გზა ბავშვობიდან ეკლესიის საჭეთმპყრობლობამდე
14:26 ოთხ. 4 იანვარი, 2023 წელი
„ყოველ საღამოს, ძილის წინ, მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს გვიკითხავდა, ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა, მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა, შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმიდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმინდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა“, - ასე იხსენებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II თავის ბავშვობას.
პატრიარქის გვარის ისტორია
პატრიარქის გვარის შესახებ გადმოცემით ცნობილია, რომ ვახტანგ გორგასლის დროს, ერთ-ერთ ბრძოლაში ვინმე სნოს თავი გამოუჩენია. მეფეს მისი ვაჟი მოუნათლავს და ღუდუშაური დაურქმევია.
ღუდუშაურები სახელოვანი ვაჟკაცები ყოფილან. მათ შორის, სიმამაცით განსაკუთრებულად შიოლა ღუდუშაური გამოირჩეოდა. შიოლა ღუდუშაურის სახელი შთამომავლობას რომ დარჩენოდა, მისი პირდაპირი შთამომავლობიდან ზოგიერთმა შიოლაშვილების გვარი მიიღო.
პატრიარქის ოჯახი
ილია (ერისკაცობაში ირაკლი) ღუდუშაურ-შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა.
პატრიარქის მამის - გიორგი ღუდუშაურის ოჯახთან ბევრ სასულიერო პირს, მათ შორის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს ჰქონდა ურთიერთობა. საქართველოს მომავალი პატრიარქი სამი დღის იყო, როცა ქრისტესშობის დღეს, ძაუგის (ვლადიკავკაზის) ქართულ ეკლესიაში კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის ყოფილმა მდივანმა, არქიმანდრიტმა ტარასმა და მონაზონმა ზოილემ მონათლეს. ჩვილს, მეფე ერეკლეს პატივსაცემად, ირაკლი დაარქვეს.
გიორგი შიოლაშვილის შვილები თავიდანვე ეკლესიურ გარემოში იზრდებოდნენ. ოჯახი წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში დადიოდა. მომავალი პატრიარქი სამი წლის იყო, როცა სამთავროს მონასტერში კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს შეხვდა და მისგან ლოცვა-კურთხევა მიიღო.
სწავლის პერიოდი, სამეცნიერო შრომა და ბერად აღკვეცა
1952 წელს ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაურმა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა დაამთავრა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. მომავალმა პატრიარქმა სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და, როგორც საუკეთესო სტუდენტი, სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა. აკადემიაში სწავლის დროს დაწერა საკანდიდატო შრომა: „ათონის ივერიის მონასტრის ისტორია“, რისთვისაც ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა.
1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიის II კურსის 24 წლის სტუდენტი ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო ეპისკოპოსმა ზინობიმ შეასრულა და ბერს სახელად ილია უწოდა.
იმავე 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმინდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმინდეს ალექსი I-ის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელ-მონაზვნად.
სამშობლოში დაბრუნება და მოღვაწეობა
1960 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემიის პირველი ხარისხის დიპლომით დამთავრების შემდეგ, აკადემიის საბჭომ ილიას საპროფესორო სტიპენდიატად დარჩენა და სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში ლექციების წაკითხვა შესთავაზა, მაგრამ მღვდელ-მონაზონი ილია უწმინდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის კურთხევის თანახმად, სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად გამწესდა.
1960 წლის 19 დეკემბერს აყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში.
1963 წელს არქიმანდრიტი ილია სასულიერო სასწავლებლის „საღვთისმეტყველო კურსების“ პირველ დირექტორად დანიშნეს.
1963 წლის 26 აგვისტოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის მიერ, საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით, არქიმანდრიტი ილია ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად და დაინიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსად.
აჭარაში შვიდწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 1967 წელს ილია ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს, 1969 წელს კი მიტროპოლიტის ხარისხში აამაღლეს. მიტროპოლიტმა ილიამ სოხუმში 11 წელი დაყო. ამავდროულად იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი.
1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 390-400 წლებში).
ღვაწლის შედეგი
კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში გაიხსნა ეკლესიები და მონასტრები, აშენდა ახალი ტაძრები. თუ 30-35 წლის წინათ საქართველოში მხოლოდ 48 მოქმედი ეკლესია იყო, დღეს მათი რიცხვი 800-მდე გაიზარდა.
1990 წელს უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხანგრძლივი და დაუღალავი შრომით მართლმადიდებელმა სამყარომ ცნო საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ავტოკეფალია.
კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მოღვაწეობას უკავშირდება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში:
2002 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაიდო საკონსტიტუციო შეთანხმება, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და განისაზღვრა ეკლესიის ადგილი ქვეყნის ცხოვრებაში.
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, ბულგარეთის, სერბეთისა და თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი.
ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მიანიჭა. ასეთივე ხარისხი მიანიჭა 1997 წელს მას კრეტის მეცნიერებათა აკადემიამ.
2002 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდება მიანიჭეს.
უცხოელი მართლმადიდებელი მამები სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II შესახებ:
„ლიტურგიის ის უძველესი ტრადიციები, რაც საუკუნეების წინათ არსებობდა, მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაშია შემორჩენილი; ეს მხოლოდ უწმინდესი ილიას დამსახურებაა... ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი პატრიარქი ჰყავს; თქვენ ბედნიერი თაობა ხართ, რომ მის დროს ცხოვრობთ და იცნობთ მას, კურთხევას იღებთ მისგან. ეს უდიდესი მადლია...“ - ბერძენი ლიტურგისტი ქრისტოს კანავასი;
„უწმინდესი ილია საოცარი ადამიანია; ხშირად მასთან ურთიერთობისა თუ საუბრისას მიგრძნია, რომ ეს არ არის უბრალოდ ადამიანი, იგი ზეციური სტუმარია დედამიწაზე... ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი მწყემსმთავარი ჰყავს, რამეთუ მას გადაშენება არ უწერია“. - დეკანოზი ჰენრიკ პაპროცკი (პოლონეთი);
„ვფიქრობ, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სახით ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მამასთან გვაქვს საქმე; ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ გახლავთ; როდესაც იგი ათონის მთაზე ჩამობრძანდა, თვით უდიდესი მამებიც კი გაოცებულნი იყვნენ მისი სიბრძნითა და სულიერებით. ბედნიერია ქვეყანა, რომელსაც ასეთი მწყემსმთავარი ჰყავს. მე მჯერა, რომ ივერია გაბრწყინდება“, - ათონის მთის ზოგრაფის მონასტრის წინამძღვარი მამა ამბროსი.
„ეს საოცარი სულიერების მქონე ბერია, სწორედ ისეთი, როგორებიც ძველ ათონზე მოღვაწეობდნენ... ასეთ ადამიანებს პატივი უნდა მივაგოთ და თაყვანი ვცეთ, რადგან მათზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, ისინი გვიჩვენებენ სწორ მართლმადიდებლურ გზას“, - ათონის მთის ზოგრაფის მონასტრის წინამძღვარი მამა ბესარიონი;
„მე საქართველოს პატრიარქი ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი, როცა იგი ეპისკოპოსი იყო, კუნძულ როდოსზე, მართლმადიდებელთა სინოდზე. იგი გამორჩეულად თავმდაბალი ადამიანია, ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით აღსავსე. მთელი გულით უყვარს თავისი სამწყსო და ეწირება მას“, - ივერონის მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი მამა კალინიკე.
„საქართველოში პირველად ვარ და მან ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ უწმინდესი ილიას სახით მე ძველი დროის ბერი ვიხილე... იგი ძალზე უყვართ საქართველოში და განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ქართველებმა კიდევ არ იციან, რა არამიწიერი ღვთიური წყალობა მოუმადლებია მათთვის უფალს... ამით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თქვენ რჩეული ერი ხართ...“ - მღვდელმთავარი ნიკანორი, ათონის მთის ქილანდარის (სერბული) მონასტრის ანტიპროსოპი (წარმომადგენელი).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან