კამილ პისარო და ერთ ცალ ღვეზელში გაცვლილი შედევრი
16:00 პარ. 27 ოქტომბერი, 2023 წელი
მისი ნამუშევრები დღეს მილიონებად იყიდება. მას ევროპული იმპრესიონიზმის ფუძემდებლად მოიხსენიებენ, რადგან ამ ჟანრზე უდიდესი გავლენა მოახდინა. მან მიატოვა მაღალანაზღაურებადი სამსახური და თავი ფერწერას მიუძღვნა, თუმცა ამ საქმიანობას მისთვის შემოსავალი არ მოუტანია.
კამილ პისარო 1830 წელს ფრანგი კომერსანტის ოჯახში დაიბადა. ბავშვობა და ახალგაზრდობა ანტილიის კუნძულებზე (კარიბის ზღვას დასავლეთით) გაატარა.
1841 წელს პარიზის პანსიონში სასწავლებლად გაგზავნეს, სადაც ხატვით გატაცებულ პანსიონის დირექტორს დაუმეგობრდა. 6 წლის შემდეგ ანტილიის კუნძულებზე დაბრუნებული პისარო უკვე სერიოზულად არის გატაცებული ხატვით, თუმცა იძულებულია, მამის სავაჭრო საწარმოში იმუშაოს.
1855 წელს პარიზში მსოფლიო გამოფენის სანახავად ჩასული პისარო თავისი ცხოვრების მთავარ გადაწყვეტილებას იღებს - საფრანგეთის დედაქალაქში რჩება და ლემანის სახელოსნოში მუშაობას იწყებს.
„1852 წელს მაღალი ანაზღაურების მქონე კლერკი ვიყავი, მაგრამ დაუფიქრებლად მივატოვე ყველაფერი, რათა ბურჟუაზიულ ყოფასთან კავშირი გამეწყვიტა. ჩემი ახლანდელი ყოფა უმძიმესია, მაგრამ ყველაფრის თავიდან დაწყება რომ შემეძლოს, უყოყმანოდ იმავე გზას ავირჩევდი“, - წერდა თავის მოგონებებში მხატვარი.
***
პისარომ თავის საქმეს მიაგნო, თუმცა მხოლოდ სულიერი საკვები მშიერ კუჭს ვერ დაანაყრებს, მით უმეტეს, როცა სახლში ცოლი და რვა შვილი გელოდება.
მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში მყოფი მხატვრის დახმარება მისმა მეგობარმა ეჟენ მურერმა გადაწყვიტა. ფერწერა მასაც ძალიან უყვარდა და თავს იმპრესიონისტად მიიჩნევდა, თუმცა მურერის ძირითადი საქმიანობა საკონდიტრო წარმოება იყო. ის მშიერ მხატვრებს საკვებით ხშირად ამარაგებდა, რომლებიც მადლიერების ნიშნად, თავიანთ ნამუშევრებს ჩუქნიდნენ.
„დარწმუნებული ვარ, ჩემს სურათებს რომ ნახავენ, დამპალ ვაშლებს მესვრიან. პარიზისთვის ჩვენ ჯერ ისევ ბრბო და ბოდვა ვართ. შეუძლებელია, ხელოვნება, რომელიც ძველ წარმოდგენებს არღვევს, მიიღონ და დააფასონ. არა! ბურჟუა ბურჟუაა თავით ფეხამდე“, - წერდა 1878 წელს თავის მოგონებებში პისარო.
***
დიახ, პისაროს ნახატებს ძალიან ცოტა მყიდველი ჰყავდა, ამიტომ ეჟენ მურერმა ლატარია მოაწყო, სადაც პისაროს 4 ნახატი გაათამაშა.
ერთ-ერთი ტილო გოგონამ მოიგო, რომელსაც ფერწერაზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა, ამიტომ მოგებული ნახატი მურერს ერთ ცალ ღვეზელში გაუცვალა. პისარო ამის დანახვამ გაანადგურა, მაგრამ საღამოს მურერმა მას ლატარიის გათამაშებიდან შესული 100 ფრანკი გადასცა, რაც მხატვრის ოჯახისთვის კარგი შემოსავალი იყო.
***
80-იანი წლების დასაწყისიდან, მხატვრის ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. პისარომ აღიარებას სიცოცხლეშივე მიაღწია, როცა 60 წელს გადაცილებული გახლდათ.
კამილ პისარო. ავტოპორტრეტი. 1897-98 წწ.
პისაროს მეგობარს ეჟენ მურერს პისაროს ნახატების დიდი კოლექცია დაუგროვდა, თუმცა გამდიდრება ვერ მოახერხა, რადგან ფინანსური პრობლემების გამო მეგობრის ნახატების კოლექცია მანამ გაყიდა, სანამ ფასი დაედებოდა.
სხვათა შორის, იმპრესიონიზმის კიდევ ერთმა ფუძემდებელმა, კლოდ მონემ საკუთარი ნახატების კრედიტორებისთვის გადაცემას, მათი დაწვა ამჯობინა.
***
სავარაუდოდ, ერთ ცალ ღვეზელში გაცვლილი ნახატი ქვემოთ წარმოდგენილთაგან ერთ-ერთია:
ლონდონი. დალვიჩ კოლეჯი (Dulwich College). 1871 წელი
***
მონმარტრის ბულვარი გაზაფხულზე. 1879 წელი.
***
ეჟენ მურერი თავის საცხობ ღუმელთან. 1877 წელი.
***
ეჟენ მურერის პორტრეტი. 1878 წელი.
ესეც დაგაინტერესებთ:
იატაკის საწმენდად გამოყენებული შედევრები - 3 ისტორია არშემდგარ მილიონერებზე
ფერწერული შედევრები, რომლებიც ქურდობისას განადგურდა
„უთანასწორო ქორწინება“ - სკანდალური შედევრი, რომელმაც უამრავი ქორწილი ჩაშალა
„პიეტა“ - ერთადერთი შედევრი, რომელსაც მიქელანჯელომ ხელი მოაწერა
სიახლეები ამავე კატეგორიიდან