ურთიერთობა

ნიკოლა ტესლა და მტრედი - სიყვარულის ყველაზე უცნაური და მისტიკური ისტორია

fun time

14:00 ხუთ. 6 მაისი, 2021 წელი

ნიკოლა ტესლა

14
დაკოპირებულია

ამერიკელ ფიზიკოსს და გამომგონებელს, ნიკოლა ტესლას უბიწოების აღთქმა ჰქონდა დადებული, თუმცა ერთხელ აღიარა, რომ მტრედი შეუყვარდა.. შეუყვარდა ისე, როგორც  როგორც მამაკაცს შეიძლება ქალი შეუყვარდეს. 

უცნაური გენიოსის, ნიკოლა ტესლასა და თეთრი მტრედის ამბავი ამქვეყნად ყველაზე უცნაური და მისტიკური სიყვარულის ისტორიაა.

ტესლა აღიარებული გენიოსი, მეცნიერი და გამომგონებელი იყო, რომელსაც ფიზიკის სფეროში საოცარი აღმოჩენები ჰქონდა, მაგრამ პირად ცხოვრებაში ტესლა მარტოსული იყო.

რა თქმა უნდა, მას ნაცნობებიც ჰყავდა, მეგობრებიც და კოლეგებიც, მაგრამ საყვარელი ქალი - არასოდეს. ამბობდნენ, რომ მან გადაწყვიტა თავი მთლიანად მეცნიერებისთვის მიეძღვნა და უბიწოების აღთქმა დადო. ამასთან ტესლა ქალებს აღმერთებდა და მამაკაცებზე მეტად აფასებდა, მაგრამ არც ცოლი, არც საყვარელი არასოდეს ჰყოლია.

უცნაურ გენიოსს ერთი სისუსტე ჰქონდა - მტრედები უყვარდა... ისე უყვარდა, რომ ყოველდღე მიდიოდა მოედანზე, რათა ფრინველები საგანგებოდ შეძენილი მარცვლეული გამოეკვება.

მტრედები გამომგონებელს შორიდან ცნობდნენ. მხრებზე აფრინდებოდნენ, ეღუღუნებოდნენ და ეალერსებოდნენ. ერთხელ ტესლას, რომელიც მტრედების გამოსაკვებად მოედანზე მიდიოდა, ეტლი დაეჯახა და საავადმყოფოში აღმოჩნდა. მეცნიერს ფრთოსანი მეგობრები მკურნალობის დროსაც არ დავიწყებია და თანამშრომლებს მტრედების გამოკვება საგანგებოდ დაავალა. ეს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო! საავადმყოფოდან გამოწერისთანავე, ტესლა მოედნისკენ გაემართა და მონატრებულ დრინველებს საკვები მიუტანა.

ნიკოლა ტესლას საკუთარი სახლი არ ჰქონდა, ის სასტუმროებში ცხოვრობდა, სადაც უცნაური მეცნიერი დიდად არ მოსწონდათ - მან ნომერში რამდენიმე კალათა დადგა, რათა ფრენით დაღლილ მეგობრებს მასთან ფანჯრიდან შესვლა და დასვენება მოეხერხებინათ. ფანჯრის რაფები გამუდმებით მარცვლეულით იყო სავსე, რაც დამლაგებლების გაღიზიანებას იწვევდა - მათ ხომ ყოველდღიურად ფრინველების ექსკრემენტების წმენდა უწევდათ.

საქმე მხოლოდ ფრინველების სიყვარულში არ არის.

ნიკოლა ტესლას ერთი თეთრი მტრედი, ფრთებზე მუქი ლაქებით, გამორჩეულად უყვარდა. ის მასთან მიფრინავდა, როცა თავად სურდა ან როდესაც მეცნიერი თავისი ფიქრებით იხმობდა. ასე მხოლოდ სანატრელი ქალი უყვართ. ერთხელ მეცნიერი სამსახურში რამდენიმე დღე არ გამოჩნდა. როდესაც კოლეგები მისი გაუჩინარების მიზეზებით დაინტერესდნენ, გაარკვიეს, რომ ტესლას საყვარელი მტრედი ავად იყო და მას ოთახიდან გამოსვლა არ შეეძლო. „მან მიმანიშნა, რომ ავად იყო და რომ მოვლა სჭირდებოდა. ამიტომ მარტო ვერ დავტოვებდი“ - აღიარა მეცნიერმა.

გვერდიდან ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად ჩანდა: მაღალი, გამხდარი ფიზიკოსი და თეთრი მტრედი, რომელსაც ელოდა და უყვარდა...

ერთხელაც მათი განშორების დღე დადგა. მტრედი ტესლას ოთახში შეფრინდა, რათა საყვარელი მეგობარი უკანასკნელად ენახა და მოკვდა. ეს მეცნიერისთვის გაუსაძლისი დარტყმა და მძიმე დანაკარგი აღმოჩნდა.

ტესლა აგრძელებდა მტრედების გამოკვებას. ის უკვე საკმაოდ მოხუცი და ავადმყოფი იყო, გაღარიბდა და სასტუმროს დატოვებაც კი მოსთხოვეს, მაგრამ მოედანზე მაინც ყოველდღე გადიოდა და მტრედებს უკანასკნელი ფულით ნაყიდ მარცვლეულს აჭმევდა. მეცნიერი ქვეცნობიერად, ალბათ, ისევ თავის თეთრ მტრედს ელოდა. სინამდვილეში ხომ არავინ იცის, საიდან მოფრინავენ ან საით მიფრინავენ ჩიტები? იქნებ, ერთ მშვენიერ დღეს მისი თეთრი მტრედი სხვა ფრინველებთან ერთად მოფრინდეს? მოხუცი მეცნიერი ამ დღეს დიდი იმედებით ელოდა.

„მე წლების განმავლობაში ვკვებდი მტრედებს, ათასობით მტრედს.. მაგრამ ერთი თეთრი მტრედი, ფრთებზე ნაცრისფერი ლაქებით, სულ სხვა იყო. ეს იყო მშვენიერი ქალი, რომელსაც როგორც კი ვისურვებდი ან დავუძახებდი, მაშინვე ჩემთან მოფრინავდა. მე მიყვარდა ეს მტრედი, როგორც მამაკაცს ქალი უყვარს, მას კი მე ვუყვარდი. სანამ ის ჩემთან იყო, ცხოვრებაში მიზანი მქონდა“ - ასე მიწერა მეგობარს ნიკოლა ტესლამ.

ალბათ არ არსებობს მეცნიერი, რომლის სახელსაც იმდენი საიდუმლო უკავშირდებოდეს, რამდენიც ტესლას. მას ზოგი გენიოსად თვლიდა, ზოგიც - შეშლილად, თუმცა ის გიჟი არ იყო, ის უცნაური და ბრწყინვალე გახლდათ.

იქნებ თეთრი მტრედი მისთვის ქალის სულს განასახიერებდა, რომელსაც არასდროს შეხვედრია? ტესლას ტელეპორტაციის სწამდა. ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია - ასე სჯეროდა ტესლას და ყველას, ვინც მის ექსპერიმენტებში მონაწილეობდა.

მეცნიერი მთელი ცხოვრება თავისი მტრედის ერთგული დარჩა. ეს მისი ერთადერთი, სულიერი სიყვარული იყო. მალე თავადაც სამოთხეში ან სხვა რეალობაში გადავიდა, სადაც შესაძლოა, თავის სიყვარულს შეხვდა. შეხვდა სხვა სამყაროში, სხვა სახით, სხვა ენერგეტიკულ ველზე, რომლის შესახებაც ცდილობდა თანამედროვეებისთვის მოეთხრო, მაგრამ მისი არ ესმოდათ.

გენიოსის გაგება ძნელია, როგორც ძნელია სხვისი სიყვარულის გაგება. მეცნიერისა და თეთრი მტრედის სიყვარული, რომლის გულისთვისაც მზად ხარ, ათასობით ფრინველი გამოკვებო და მთელი ღამე ფანჯარასთან იდგე იმის მოლოდინში, რომ მოვა.

ალბათ ის მოვიდა და ისინი ერთად გაფრინდნენ. სად? ამას კი უკვე შემდეგ გავიგებთ, როდესაც ჩვენი გაფრენის დრო მოვა..


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!