როგორ გადაურჩა დახვრეტას მეცნიერი, რომელმაც სტალინი მოატყუა?
19:13 ხუთ. 30 სექტემბერი, 2021 წელი

მას შემდეგ, რაც მსოფლიო პროლეტარიატის ბელადი - ვლადიმერ ლენინი საკმაოდ ახალგაზრდა, 53 წლისა გარდაიცვალა, სსრკ ხელმძღვანელობამ სიცოცხლის გახანგრძლივების გზებზე ფიქრი დაიწყო. ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მეცნიერი საოცარი ბედის ადამიანი - ალექსანდრე ბოგომოლეცი გახლდათ.
ბოგომოლეცი 1881 წელს, კიევის ლუკიანოვსკაიას ციხეში დაიბადა, სადაც დედამისი სამხრეთ რუსეთის მშრომელთა კავშირის საქმეზე სასჯელს იხდიდა. მალე ბავშვი ნათესავებმა ციხიდან სახლში წაიყვანეს, დედა კი ციმბირში, ტუბერკულოზით გარდაიცვალა.
ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ალექსანდრე ბოგომოლეცი ენდოკრინოლოგიისა და ნერვული სისტემის სფეროებში კვლევით საქმიანობას შეუდგა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მან „ნაადრევი სიკვდილის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი“ შექმნა. ბოგომოლეცი ცდილობდა, მეცნიერულად დაემტკიცებინა, რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის 150 წლამდე გაზრდა სრულიად შესაძლებელია.
მეცნიერი, რომლის დედა საყოველთაო თანასწორობის იდეას შეეწირა, ოქტომბრის რევოლუციას სიხარულით შეხვდა. ბოგომოლეცი და მისი კვლევის თემა ბოლშევიკებსაც მოეწონათ - ბუნებრივია, სოციალისტურ ქვეყანაში ხალხი დიდხანს და ბედნიერად უნდა ცხოვრობდეს.
ბოგომოლეცი აცხადებდა, რომ მან უკვდავების ელექსირი შექმნა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში შემაერთებელი ქსოვილის განადგურებას ხელს შეუშლის და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 150 წელი გახდება. 1939 წელს გამოქვეყნდა ბოგომოლეცის წიგნი „სიცოცხლის გახანგრძლივება“.
60 წლის სტალინი სულაც არ იყო წინააღმდეგი, რომ 150 წელი ეცოცხლა, ამიტომ ბოგომოლეცის კვლევას სერიოზულად მიუდგა. თავდაპირველად მან კვლევების გასაიდუმლოების განკარგულება გასცა - კაპიტალისტებს უკვდავების რეცეპტი ხელში არ უნდა ჩავარდნოდათ. რა თქმა უნდა, ბელადს არც ბოგომოლეცის ღირსეულად დასაჩუქრება დავიწყებია - მეცნიერს სტალინური პრემია, სოციალისტური შრომის გმირის წოდება და ლენინის ორი ორდენი გადაეცა.
1946 წელს, 65 წლის ალექსანდრე ბოგომოლეცის გარდაცვალებამ სტალინის გეგმებს და იმედებს წერტილი დაუსვა. ხალხის ბელადის მრისხანებას საზღვარი არ ჰქონდა. „მან ყველა მოგვატყუა“ - იმეორებდა გაბრაზებული ბელადი. ცხადია, მალე ბოგომოლეცის ყველა კვლევა უტოპიურად და არამეცნიერულად გამოცხადდა, ხოლო მისი კვლევითი ინსტიტუტები დაიხურა.
ყველაფრის მიუხედავად, ბოგომოლეცის ყველა ნაშრომი უსარგებლო არ ყოფილა. მისი სისხლის გადასხმის მეთოდმა ომის დროს წითელი არმიის ბევრი ჯარისკაცი გადაარჩინა. საბოლოოდ, მეცნიერის სიკვდილის მიზეზად დაძაბული მუშაობა და გადაღლა დასახელდა.
🔰:
იცით, რომ სტალინის დროს პენსია ყველას არ ეძლეოდა?
10 ჩვევა, რომელიც საბჭოთა ეპოქის ადამიანებს შემორჩათ
4 სისხლიანი ტრაგედია, რომელსაც საბჭოთა კავშირი დიდხანს მალავდა
სიახლეები ამავე კატეგორიიდან