ლიანა ასათიანი: „კარგი შვილები წაუგებელი ბიზნესია...“
16:00 ოთხ. 26 იანვარი, 2022 წელი

დედა, შენს დაბადების დღეს მე რახმანინოვის მე-2 საფორტეპიანო კონცერტს ნიუ-იორკის „ლინკოლნ-ცენტრში“ დავუკრავ. ეს ყველაზე დიდი დარბაზია ნიუ-იორკში... შენი ადგილი ყოველთვის თავისუფალი იქნება. ვიდრე დავუკრავ, ის ყოველთვის შენ დაგელოდება, დედა!.. - სწერდა ლიანა ასათიანს თავისი ვაჟი, მსოფლიოში სახელგანთქმული პიანისტი ლექსო თორაძე, რომელიც 80-იანი წლების დასაწყისში უცხოეთში გასტროლებზე წავიდა და აღარ დაბრუნდა...
⚜⚜⚜
ქართველი კინომსახიობი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი ლიანა ასათიანი 1926 წლის 20 დეკემბერს თბილისში დაიბადა.
1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, თუმცა მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. ოცნება მალე აუხდა, 1942 წელს 16 წლის იყო, როცა თეკლა დედოფლის როლზე აიყვანეს მიხეილ ჭიაურელის ფილმში „გიორგი სააკაძე“.
„16 წლის ვიყავი, როცა „გიორგი სააკაძეს“ იღებდნენ. მთელ საქართველოში ეძებდნენ ხმელი ტანის გოგოს, ირიბი თვალებითა და არაბანალური სახით. მე და ჩემი მეგობრები მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლს ვესწრებოდით. ანტრაქტზე, ფოიეში, სურათების დასათვალიერებლად გავედით, უეცრად 2 სოლიდური პიროვნება მომიახლოვდა და ვინაობა გამომკითხა. მათ კინოსთვის სასინჯ გადაღებებზე დამიბარეს. სიხარულით ლამის გავგიჟდი.
რამდენიმე დღეში მიხეილ ჭიაურელთან გამოვცხადდი. უამრავი ხალხი დამხვდა, ერთი გაკნაჭული გოგო რომ დამინახეს, გაოცდნენ, მიხეილ ჭიაურელი კი აღფრთოვანებული შემომყურებდა. შემდეგ მომიბრუნდა და იქ მყოფთ ჰკითხა: მოგწონთ? ყველამ თავი დაუქნია, ბუმბერაზ რეჟისორს უარს ვინ გაუბედავდა?!“ - ლიანა ასათიანი.
ლიანა ასათიანის აქტიური კინომოღვაწეობა „გიორგი სააკაძის“ წარმატების შემდეგ დაიწყო. ლიანა ასათიანი თამაშობდა კოლმეურნეებს, გლეხის ქალებს, ქართლ-კახეთისა თუ სამეგრელოს დედოფლებს...
თეკლე დედოფალს მოჰყვა ციალა („ჭირვეული მეზობლები“, 1945), კამა („გაზაფხული საკენში“, 1950), ალექსანდრა ჯაფარიძე („მწვერვალთა დამპყრობნი“, 1952), მარინე ფერაძე („ჭრიჭინა“, 1954), ქეთევანი („ეთერის სიმღერა“, 1956), დედოფალი გურანდუხტი („მაცი ხვიტია“, 1961), თავადის ქალი მაია („ერთი ცის ქვეშ“, 1961)...
„თითქმის არც ერთი ფილმი არ მომწონდა ჩემი. მართალი გითხრათ, არც ვუყურებდი. ჩემს შემოქმედებაში ყველაზე წარმატებული როლი თავადის ქალი მაიაა. უფრო მეტიც, პირველად ვითამაშე როლი, რასაც ჰქვია… მე ვთვლი, რომ ლანა ღოღობერიძის ყველაზე კარგი სურათიც „თავადის ქალი მაიაა“, - ლიანა ასათიანი.
მსახიობი, თავისი კერპის გრეტა გარბოს მსგავსად, პირისპირ არასდროს შეხვედრია მაყურებელს. თუმცა, ეს დღეც დადგა. 2010 წლის 20 მაისს 85 წლის მსახიობს კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ ვარსკვლავი გაუხსნეს, სადაც მაყურებლის გარემოცვაში აღმოჩნდა.
⚜⚜⚜
ფასდაუდებელია ამ მსახიობის ღვაწლი შვილების ლექსისა და ნინოს წარმატებაში, თუმცა განსაცდელიც ბევრი გადაიტანა.
ლიანა ასათიანისა და დავით თორაძის ვაჟი, მსოფლიოში სახელგანთქმული პიანისტი ლექსო თორაძე 80-იანი წლების დასაწყისში გასტროლებზე წავიდა და უკან აღარ დაბრუნდა.
რამდენიმე თვეში მშობლებმა ლექსოსგან წერილი მიიღეს, რომელშიც ლექსო უცხოეთში დარჩენის მიზეზზე საუბრობს და იმასაც წერს, თუ რა მძიმე იყო მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება. მოკლე ამონარიდი წერილიდან:
„დედა, შენს დაბადების დღეს, 6 დეკემბერს, მე რახმანინოვის მე-2 საფორტეპიანო კონცერტს ნიუ-იორკის „ლინკოლნ-ცენტრში“, „ევერი-ფიშერის“ დარბაზში დავუკრავ. ეს ყველაზე დიდი დარბაზია ნიუ-იორკში, „კარნეგი-ჰოლზეც“ კი. შენი ადგილი ყოველთვის თავისუფალი იქნება. ვიდრე დავუკრავ, ის ყოველთვის შენ დაგელოდება, დედა! კონცერტიდან შემოსულ ანაზღაურებას, შენს სახელზე, მთლიანად შევწირავ ნიჭიერ და პერსპექტიულ ახალგაზრდებს. მთავარია, მინდა, მაგრად იდგე ამ განსაკუთრებით მძიმე საათებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი მე გამოვიწვიე, გახსოვდეს, ახლა ჩემთვის გაცილებით ძნელია, ვიდრე თქვენთვის, რადგან მე აქ სრულიად მარტო ვარ! გთხოვ, გაუძლოთ 2-3 თვე და შემდეგ ვეცდები, რაღაცით გაგახაროთ“.
ლიანა ასათიანი იყო პირველი დედა, რომელსაც „კაგებემ“ ნება დართო, საზღვარგარეთ წასული შვილი მოენახულებინა. ეს გადაწყდა უმაღლეს დონეზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჯორჯ შულცის ჩარევით. „1988 წელს ჩავედი ამერიკაში და ვნახე 5 წლის უნახავი შვილი“, - იხსენებდა მსახიობი.
დღეს ლექსო თორაძე 1991-2017 წლებში ქალაქ საუტ-ბენდეს (ინდიანას შტატი) უნივერსიტეტის პროფესორია. ამავე ქალაქში დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელიც მსოფლიოში აღიარებული მუსიკალურ-აღმზრდელობითი სასწავლებელია. ეწევა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას მსოფლიოს ცნობილ სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად. ჰყავს ორი ვაჟი - ალექსანდრე და დავითი, ორივე მუსიკოსია.
ნინო თორაძე 1991 წელს, ქმართან და 2 წლის შვილთან ერთად, ინგლისში გაემგზავრა საცხოვრებლად, სადაც მის მეუღლეს პრესტიჟულ კლინიკაში სამუშაო შესთავაზეს. მისი მეუღლე ბაჩი ექიმია, ხოლო ქალიშვილი ნინი მუსიკოსი. თავად ნინო იტალიური მოდის სახლის Ermenegildo Zegna-ს კონსულტანტია, მუსიკალური პროექტების მიმართულებით - ეს ბრენდი ცნობილია კლასიკური მუსიკის მხარდაჭერით და მუსიკოსების სასცენო ჩაცმულობაზე ზრუნავს.
2010 წლის 20 მაისს, ვარსკვლავის გახსნაზე ლიანა ასათიანი უბედნიერესი დედა იყო იმით, რომ გვერდს ამ დღისთვის უცხოეთიდან საგანგებოდ ჩამოსული შვილები ლექსო და ნინო თორაძეები უმშვენებდნენ.
„შეიძლება, კინოხელოვნებაში მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ, რაც მთავარია, კარგი შვილები აღვზარდე, კარგი შვილები კი წაუგებელი ბიზნესია...“ - ლიანა ასათიანი.
ლიანა ასათიანი 2014 წლის 8 ივლისს 87 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
⚜⚜⚜
„ლიანა ასათიანის სილამაზეში იყო ტრაგიკული, საბედისწერო რამ. სწორედ ეს ტრაგიკული, საბედისწერო რამ აქცევდა მას იმ სილამაზედ, იმ მშვენიერებად, რომლის სრულყოფილად ასახვა მხოლოდ ფრესკის შემოქმედთა პრეროგატივაა, ვინემ მხატვრების“. - ლანა ღოღობერიძე.
ლიანა ასათიანის ბოლო ინტერვიუ, გადაცემაში „დღის შოუ“, ტელეკომპანია „იმედი“, წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან