ურთიერთობა

3 ქალი, რომელიც სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

fun time

14:00 სამ. 11 იანვარი, 2022 წელი

ანტონინა მაკაროვა -
ამოცნობის პროცედურა

14
დაკოპირებულია

სსრკ-ს არსებობის მანძილზე სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა რამდენიმე ქალს მიუსაჯეს, მაგრამ, სამის გარდა, ყველა შეიწყალეს. ვინ იყვნენ სიკვდილით დასჯილი ქალები და რა დანაშაულისთვის მიიღეს სასჯელის უმაღლესი ზომა?

ანტონინა მაკაროვა - სიკვდილით დასაჯეს 1979 წელს

ამ ქალის გვარი სინამდვილეში პარფიონოვა იყო და 1921 წელს სმოლენსკის მახლობლად მდებარე სოფელ მალაია ვოლკოვკაში დაიბადა. სკოლაში სწავლის დროს მასწავლებელმა გოგონას გვარი საკლასო ჟურნალში არასწორად ჩაწერა და ტონია პარფიონოვა ტონია მაკაროვა გახდა.

სკოლის დაამთავრების შემდეგ გოგონა სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გაემგზავრა, მაგრამ ამასობაში ომი დაიწყო და ტონია მაკაროვა ფრონტზე მოხალისე მედდად წავიდა.

ცხრამეტი წლის მედდა საყოველთაოდ ცნობილ ვიაზემსკაიას ოპერაციაში მოჰყვა, სადაც საბჭოთა არმიამ გამანადგურებელი დამარცხება იგემა. ტონიას ქვედანაყოფიდან მხოლოდ თავად ტანია და ჯარისკაცი ნიკოლაი ფედჩუკი გადარჩნენ.

ისინი რამდენიმე თვის მანძილზე ტყეებში დახეტიალობდნენ და ფედჩუკის მშობლიურ სოფელ მოხვედრას ცდილობდნენ. ამასობაში ტონია ჯარისკაცის საყვარელი გახდა, თუმცა, როცა ფედჩუკის სოფლამდე მიაღწიეს, აღმოჩნდა, რომ მას კანონიერი ცოლი და შვილები ჰყავდა. ტონიამ გზა მარტომ გააგრძელა და გერმანელების ოკუპირებულ სოფელ ლოკოტში აღმოჩნდა. ქალი ტყეში ხეტიალმა დაღალა, ამიტომ გერმანელების მხარეს გადასვლა და მათთან დარჩენა გადაწყვიტა.

გერმანელი ჯარისკაცები ტონიას სექსუალური მომსახურების სანაცვლოდ, საკვებს აძლევდნენ, მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელებულა.

ერთხელ ქალს ხელში ტყვიამფრქვევი დააჭერინეს და საბჭოთა ტყვეების დახვრეტა უბრძანეს.

პირველ დავალებას მეორე მოჰყვა. ტონია დაუნდობლად უსწორდებოდა ყველას, მათ შორის - პარტიზანებს, ქალებს, მოხუცებს და ბავშვებს. გერმანელებმა ტონიას, როგორც ოფიციალურ ჯალათს, ხელფასი დაუნიშნეს.

გავრცელებული მონაცემებით, ტონიამ 1500-ზე მეტი ადამიანი დახვრიტა, თუმცა, რამდენიმე ბავშვი ტყვიას გადაურჩა და პარტიზანებმა შეიფარეს. სწორედ გადარჩენილი ბავშვებისგან გახდა ცნობილი, რომ არსებობს მეტყვიამფრქვევე ტონია, სასტიკი და სისხლისმსმელი მკვლელი. პარტიზანებმა მისი მოკვლის სანაცვლოს ჯილდო დააწესეს, მაგრამ მაკაროვა ყველა თავდასხმას გადაურჩა და 1943 წლამდე ადამიანების ხოცვას აგრძელებდა.

შემდეგ კი მაკაროვას, შეიძლება ითქვას, გაუმართლა - მორიგი საყვარლისგან ვენერიული დაავადება გადაედო და გერმანელებმა ერთ-ერთ ჰოსპიტალში გააგზავნეს, სადაც იმკურნალა.

ომის მიწურულს ჰოსპიტალში მყოფმა მაკაროვამ თავი საბჭოთა მედდად გაასაღა. მოგვიანებით ქალმა ყალბი საბუთების გაკეთება მოახერხა და საავადმყოფოში მუშაობა დაიწყო.

1945 წელს, ჯალათი ტონია ახალგაზრდა ჯარისკაცზე, ვიქტორ გინზბურგზე დაქორწინდა და მეტყვიამფრქვევე ტონკა სამხედრო მედდად, ანტონინა გინზბურგად იქცა.

ომის დასრულების შემდეგ ანტონინა მაკაროვამ და ვიქტორ გინზბურგმა სანიმუშო საბჭოთა ოჯახი შექმნეს. საცხოვრებლად ბელარუსში გადავიდნენ, სადაც ტანსაცმლის ფაბრიკაში მუშაობდნენ და ორ ქალიშვილს ზრდიდნენ.

ამასობაში, საბჭოთა უშიშროება მეტყვიამფრქვევე ტონკას გამალებით ეძებდა!

ჯალათის ძებნა 30 წლის განმავლობაში უშედეგოდ გრძელდებოდა, სანამ ერთ-ერთმა ბელარუსელმა მოქალაქემ, გვარად პარფიონოვმა, საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა არ ითხოვა.

რატომღაც პარფიონოვის ნათესავების სიაში მოხვდა ანტონინა მაკაროვა-გინზბურგი, როგორც პარფიონოვის და. გამომძიებლებმა მტკიცებულებების შეგროვება დაიწყეს და საბოლოოდ მეტყვიამფრქვევე ტონკას კვალზე გავიდნენ. ქალი რამდენიმე გადარჩენილმა მოწმემ ამოიცნო იგი და ის დააკავეს.

ფოტოზე: ანტონინა მაკაროვა ეჭვმიტანილის ამოცნობის პროცესზე

ამბობენ, რომ სასამართლო პროცესის დროს მაკაროვა სიმშვიდეს ინარჩუნებდა. მას ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ საბჭოთა ხელისუფლება ქალს სიკვდილით არ დასჯიდა, მაგრამ შეცდა. როდესაც მაკაროვას ქმარმა და ქალიშვილებმა გაიგეს, ცოლს და დედას რისთვის ასამართლებდნენ, პროტესტი შეწყვიტეს და სასამართლო დატოვეს.

ანტონინა მაკაროვას 1978 წლის 20 ნოემბერს დახვრეტა მიუსაჯეს. მან მაშინვე შეიტანა რამდენიმე მოთხოვნა შეწყალებაზე, მაგრამ ყველაზე უარი მიიღო. 1979 წლის 11 აგვისტოს მეტყვიამფრქვევე ტონკა სიკვდილით დასაჯეს.


ბერტა ბოროდკინა - სიკვდილით დასაჯეს 1983 წელს

სსრკ-ში სიკვდილით დასჯილ მეორე ქალბატონს - ბერტა ბოროდკინას, იგივე „რკინის ბელას“, არასოდეს არავინ მოუკლავს, მაგრამ დიდი ოდენობით სოციალისტური ქონების სისტემატური გაფლანგვისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯეს.

ბერტა ბოროდკინა 1927 წელს დაიბადა. ქალმა კარიერა გელენჯიკის სასადილოში, მიმტანად მუშაობით დაიწყო და მალე სასადილოს დირექტორი გახდა.

ბოროდკინა თავის მოვალეობებს ისე კარგად ასრულებდა, რომ რსფსრ ვაჭრობისა და კვების დამსახურებული თანამშრომლის წოდება მიანიჭეს და გელენჯიკის რესტორნებისა და სასადილოების ტრესტის უფროსად დანიშნეს, რამაც საბოლოოდ განსასჯელის სკამამდე მიიყვანა.

მომხმარებლების წონაში და ანგარიშში მოტყუებით და ჩამოწერილი პროდუქტების გამოყენებით ბერტამ უზარმაზარი ფული იშოვა. რა თქმა უნდა, ამ ფულის ნაწილი მაღალჩინოსანთა მოქრთამვასა და მომსახურებაში იხარჯებოდა.

ბოროდკინას მაფიაში თითოეული რესტორნის და სასადილოს დირექტორი, მიმტანი და ბარმენი იყო ჩართული. ვინც „რკინის ბელას“ დაწესებულ ყოველთვიურ გადასახადზე უარს იტყოდა, სამსახურს კარგავდა.

ჩინოვნიკებთან მეგობრობა ბერტა ბოროდკინას საშუალებას აძლევდა, რომ თავი სრულიად დაუსჯელად ეგრძნო თავი - არავითარი შემოწმება და აუდიტი, ბელას შეწუხებას ვერავინ ბედავდა, მაგრამ 1982 წელს ყველაფერი შეიცვალა.

ბერტა ბოროდკინა მომხმარებლის ანონიმური განცხადების საფუველზე გაათავისუფლეს. მომხმარებელმა განაცხადა, რომ „რკინის ბელამ“ ერთ-ერთ რესტორანში რჩეულ სტუმრებს პორნოგრაფიული ფილმების ჩვენება მოუწყო. მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა, მაგრამ გამოძიებამ დაადგინა, რომ ტრესტის ხელმძღვანელობის პერიოდში ბოროდკინამ სახელმწიფოს იმ დროისთვის წარმოუდგენელი თანხა - მილიონ მანეთზე მეტი მოჰპარა.

სამართალდამცველებმა ბოროდკინას სახლის ჩხრეკისას ძვირფასეულობა და უზარმაზარი თანხა ამოიღეს, რომელიც რადიატორებში, კონსერვის ქილებში და სახლთან ახლოს მდებარე ნანგრევებში ჰქონდა დამალული.

ბოროდკინას 1982 წელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს და 1983 წლის აგვისტოში დახვრიტეს, „რკინის ბერტა“ სსრკ-ის ომის შემდგომ პერიოდში სიკვდილით დასჯილი მეორე ქალი გახდა.

თამარა ივანიუტინა - სიკვდილით დასაჯეს 1987 წელს

სსრკ-ში მესამე და ბოლო სიკვდილით დასჯილი ქალი 1941 წელს, კიევში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. თამარას და მის ხუთ და-ძმას მშობლები პატარაობიდან ასწავლიდნენ, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატერიალური კეთილდღეობაა.

საბჭოთა წლებში ყველაზე სარფიან სამუშაო ადგილად საზოგადოებრივი კვების სფერო ითვლებოდა და თამარამაც ვაჭრობა არჩია, მაგრამ სპეკულაციის ფაქტზე დაიჭირეს და გაასამართლეს.

იმ დროს კრიმინალური წარსულის მქონე ქალისთვის დასაქმება, განსაკუთრებით ბავშვთა დაწესებულებაში, წარმოუდგენელი იყო, ამიტომ ივანიუტინამ საბუთები გააყალბა და კიევის მე-16 სკოლაში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობა დაიწყო.

1987 წლის 17 და 18 მარტს ამ სკოლის რამდენიმე მოსწავლე და თანამშრომელი საავადმყოფოში მძიმე მოწამვლის ნიშნებით გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა ორი ბავშვისა და ორი ზრდასრულის გადარჩენა ვერ შეძლეს.

რეანიმაციაში მყოფ 9 მოწამლულს თმის ცვენა დაეწყო, ამიტომ ექიმებმა სრულად გამორიცხეს ნაწლავური ინფექციის ვერსია. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

გამომძიებლებმა სიკვდილს გადარჩენილები გამოკითხეს და დაადგინეს, რომ მოწამვლის წინა დღეს ყველამ სკოლის სასადილოში წიწიბურის ფაფა ღვიძლთან ერთად მიირთვა.

სკოლაში ჩატარდა შემოწმება და გაირკვა, რომ სასადილოში კვების ხარისხზე პასუხისმგებელი მედდა 2 კვირის წინ გარდაიცვალა. ოფიციალური დასკვნის მიხედვით, სიკვდილის მიზეზი გულ-სისხლძარღვთა დაავადება გახდა, თუმცა გარდაცვალების გარემოებებმა გამოძიებაში ეჭვი გააჩინა და ცხედრის ექსჰუმაცია გადაწყდა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მედდას ჯანმრთელი გული ჰქონდა და სინამდვილეში ტალიუმით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. ცნობისთვის, ეს ძალიან ტოქსიკური მძიმე მეტალია, რომელიც იწვევს ნერვული სისტემის და შინაგანი ორგანოების დაზიანებას და თმის სრულ ცვენას. გამოძიებამ სკოლის სასადილოს ყველა თანამშრომლის სახლში ჩხრეკა მოაწყო.

მაღალტოქსიკური ხსნარით სავსე ქილა თამარა ივანიუტინას სახლში აღმოაჩინეს და ქალი მაშინვე დააკავეს. მოგვიანებით, ივანიუტინამ აღიარა, რომ ამ გზით მეექვსე კლასელების „დასჯა“ სურდა, რომლებმაც სკოლის ბუფეტში სკამების გასწორებაზე უარი თქვეს.

გამომძიებლებმა გაარკვიეს, რომ ბავშვებისა და სკოლის თანამშრომლების მოწამვლა თამარა ივანიუტინას ანგარიშზე პირველი მკვლელობა არ იყო - თავად თამარა, მისი და და მშობლები ტალიუმს ადამიანების მოწამვლისთვის 11 წლის განმავლობაში იყენებდნენ.

კლავდნენ ყველას, ვინც ოჯახის წევრებს არ მოსწონდათ, კლავდნენ ანგარებისთვის და სიამოვნებისთვის. მომწამვლელ ხსნარს გეოლოგიის ინსტიტუტში დასაქმებული ახლობლისგან ყიდულობდნენ, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ივანიუტინებს ტალიუმი ვირთხების მოსაწამლად სჭირდებოდათ.

გამოძიების მასალების თანახმად, თამარა ივანიუტინამ მკვლელობების სერია საკუთარი ქმრიდან დაიწყო, რათა მისი ბინა ხელში ჩაეგდო. მეორედ გათხოვების შემდეგ თამარამ იმქვეყნად დედამთილ-მამამთილი გაისტუმრა, რომლებსაც ახალი რძალი თავიდანვე არ მოეწონათ.

ივანიუტინამ ქმარიც მოწამლა. ქალი ქმარს შხამის მცირე დოზებს ნაწილ-ნაწილ აძლევდა, რათა ჯერ ლოგინად ჩაეგდო და მერე მოეკლა და მისი სახლი ხელში ჩაეგდო.


ქმრებისა და მათი ოჯახის წევრების გარდა, ივანიუტინამ მოწამლა ქიმიის მასწავლებელი, ორი მოსწავლე, რომლებმაც მას კატლეტების ნარჩენები სთხოვეს შინაური ცხოველებისთვის და სკოლის ორგანიზატორი - ექიმებმა ამ უკანასკნელის გადარჩენა ვერ შეძლეს.

წინასწარი დაკავების საკანში ივანიუტინამ თანასაკნელებს თავისი ცხოვრებისეული პრინციპები ასე აუხსნა:

„იმისთვის, რომ სასურველს მიაღწიოთ, საჩივრების წერა საჭირო არაა. პირიქით, ყველასთან უნდა იმეგობროთ და ვინც „საჭიროა“, უნდა მოწამლოთ“.

სასამართლოზე ივანიუტინას ოჯახის წევრების მიერ მოწამვლის 40 ეპიზოდი დამტკიცდა, საიდანაც 13 სასიკვდილო შედეგით დასრულდა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ივანიუტინამ უარი თქვა დანაშაულის აღიარებაზე და მსხვერპლთა ახლობლებისთვის ბოდიშის მოხდაზე.

ივანიუტინას სიკვდილით დასკა მიუსაჯეს, მის დას - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, დედ-მამას კი 10 და 13 წლით. თამარას მშობლები ციხეში გარდაიცვალნენ, მისი დის ნინას შემდგომი ბედი კი უცნობია.

ასევე, საინტერესოა:

როგორ იყენებდა საბჭოთა КГБ დაზვერვაში ლამაზ ქალებს?

ჰიტლერის დეგუსტატორის აღსარება

როგორ გადაურჩა დახვრეტას მეცნიერი, რომელმაც სტალინი მოატყუა?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!