ურთიერთობა

გელა ჩარკვიანი: ბავშვობიდან „მოვიპარავდი“...

fun time

14:12 სამ. 9 ნოემბერი, 2021 წელი

გელა ჩარკვიანის
ბავშვობის მოგონებები

14
დაკოპირებულია

რას იხსენებს ბავშვობიდან 1938-53 წლებში ქვეყნის მეთაურის ერთადერთი ვაჟი, ცნობილი ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი... გელა ჩარკვიანი.

ბავშვობაში ვოცნებობდი...

თვითმფრინავების მართვაზე... სისწრაფე მიყვარდა... სხვათა შორის, 8 წლისამ მანქანა მოვიპარე - ამერიკული ვილისი. მაშინ მამაჩემი, მოგეხსენებათ, ქვეყნის პირველი პირი იყო და ბევრი მანქანა გვემსახურებოდა. ერთ-ერთი ისეთი იყო, რომლიდანაც მძღოლი გასაღებს ვერ იღებდა. ჩავჯექი, დავქოქე და წავიყვანე... მთელი დაცვა დამდევდა. ბოლოს, როცა უნდა გამეჩერებინა, მუხრუჭს ვერ მივწვდი და ხეს დავაჯახე...

ბავშვობაში ჩემთვის ამოუცნობი იყო...

9-10 წლის ასაკში ფილოსოფიური აზროვნება დავიწყე. იცით, საიდან იწყება ფილოსოფია? ციდან... ეს სოფელში დამემართა, სადაც ბიძაშვილებთან და მამიდაშვილებთან ერთად ხშირად დავდიოდი. დავწვებოდით, ვუყურებდით ცას და ვფიქრობდით: როგორ იწყება ან მთავრდება სივრცე? როგორ შეიძლება დაიწყოს დრო? ოდესმე თუ დაიწყო, რა იყო მანამდე?

ბავშვობის სიყვარული...

ჩემი პირველი სიყვარული იყო ზღვა... ყვინთვა მიყვარდა და როცა ჩავყვინთავდი, სულ ვგრძნობდი კონტაქტს საუკუნეების წინათ ჩაძირულ გემებთან ელადაში, ომების დროს, შეიძლება ტროას ომის დროსაც...

ბავშვობის სურნელი...

ბავშვობის სურნელი ისევ ზღვაა, პლაჟისა და ზღვის... და კიდევ, რასაკვირველია, წიწვის. ბაკურიანი იყო ჩვენი ზამთარი.

მშობლებს ვუმალავდი...

სკოლაში ან ეზოში გოგო თუ მომეწონებოდა, შესაძლოა, მხოლოდ ეს არ მეთქვა. თანაც, ბავშვობაში სულ დაცვა დამყვებოდა და რა უნდა დამემალა?

ადგილი, რომელიც ბავშვობიდან ყველაზე მეტად მიყვარდა...

ჩვენი ორსართულიანი სახლი იდგა სწორედ იმ ადგილას, სადაც ახლა მთავრობის კანცელარიაა. სწორედ ამას აღვწერ ჩემს წიგნში: „...ვფიქრობდი სიახლეებზე, რაც მელოდა. ჯერ ისიც არ ვიცოდი, რა ერქმეოდა ჩემს თანამდებობას, თუმცა შენობის საკითხი იმ დროისთვის უკვე გადაწყვეტილი იყო. სახელმწიფო კანცელარია, სახელმწიფო მინისტრი და პრეზიდენტი განთავსებულნი იყვნენ ყოფილი კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის შენობაში. იმ ადგილას, სადაც მრავალი წლის წინათ იდგა სახლი, სადაც ადრეული ბავშვობა გავატარე. წინასწარ განვიცდიდი იმ უჩვეულო ემოციურ მდგომარეობას, რომელშიც აღმოვჩნდებოდი. უცნაური შეგრძნებაა, უნდა იმყოფებოდე იმავე სივრცეში, სადაც პირველად გაიაზრე, რომ შენ ხარ შენ, იმავე კუთხით ხედავდე იმავე ხეებს, ბუჩქებსა და ბალახს, უკვე სხვა შენობიდან - შენობა ახალია - და მეტიც, ცხოვრობდე სხვა სახელმწიფოში“. (ბიოგრაფიული წიგნიდან „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“).

საჩუქარი, რომელიც ყველაზე მეტად გამიხარდა...

ომი ახალი დამთავრებული იყო, როცა ერთ-ერთმა სამხედრომ ჩამომიტანა გერმანული ელექტრომატარებელი თავისი რკინიგზით, გენიალურად გაკეთებული ვაგონებით, ულამაზესი ორთქმავალით... კიდევ, ძალიან მიყვარდა ნაძვის ხე, თოვლის ბაბუას დადგმაც შეიძლებოდა, არ იყო აკრძალული.

ჩემი საყვარელი მულტფილმი...

დისნეის „ბემბი“. ჩვენთან, სახლში მოდიოდა მექანიკოსი და ფილმებს უშვებდა.

ჩემი საყვარელი ზღაპარი...

მიყვარდა ანდერსენის ზღაპრები, გრიმის, ქართული ზღაპრები. ანდერსენის ზღაპრები ყველაზე მეტად მომწონდა.

ჩემი საყვარელი გმირი...

უკვე მოზრდილ ასაკში მიყვარდა ფენიმორ კუპერის წიგნები ამერიკელ ინდიელებზე და ჩინგაჩგუკი იყო ჩემი საყვარელი გმირი.

ჩემი საყვარელი წიგნი...

ჯეიმს ფენიმორ კუპერის „უკანასკნელი მოჰიკანი“.

ლექსი, რომელიც პირველად ვისწავლე...

ლექსებს თვითონ ვწერდი. პოემას ორი წაკითხვით ვიმახსოვრებდი. აქამდე მახსოვს ყველაფერი... თავიდან ძალიან მიყვარდა ლექსად დაწერილი პუშკინის ზღაპრები.

სიმღერა, რომელიც ბავშვობას მახსენებს...

დედაჩემს გენიალური სმენა ჰქონდა, ხალხური სიმღერები უყვარდა და ხშირად მღეროდა „გაფრინდი, შავო მერცხალოს“. ეს სიმღერა ბავშვობიდან მახსოვს.

ბავშვობიდან „მოვიპარავდი“...

სიმართლე გითხრათ, ყველაფრის თავიდან გავლა არ მინდა. როდესაც დრო მოდის, რომ დაამთავრო, უნდა დაამთავრო... მით უმეტეს, თუ იღბლიანი ხარ და ამდენ ხანს იცოცხლე. თავისთავად სიცოცხლეც ძნელია. მიიხედ-მოიხედეთ, რამდენი ადამიანია წასული სულ ახალგაზრდა. მე არაფერს წამოვიღებდი ბავშვობიდან...


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!