ურთიერთობა

ივანე მაჩაბლის გაუჩინარება: სასიყვარულო სამკუთხედის შედეგი თუ მტრის გეგმა?!

fun time

20:00 ხუთ. 13 იანვარი, 2022 წელი

ივანე მაჩაბლის
გაუჩინარების ამბავი

14
დაკოპირებულია

1898 წლის 26 ივნისს, გამთენიისას, ივანე მაჩაბელი, რომელიც უდიდესი მოვლენა იყო საქართველოს სინამდვილეში, საკუთარი სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. იმ ღამეს მაჩაბლებთან აკაკი წერეთელი სტუმრობდა...

⚜⚜⚜

მწერალი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური წევრი ივანე მაჩაბელი 1854 წლის 28 იანვარს სოფელ თამარაშენში, ძველი ფეოდალის ოჯახში დაიბადა.
დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, 1863 წლიდან კი სწავლა თბილისის გიმნაზიაში გააგრძელა.

ფოტოზე: ივანე მაჩაბელი სტუდენტობის წლებში

გიმნაზიის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, მაჩაბელი ცოდნის ასამაღლებლად ჯერ პეტერბურგში, შემდეგ კი გერმანიასა და საფრანგეთში გაემგზავრა. უცხო ენების ბრწყინვალედ ფლობისა და გამორჩეული ნიჭიერების წყალობით, საფუძვლიანად შეისწავლა ბიოლოგია, მათემატიკა, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა და იურისპრუდენცია.

1873 წელს მაჩაბელმა „სათავადაზნაურო ბანკის“ საქმეებზე პეტერბურგში ჩასული ილია ჭავჭავაძე გაიცნო და დაუახლოვდა.

ამავე ქალაქში გაიცნობს ივანე მაჩაბელი აკაკი წერეთელსაც. მეცხრამეტე საუკუნის ამ ორმა ბუმბერაზმა ადამიანმა გარკვეული კვალი დატოვა ივანე მაჩაბლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. მაჩაბელი ილია ჭავჭავაძესთან ერთად თარგმნის „მეფე ლირს“. ამ პერიოდში იწყება მათი მეგობრობა, მიუხედავად იმისა, რომ ასაკობრივი სხვაობა მათ შორის 18 წელია.

ივანე მაჩაბელი 1879 წელს საქართველოში დაბრუნდა. ამავე წლიდან ჯერ „ივერიის“ თანამშრომელია, შემდეგ - რედაქტორი. რედაქტორობდა გაზეთ „დროებას“.

ივანე მაჩაბელი ყველა იმ საზოგადოებრივი წამოწყების აქტიური მონაწილე გახდა, რომელსაც ილია ხელმძღვანელობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ იგი დღემდე აღიარებულია, როგორც შექსპირის ტრაგედიების ბრწყინვალე მთარგმნელი. ივანე მაჩაბელმა თარგმნა: „ჰამლეტი“ (1886წ.), „ოტელო“ (1888წ.), „მაკბეტი“(1892წ.), „რიჩარდ III“ (1893წ.), „იულიუს კეისარი“ (1896წ.), „ანტონიო და კლეოპატრა“ (1898წ.) და „კორიოლანოსი“ (1898წ.).

⚜⚜⚜

1881 წელს 37 წლის ივანე მაჩაბელი ანასტასია (ტასო) ბაგრატიონ-დავითაშვილზე დაქორწინდა.

ფოტოზე: ანასტასია (ტასო) ბაგრატიონ-დავითაშვილი ქორწინებამდე

ქორწინებას წინ საინტერესო ისტორია უძღოდა:

სანამ მაჩაბელი გაიცნობდა, ტასოს პირველად საჩხერეში ბეჟან წერეთელთან სტუმრად მყოფმა აკაკი წერეთელმა მოჰკრა თვალი და მისი სილამაზით მოიხიბლა. ამ დროს აკაკი 44 წლის იყო და საკუთარ თავს 15-16 წლის გოგონას შეყვარების უფლებას ვერ მისცემდა, თუმცა ტასოს ფიზიკურმა და გონებრივმა მშვენიერებამ სული აუფორიაქა.

თბილისში დაბრუნებულმა აკაკიმ თავისი შთაბეჭდილება ივანე მაჩაბელს გაუზიარა.
ამ საუბრიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ მაჩაბელმა ტასო გაიცნო. აკაკის მსგავსად, ივანე იმდენად მოიხიბლა გოგონათი, რომ მალევე ხელი სთხოვა.

ტასოსა და ივანეს ქორწილში აკაკიმ შთამბეჭდავი სიტყვა წარმოთქვა, თუმცა, ქორწილის შემდეგ საქართველო დატოვა და რუსეთში მცხოვრებ ცოლ-შვილთან გაემგზავრა.

როგორც ირკვევა, ივანე აკაკის ხშირად სწერდა წერილებს და ოჯახში ეპატიჟებოდა.

ფოტოზე: ივანე მაჩაბელი და ტასო ბაგრატიონ-დავითაშვილი მაჩაბელისა

მართლაც, საქართველოში დაბრუნებული მგოსანი მაჩაბლის ოჯახის ხშირი სტუმარი ხდება. სავარაუდოდ, ტასოსთან ხშირმა ურთიერთობამ აკაკის გრძნობები უფრო გააღვივა. ასე შეიქმნა საიდუმლო ტრფობის ობიექტისადმი მიძღვნილი ლექსების ციკლი: „ქებათა ქება“, „დიდება მაღალთა შინა“, „რაც არ იწვის, არ ანათებს“, „საიდუმლო ტრფიალება“, „ქრისტე აღსდგა“ და მრავალი სხვა.

⚜⚜⚜

არავინ იცის, ხვდებოდა თუ არა ივანე მაჩაბელი, რა ცეცხლი ტრიალებდა აკაკის გულში. ამ დროისთვის მაჩაბელი უკვე ტუბერკულოზით იყო დაავადებული და მძიმე ოპერაციის გადატანაც მოუწია.

დღემდე ისიც საიდუმლოებითაა მოცული, რა მოხდა 1898 წლის 26 ივნისის გამთენიისას ივანე მაჩაბლის სახლში, თუმცა ფაქტია, ამ დღის შემდეგ მაჩაბელი აღარავის უნახავს.

წინა დღეს მის სახლში განვითარებული ამბები კი ტრაგიკული დასასრულის საფუძველს არ იძლეოდა:

25 ივნისს ცოლ-ქმარს სტუმრად აკაკი წერეთელი ეწვია. სტუმარ-მასპინძელმა ისადილა, იმხიარულა და ნარდის თამაშით გაერთვო. 10 საათისთვის ყველა დასაძინებლად გაემართა. დილით კი საქართველომ თავზარდამცემი ამბავი შეიტყო - ვანო მაჩაბელი საკუთარი სახლიდან უგზო-უკვლოდ გაქრა.

ადგილზე იყო ვანოს საათი, ძეწკვი, პერანგის ოქროს ღილები და ფული, თავად კი არსად ჩანდა. ამაოდ ეძებეს მტკვარში, ტყეში, საავადმყოფოებში. ადამიანი ცამ ჩაყლაპა თუ დედამიწამ, ვერავინ გაიგო.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, ტასოსა და აკაკის გარდა, დაიკითხნენ მოსამსახურეები, „გოროდოვოი“ და უამრავი ადამიანი, თუმცა დაკარგულის კვალს ვერსად მიაკვლიეს.

მოწმეთა ჩვენებების თანახმად, მაჩაბელი ღამის 4 საათზე აივნიდან ვიღაცას ესაუბრა. შემდეგ კი ჩქარი ნაბიჯით გამოვიდა სახლიდან და გოლოვინსკის პროსპექტისკენ მარტო გაუყვა.
ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით, ვანო მარტო არ ყოფილა და მასთან ერთად, სერგეი ტოლსტოი (ლევ ტოლსტოის ვაჟი) იმყოფებოდა.

მოწმეების ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებმა გააჩინა ეჭვი, რომ ვიღაც დანაშაულის თანამონაწილე იყო და გამოძიებას კვალს შეგნებულად ურევდა, თუმცა ვინ იყო ეს ვიღაც, ბოლომდე გაუგებარი დარჩა.

⚜⚜⚜


მაჩაბლის გაუჩინარების შესახებ რამდენიმე ვერსია გაჩნდა:

1. ერთ-ერთ ვერსიად თვითმკვლელობა დასახელდა.
მავანთა აზრით, ცხოვრების კრიზისული პერიოდი, მძიმე და გადამდები სენი, რომლის წყალობითაც მაჩაბელს ცოლ-შვილთან შეზღუდული ურთიერთობა ჰქონდა, ილია ჭავჭავაძესთან საბანკო საქმეების გამო გართულებული ურთიერთობა და მძიმე ნერვული ფონი შესაძლოა, სასოწარკვეთილების მიზეზი გამხდარიყო. მით უფრო, თუ მისი მეუღლის მიმართ აკაკის ტრფიალის შესახებ იცოდა.

სხვანი კი ვანო მაჩაბლის ძლიერი ხასიათისა და რელიგიურობიდან გამომდინარე, თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავდნენ.

2. მეორე ვერსიით, ვანო მაჩაბელი მეზობლად მცხოვრები მაკო საფაროვა-აბაშიძის ტრფობას შეეწირა (მათ ახალგაზრდობაში უყვარდათ ერთმანეთი, თუმცა მაჩაბლის ოჯახი ეწინააღმდეგებოდა ივანეს დაქორწინებას განათხოვარ, შვილიან ქალზე).
ამ ვერსიის მომხრენი ამტკიცებდნენ, რომ ვანო მაკოზე გამიჯნურებული ილია ზურაბიშვილის (1872-1955) მსხვერპლი გახდა.

ფოტოზე: მაკო საფაროვა

3. არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის თანახმადაც, მაჩაბელი საქართველოდან მიმავალ დუხობორებს გაჰყვა (დუხობორები - სულისთვის მებრძოლნი. პროტესტანტული სექტა). სწორედ ამ ვერსიის მომხრეები საუბრობდნენ, რომ გაუჩინარების ღამეს ვანო „დუხობორების“ მფარველ სერგეი ტოლსტოისთან ერთად დაინახეს.

ამ ვერსიის მიხედვით, სერგეიმ ღამის 4 საათზე სახლიდან გამოიყვანა ივანე მაჩაბელი, რადგან თარჯიმანი სჭირდებოდა.
აღსანიშნავია, რომ მაჩაბლის გაუჩინარებიდან რამდენიმე დღეში ბათუმიდან „დუხობორებით“ სავსე სამი გემი გავიდა. აქედან ერთმა, რომელზეც, სავარაუდოდ, მაჩაბელი იმყოფებოდა, დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩაიძირა.

4. კიდევ ერთი ვერსიით, მაჩაბელმა ცოლს აკაკისთან მიუსწრო და მასთან ხელჩართული ჩხუბი გამართა. მძიმედ ავადმყოფი და დაუძლურებული მაჩაბელი თავად გახდა მოძალადის მსხვერპლი - თითქოს, აკაკის ტასო დაეხმარა და ქმარს თავში მძიმე შანდალი ჩაარტყა. შემდეგ კი თანამზრახველებმა გარდაცვლილი ადამიანი სარდაფში დამარხეს და დანაშაულის ყველა კვალი მოსპეს.

არის თუ არა ამ ვერსიებში სიმართლის მარცვალი, ამას ვერავინ იტყვის, თუმცა, ცნობილია, რომ აკაკი წერეთლის „გამზრდელი“, სადაც მეგობრის მოღალატე საფარ-ბეგის ამბავია მოთხრობილი, სწორედ ივანე მაჩაბლის დაკარგვის წელს დაიწერა. ისიც ცნობილია, რომ სიკვდილის წინ აკაკიმ ამ ნაწარმოების წაკითხვა ითხოვა და მოსმენისას ცრემლი ვერ შეიკავა, რაც ბევრმა დანაშაულის გრძნობით ახსნა.


რა თქმა უნდა, ეს საშინელი ჭორები აკაკისა და ტასოს ყურამდეც აღწევდა.

ერთ-ერთ წერილში ტასო წერდა: „მრავალი მეგობარი მყავდა მამაკაცთა შორის, მაგრამ მათზე არაფერი თქმულა, აკაკისთან დაკავშირებით კი ჭორები გავრცელდა იმის გამო, რომ ფიქრობდნენ, მას ქალთან წმინდა, ღრმა ურთიერთობა არ შეეძლო“.

⚜⚜⚜

საიდუმლოებით მოცულ გაუჩინარებასა და მასთან დაკავშირებულ ვერსიებზე „Funtime“-ს ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმის დირექტორი თამარ შუკაკიძე ესაუბრა:

- დიახ, ივანე მაჩაბლის გაუჩინარების შესახებ უამრავი ვერსია არსებობს, მაგრამ დანამდვილებით ვერავინ იტყვის, რომელია მათ შორის მართალი და რომელი მოგონილი. დღემდე ეს ამბავი ბურუსითაა მოცული.

პირადად მე არც ერთი ვერსია სარწმუნოდ არ მეჩვენება. ვანოს და აკაკი წერეთელს შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ და ძალიან დიდ პატივს სცემდნენ ერთმანეთს. არც მაკო საფაროვასთან ხდებოდა რამე განსაკუთრებული. მეგობრობდნენ და ჩვეულებრივი შეხვედრები ჰქონდათ, მაგრამ მათ შორის სიყვარულის არსებობაზე არაფერი მეტყველებს.

რაც შეეხება ვანოს და ტასოს, მათ შორის დიდი სიყვარული იყო. ერთმანეთი საზეიმო წვეულებაზე გაიცნეს და მაშინვე მოეწონათ. დიდი ხნის ურთიერთობა არ ჰქონიათ, რადგან მალევე დაქორწინდნენ და შესანიშნავი ოჯახი შექმნეს. ჰყავდათ ორი შვილი - ნიკო და ელენე.

ფოტოზე: ნიკო და ელენე მაჩაბლები, დედასთან ერთად

ვანო სრულიად ახალგაზრდა, 44 წლის იყო, როცა დაიკარგა. ტასო ბოლომდე მისი ერთგული დარჩა და აღარასოდეს გათხოვილა. ვანო მაჩაბლის შვილთაშვილები ცოცხლები არიან და მათთან ურთიერთობა გვაქვს. ესაა და ეს.

ფოტოზე: ივანე მაჩაბლის შვილი ელენე მაჩაბელი (ობსერვატორიაში მუშაობისას)

⚜⚜⚜

ცნობილია, რომ ივანე მაჩაბლის დაკარგვის შემდეგ თითქმის რვა წლის განმავლობაში აკაკი წერეთლის შემოქმედებაში სატრფიალო ლექსები აღარ გამოჩენილა.
1904-05 წლებიდან საიდუმლო ტრფობის ობიექტისადმი მიძღვნილი ლექსების ციკლი ისევ გაგრძელდა.

მკვლევარების ნაწილი დარწმუნებულია, რომ პირად ცხოვრებაში უბედური აკაკი ტასოს სიყვარულს სიკვდილამდე გულში ფარულად ატარებდა. ამბობდნენ იმასაც, რომ ტასო ბაგრატიონმა და აკაკიმ ზუსტად იცოდნენ, რა მოხდა მაჩაბლის გაუჩინარების ღამეს, თუმცა გამოძიების ხელთ არსებული დოკუმენტები მათთვის ბრალის წაყენების საფუძველს არ იძლეოდა.

აკაკი წერეთელი 1915 წელს გარდაიცვალა, ტასო - 2 წლის შემდეგ.

⚜⚜⚜

ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ მაჩაბლის გაუჩინარების ყველაზე სარწმუნო ვერსია მის პირად ცხოვრებას არ უკავშირდება - ამ დროს მზადდებოდა ნიადაგი ქართული სულის გასანადგურებლად. შესაბამისად, იწყებოდა ნადირობა ეროვნული მოძრაობის აქტიურ წევრებზე.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ივანე მაჩაბლის გაქრობაც შესაძლოა, იმ ძალებს უკავშირდება, ვინც საქართველოს დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე და ბევრი სხვა მამულიშვილი მოუკლა. უბრალოდ, ვანო მაჩაბელს ყველაზე ნაკლებად გაუმართლა - მას საფლავიც კი არ ეღირსა.

უდიდესი მამულიშვილის დაკარგვიდან საუკუნის შემდეგ საქართველომ ვანო მაჩაბლის მშობლიური სოფელი თამარაშენიც დაკარგა. დანგრეული და მიწასთან გასწორებულია მაჩაბლების ისტორიული სახლიც.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!