ურთიერთობა

ღალატი თუ პოლიტიკური სიბრძნე? რატომ არ გადაარჩინა რომანოვები ბრიტანეთის მეფემ ჯორჯ V-მ, რომელიც ნიკოლოზ II-ის დეიდაშვილი იყო

fun time

16:00 პარ. 20 იანვარი, 2023 წელი

ნიკოლოზ II და ჯორჯ V

14
დაკოპირებულია

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციისა და რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ, ბრიტანეთის სამეფო სახლმა ნიკოლოზ II-ს, ოჯახთან ერთად, თავშესაფარი შესთავაზა, თუმცა შეთავაზება მალევე გააუქმა. რატომ მოხდა ასე და რა როლი შეასრულა ინგლისის მეფემ ჯორჯ V-მ რომანოვების ტრაგიკულ ბედში? 

1918 წლის 17 ივლისს ნიკოლოზ II, მისი ცოლი და ხუთი შვილი ეკატერინბურგში, ინჟინერ იპატიევის სახლში (Дом Ипатьева) იყვნენ დაპატიმრებულები. ღამით, დაახლოებით, სამ საათზე, იმ საბაბით, რომ ქალაქში არეულობა იყო და რომანოვები სარდაფში უფრო უსაფრთხოდ იქნებოდნენ პატიმრები სარდაფის მსგავს ოთახში ჩაიყვანეს.

ფოტოზე: იპატიევის სახლი, სადაც რომანოვები დახვრიტეს

მოულოდნელად, კომენდანტმა იაკობ იუროვსკიმ სამეფო ოჯახისთვის გამოტანილი სასტიკი განაჩენი წაიკითხა. ამ დროს ალექსანდრა ფედოროვნა და მისი ავადმყოფი ვაჟი ალექსეი სკამებზე ისხდნენ, სამეფო ოჯახის დანარჩენი წევრები კი კედელთან იდგნენ. იმპერატორს და მის ოჯახს მოსმენილის გააზრების დროც არ ჰქონდათ. რა? - დაბნეულად იკითხა ნიკოლოზ II-მ, მაგრამ ტყვიების ზუზუნმა მისი ხმა ჩაახშო.


იმ ღამეს რუსული მონარქია დასრულდა, მაგრამ რატომ არ სცადეს იმპერატორის და მისი ოჯახის გადარჩენა ევროპულ სამეფო ტახტებზე მსხდომმა რომანოვების მრავალრიცხოვანმა ნათესავებმა? რატომ არ გაუწოდა ინგლისის მეფემ, ჯორჯ V-მ საკუთარ დეიდაშვილს დახმარების ხელი. ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ მას ასეთი შესაძლებლობა ჰქონდა და შეგნებულად არ გამოიყენა.

ფოტოზე: ნიკოლოზ II ალექსანდრეს ძე - რუსეთის ბოლო იმპერატორი 1894-1917 წლებში, პოლონეთის მეფე, ფინეთის დიდი ჰერცოგი, ოჯახთან ერთად

როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ნიკოლოზ II-სა და ჯორჯ V-ს?

ეს ფოტო 1913 წლის 24 მაისს, ბერლინში, პრინცესა ვიქტორია ლუიზას ქორწილშია გადაღებული.

ფოტოზე: ნიკოლოზ II (მარცხნივ) და ჯორჯ V (მარჯვნივ)

ფოტოზე რუსეთის იმპერატორისა და ინგლისის მეფის გარეგნული მსგავსება შეუიარაღებელი თვალით ჩანს.

ახალგაზრდა მონარქებს თვისებები და გემოვნება მსგავსი ჰქონდათ - ორივე მორცხვი იყო და ხმაურიან წვეულებებს მშვიდი, ოჯახური საღამოები და ბუნებაში დასვენება ერჩივნა.
მათი დედები დები იყვნენ - დანიის მეფის კრისტიან IX-ს (დანიის მეფე 1863–1906 წლებში) ქალიშვილები.

ზაფხულის არდადეგებს დეიდაშვილები დედების სამშობლოში ატარებდნენ, ამიტომ მათი მეგობრობა ბავშვობიდან დაიწყო. ეს მეგობრობა იმდენად ძლიერი იყო, რომ ჯორჯის ბებიის ვიქტორიას პროტესტმაც კი ვერ შეარყია. საქმე ის არის, რომ ყირიმის ომის შემდეგ დიდი ბრიტანეთის დედოფალი რუსებს მტრებად მიიჩნევდა, თუმცა თანდათან გული მოულბა. ამასთან, ნიკოლოზს ვიქტორიას ულამაზესი შვილიშვილი ალისა ჰესენი შეუყვარდა. ამ ქორწილმა რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ნიკოლოზი და ჯორჯი პირველ მსოფლიო ომში ბარიკადების ერთ მხარეს იბრძოდნენ. როდესაც რუსეთის იმპერიაში რევოლუცია დაიწყო, ინგლისის მეფეს ნიკოლოზისა და მისი ოჯახის ბედი ძალიან აღელვებდა. 1917 წლის 19 მარტს თავისი დეიდაშვილისთვის ნიკოლოზ II-სთვის გაგზავნილ წერილში ჯორჯ V წერდა: „გასული კვირის მოვლენებმა ძალიან შემაწუხა. ჩემი ფიქრები ყოველთვის შენთანაა და მე ყოველთვის შენი ერთგული მეგობარი ვიქნები.“

თუმცა, ისტორიის შეცვლა შეუძლებელია. გადამწყვეტ წუთს, როდესაც ნიკოლოზ II-სა და მის ოჯახს სასიკვდილო საფრთხე დაემუქრა, „ერთგულმა მეგობარმა“ დეიდაშვილმა ზურგი აქცია.

როგორ შემცირდა სამეფო ოჯახის გულშემატკივართა წრე?

მე-20 საუკუნის დასაწყისში ნიკოლოზ II -ის ევროპელი ნათესავები რუსეთის იმპერატორს პატივისცემით ეპყრობოდნენ. თავად რუსეთში კი სამეფო ოჯახის მიმართ რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება იყო.

იმპერატორი რუსების თვალში ამპარტავანი მმართველი იყო, რომელსაც თავისი ქვეშევრდომების პრობლემები არ აღელვებდა. გარდა ამისა, ხალხის უკმაყოფილება მონარქიის მიმართ იზრდებოდა, რასაც 1905 წლის რევოლუცია მოჰყვა. მაშინ მშვიდობის შენარჩუნებისთვის იმპერატორს შიდაპოლიტიკურ დათმობებზე წასვლა მოუწია, მაგრამ მას შემდეგ რომანოვები არა მხოლოდ საკუთარ ხალხს, არამედ ნათესავებსაც დაშორდნენ.

იმპერატორის ცოლის ავადმყოფობისა და შვილის - ალექსეის პროგრესირებადი ჰემოფილიის გამო, რომანოვების ხშირ სტუმრებად სახალხო მკურნალები და მაგები იქცნენ. იმპერატორს ხშირად გრიგორი რასპუტინიც სტუმრობდა, რაც ევროპელ დიდგვაროვნებს განსაკუთრებით აღიზიანებდათ. რუსული ჯარების პირველ მსოფლიო ომში დამარცხება ბოლო წვეთი იყო - ამან რევოლუციური განწყობა გააძლიერა და 1917 წლის მოვლენები გამოიწვია.

ეჭვი, იმედი და პასუხისმგებლობა

1917 წლის 2 მარტს ნიკოლოზ II ტახტიდან გადადგა. ამ დღიდან რომანოვების ბედი განხილვის თემად იქცა. დროებით მთავრობას მშვენივრად ესმოდა, რომ რომანოვების რუსეთში დატოვება სარისკო იყო - პრომონარქისტული ჯგუფები ეცდებოდნენ ნიკოლოზ II-ის ტახტზე დაბრუნებას, რაც რევოლუციის გამარჯვებას საფრთხეს შეუქმნიდა. ამიტომ მთავრობა სერიოზულად განიხილავდა რომანოვების ქვეყნიდან გაშვების შესაძლებლობას. ახლა საჭირო იყო მხოლოდ მაღალი რანგის ნათესავების პოვნა, რომლებიც სამეფო ოჯახს შეიფარებდნენ.

ევროპელი მეფეები რომანოვების ბედზე პასუხისმგებლობის აღებას ვერ ბედავდნენ და ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: ომით დაღლილ ევროპელებს რუსეთის იმპერატორის დამხობა ახარებდათ და მას „სისხლიან ნიკოლოზსაც“ კი უწოდებდნენ, ასევე არ ივიწყებდნენ მისი მეუღლის გერმანული წარმომავლობას. გერმანიის მიმართ სიძულვილი ანტანტის სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში განსაკუთრებით ძლიერი იყო. სად იყო იმის გარანტია, რომ რომანოვების შეფარება ამ ქვეყნებში რევოლუციური განწყობების ზრდას არ გამოიწვევდა? ცხადია, ევროპელ მონარქებს გარისკვა არ სურდათ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რომანოვების შემდეგ სხვა სამეფო სახლების დაცემის საფრთხე გაჩნდა. თომას მანი ამ პერსპექტივით აღფრთოვანებული იყო, ჰერბერტ უელსი კი ევროპელი მონარქების მსგავსად, თავზარდაცემული.

ფაქტობრივად, რომანოვები ყველასთვის ტვირთად იქცნენ. სამშობლოს მათი თავიდან მოცილება სურდა, თუმცა უცხოეთში ისინი არასასურველი სტუმრები იყვნენ. თვეები გადიოდა, ძვირფასი დრო იკარგებოდა...

ფოტოზე: ნიკოლოზ II რომანოვი, მეუღლე ალექსანდრა ჰესენ-დარმშტადტელი (რომანოვი),

შვილები - ოლღა, ტატიანა, მარია, ანასტასია, ალექსეი

როდესაც ევროპელი მონარქები მიხვდნენ, რომ ყველაფერი სამეფო ოჯახის მკვლელობამდე მიდიოდა და ეს მათი ქვეშევრდომებისთვისაც ცუდი მაგალითი იქნებოდა, უკვე გვიან იყო.

რა გააკეთა „ერთგულმა დეიდაშვილმა“ რომანოვების გადასარჩენად?

ბრიტანეთის მთავრობამ სცადა ნიკოლოზისა და მისი ოჯახის გადარჩენა. დიახ, მთავრობამ, მაგრამ არა - „ერთგულმა დეიდაშვილმა“.

1917 წლის 22 მარტს ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამეფო ოჯახს უმასპინძლებს, თუმცა, ერთი კვირის შემდეგ ჯორჯ V-ს ასეთი თამამი გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა საეჭვოდ მოეჩვენა. მან ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მოუწოდა, რომანოვების საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციისთვის გადაეხედა.

ბრიტანეთის მთავრობა ცდილობდა, ჯორჯი დაერწმუნებინა, რომ მოწვევის გაუქმება ცუდი გადაწყვეტილება იქნებოდა, მაგრამ მეფე პოზიციის შეცვლას არ აპირებდა. 6 აპრილს მან საგარეო საქმეთა მინისტრს გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდა. როგორც ნიკოლოზ II-ის დეიდაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, სამეფო ოჯახი არა მეფემ, არამედ მთავრობამ მოიწვია. ასე რომ, ბრიტანეთის მეფრემ ყველაფერი გააკეთა, რათა რომანოვებს გადარჩენის ერთადერთი რეალური შანსი დაეკარგათ. რაც არ უნდა შემზარავად ჟღერდეს, ჯორჯ V-მ ბიძაშვილის სასიკვდილო განაჩენზე ირიბად ხელი მოაწერა.

რატომ არ დაეხმარა ჯორჯ V რუსეთის სამეფო ოჯახს?

დიდი ბრიტანეთის მეფეს, ისევე როგორც ევროპის სხვა მონარქებს, საკუთარ ქვეყანაში უკმაყოფილების ზრდისა და რევოლუციური მუხტის მატების ეშინოდათ. ფაქტობრივად, მას მონარქიის გადასარჩენად ნათესავი უნდა გაეწირა და ის ასეც მოიქცა. აღსანიშნავია, რომ გვირგვინის უსაფრთხოებაზე ნერვიულობა უსაფუძვლო არ ყოფილა.

საქმეში "არეულობა ქვეყანაში", რომელიც ჯორჯ V-ის პირადმა მდივანმა შეადგინა, არის ჩანაწერები იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედა რუსეთის სამეფო ოჯახის დამხობამ ინგლისში საზოგადოებრივ განწყობაზე: "მე შევნიშნე, რომ რუსული რევოლუციის შემდეგ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება მეფისა და სამეფო ოჯახის მიმართ შეიცვალა. ქუჩებში გაჩნდა ისეთი წარწერები, როგორიცაა: ჯანდაბაშიც წასულა მეფე, თავის ოჯახთან ერთად“.

მეფეს ყოველდღიურად აცნობდნენ, რამდენად მტრულად იყვნენ განწყობილნი ბრიტანელები რომანოვების მიმართ. ჯორჯს ნათესავების გადარჩენა აღარ შეეძლო და აღარ სურდა.
„ჯორჯმა თავისი დეიდაშვილი ნიკოლოზ II ტყვიებისთვის გაწირა, რათა უინძორების სახლი გადაერჩინა“, - ამბობს ისტორიკოსი პიერს ბრენდონი.

ფოტოზე: ჯორჯ V გაერთიანებული სამეფოს მეფე 1910-1936 წწ

1917 წლის 17 აპრილს დიდი ბრიტანეთის მეფემ "ისტორიული" (როგორც თავად უწოდა) გადაწყვეტილება მიიღო - მან მმართველი დინასტიის სახელი საქსენ-კობურგ-გოთა შეცვალა და უინძორების სახლის წევრებად მხოლოდ დედოფალ ვიქტორიას და პრინც ალბერტის შთამომავლები გამოაცხადა მამრობითი ხაზით. ამგვარად, მან არა მხოლოდ „უცხო ფესვები“ გადაჭრა, არამედ უარი თქვა ბევრ ნათესავზე, მათ შორის ნიკოლოზ II-ზე.

ამის წყალობით ტახტზე მისი ვაჟი ჯორჯ VI, შემდეგ კი მისი შვილიშვილი ელისაბედ II ავიდა, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახების ღირსებასა და პრესტიჟს უკანასკნელ დღემდე იცავდა.

წყარო: www.marieclaire.ru


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!