზაფხულობით რეგულარულად უნდა მიირთვათ საზამთრო, რომელსაც კობალტის მაღალი შემცველობის გამო, ნივთიერებათა ცვლის გააქტიურება შეუძლია. კობალტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალია, რომელიც მეტაბოლიზმში მონაწილეობს და სისხლის წითელი უჯრედების ზრდას და განვითარებას ასტიმულირებს.
სასარგებლოა კანის, თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობისთვის
სილიციუმი კიდევ ერთი სასიცოცხლო მიკროელემენტია, რომელიც საზამთროს რბილობში დიდი რაოდენობით გვხვდება. ის ძვლების, კანის, თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. სილიციუმის დღიური დოზა შეგიძლიათ 250 გრ საზამთროდან მიიღოთ.
სასარგებლოა გულის ჯანმრთელობისთვის
კალიუმის და მაგნიუმის წყალობით, საზამთრო გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. კალიუმი ნერვული სისტემის მუშაობაში მონაწილეობს, ინარჩუნებს ორგანიზმის წყლის ბალანსს, ნორმალურ წნევას და სისხლში შაქრის დონეს, ამიტომ გულის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგნიუმი ძვლებისა და კუნთების განვითარებისთვის და ნერვული სისტემის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი მინერალია.
რამდენი საზამთროს ჭამა შეიძლება ერთ ჯერზე?
ზრდასრული, ჯანმრთელი ადამიანისთვის საზამთროს ერთჯერადი ულუფა 400-500 გრ-ს არ უნდა აღემატებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ საზამთროს რბილობი ჯანსაღია და ორგანიზმი კარგად ითვისებს, ის უამრავ ბოჭკოსა და გლუკოზას შეიცავს და შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემა ვერ გაუმკლავდეს.
რა მოხდება, თუ ძალიან ბევრ საზამთროს მივირთმევთ?
ამ შემთხვევაში შეიძლება და აირების დაგროვებამ, მუცლის შებერილობამ და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებმა შეგაწუხოთ. გარდა ამისა, თუ საზამთროს რეკომენდებულ ულუფას ხშირად გადააჭარბებთ, ორგანიზმში ზედმეტად ბევრი სითხე მოხვდება და მნიშვნელოვანი მინერალების გამორეცხვა დაიწყება.
შეიძლება თუ არა საზამთროს ჭამა ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს?
საზამთრო შეიცავს ფოლიუმის მჟავას (B9), რომელსაც ზოგჯერ "ორსულის ვიტამინს" უწოდებენ - ის ხელს უშლის ნაყოფში პათოლოგიური პროცესების განვითარებას და ეხმარება ნაყოფის ნერვული სისტემის სწორად ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, საზამთრო რკინას შეიცავს, რომელიც ორსულობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, დიახ, საზამთრო ორსულობის დროს, განსაკუთრებით მის ადრეულ ეტაპზე ძალიან სასარგებლოა.
უკუჩვენებებიც არსებობს, მათ შორისაა თირკმელების პრობლემები, კენჭები, შაქრიანი დიაბეტი, კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები და პრეეკლამფსია. ამიტომ ორსულობის დროს, კვების საკითხებთან და კერძოდ საზამთროს მიღებასთან დაკავშირებით ექიმთან კონსულტაცია სასურველია.
ძუძუთი კვების დროს საზამთროს ჭამა კალიუმის და მაგნიუმის, ასევე C ვიტამინის და რკინის მარაგების შევსებაში დაგეხმარებათ.
საზამთროს ერთ ჯერზე მიღებისას 200-300 გრ-ს არ გადააჭარბოთ. საზამთროს დაჭრამდე კარგად გარეცხეთ, რათა მავნე ნივთიერებების ორგანიზმში მოხვედრა თავიდან აიცილოთ.
საზამთროს სარგებელი ქალებისთვის და მამაკაცებისთვის
ქალებისთვის საზამთრო სასარგებლოა ფოლიუმის მჟავის, B ვიტამინის, მაგნიუმის, კალიუმისა და რკინის მაღალი შემცველობის გამო. ის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, თმის, ფრჩხილებისა და კანის ჯანმრთელობას აუმჯობესებს და წონის კონტროლში გვეხმარება.
მამაკაცებისთვის, რომლებიც აქტიურ ცხოვრებას ეწევიან, ბევრს მუშაობენ და ვარჯიშობენ, საზამთრო სასარგებლოა გლუკოზის გამო, რომელიც სწრაფად შეიწოვება და ენერგიის მარაგს უზრუნველყოფს. კალიუმი და მაგნიუმი ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას და ებრძვის გულის შეტევას და ინსულტს.
რა ასაკიდან შეიძლება ბავშვებისთვის საზამთროს მიცემა?
ბავშვებს საზამთროს ჭამა 2-3 წლიდან შეუძლიათ. თავიდან მცირე ულუფებით უნდა მისცეთ (50-80 გ) და ორგანიზმის რეაქციას დააკვირდეთ. 3-6 წლის ასაკში შეგიძლიათ საზამთროს ულუფა 150 გრ-მდე გაზარდოთ.
რა შემთხვევაში შეიძლება საზამთრომ გვავნოს?
1. თუ დაჭრამდე არ გარეცხეთ ან ცუდად გარეცხეთ. სანამ თქვენს სუფრაზე მოხვდებოდა, საზამთრო მიწაზე იდო, ამიტომ მისი კანი შეიძლება მიწის ნაწილაკებით და მასში შემავალი მიკრობებით იყოს დაბინძურებული. ამავე მიზეზით არ უნდა იყიდოთ საზამთრო, რომელსაც დაზიანებული კანი აქვს - საზამთროს კანიდან მიკროორგანიზმები ტკბილ და გემრიელ რბილობამდე ადვილად აღწევენ, სადაც მრავლდებიან და მოწამვლას იწვევენ.
კვლევებით დადასტურებულია, რომ საზამთროთი მოწამვლა ჰიგიენასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირდება და არა ნიტრატებს, რომლებიც დამწიფების შემდეგ საზამთროს რბილობში არ რჩება.
2. თუ მეტისმეტად ბევრი საზამთრო მიირთვით. რბილობში ბოჭკოს მაღალმა შემცველობამ შეიძლება დიარეის პროვოცირება გამოიწვიოს;
3. თუ რბილობთან ერთად კანის თეთრი ნაწილიც მიირთვით, სადაც სასუქის ნაწილი რჩება.
რომელი დაავადების დროს უნდა მოერიდოთ საზამთროს ჭამას?
საზამთროს ჭამას უნდა მოერიდოთ კუჭ-ნაწლავის დაავადებების გამწვავების, შარდსასქესო ორგანოს დაავადების, შაქრიანი დიაბეტისა და ინდივიდუალური ალერგიის დროს. ასეთ შემთხვევებში, ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია.
ესეც საინტერესოა:
კარგი საზამთროს არჩევა - 5 პრაქტიკული რჩევა
სიახლეები ამავე კატეგორიიდან