რატომ დარჩა უცოლოდ ალექსანდრე ყაზბეგი?!
18:00 კვი. 22 აგვისტო, 2021 წელი

მკვლევარები დღემდე კამათობენ იმაზე, ვინ უყვარდა მწერალს, ვინ იყო ძიძიას პროტოტიპი, რატომ ჩაიშალა მისი ქორწილი გრაფის ასულთან და რატომ ვერ აიწყო პირადი ცხოვრება გარეგნობითა და ოჯახიშვილობით გამორჩეულმა სასურველმა სასიძომ და ნიჭიერმა ადამიანმა.
ალექსანდრე ყაზბეგის ცხოვრება რამდენიმე, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ეტაპისგან შედგება: მეფისწულივით ფუფუნებაში გატარებული ბავშვობა, როცა მასზე ორი ძიძა და რამდენიმე გამზრდელი ზრუნავდა, სიყვარულის ძიებასა თუ მისგან გაქცევაში გატარებული ახალგაზრდობა, მეცხვარეობის პერიოდი და დასასრული, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დადგა.
ზოგიერთი მკვლევარი მწერლის ცხოვრებისეულ პრობლემებს მის პირდაპირობას და ალალ ბუნებას უკავშირებს, სხვები კი მწერლის ტრაგედიას ბედისწერის უკუღმართობას მიაწერენ.
ალექსანდრე ყაზბეგი 1848 წელს სტეფანწმინდაში, ხევის მებატონის ოჯახში დაიბადა.
ფოტოზე: ალ. ყაზბეგის სახლი სტეფანწმინდაში
მამა მიხეილ ჩოფიკაშვილი ერთადერთ შვილს უზომოდ ანებივრებდა და ყველა სურვილს უსრულებდა.
მწერლის ნათესავი ელისაბედ ყაზბეგი იგონებდა: „ბიძაჩემს გაგიჟებით უყვარდა თავისი შვილი და ამას მხოლოდ იმით ამტკიცებდა, რომ ანებივრებდა და მეტად რყვნიდა თავის ერთადერთ მემკვიდრეს, თითქმის აღმერთებდა. ხშირად იტყოდა ხოლმე: ჩემმა ალექსანდრემ ოღონდ იცოცხლოს და თუნდაც სულაც ნურას ისწავლისო. რაც უნდა ის ქნას, როგორც ესიამოვნება, ისე იცხოვროსო“.
სხვაგვარად ფიქრობდა მწერლის დედა ელისაბედ თარხნიშვილი. ის ცდილობდა, შვილისთვის საუკეთესო განათლება მიეცა.
ფოტოზე: ალექსანდრე ყაზბეგი მშობლებთან ერთად
11-12 წლის ასაკში ყაზბეგი უკვე ფლობდა რუსულ და ფრანგულ ენებს. მამისგან უზომოდ განებივრებული ბავშვისთვის არ არსებობდა აუხდენელი ოცნება, თუმცა გადაჭარბებული ფუფუნება აწუხებდა და პროტესტს სახლიდან გაქცევითა და სოფლის ბიჭებთან თამაშით გამოხატავდა. ამას აკაკი წერეთლის ჩანაწერიც ადასტურებს: „მდაბალი ხალხი იმ თავითვე, ბავშვობიდანვე, უყვარდა, სული ბიჭებში მიუდიოდა და ვგონებ, მიზეზიც იგივე იყო, რომ რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ დიდი ხნით ცხვრის სამწყემსურში გადავიდა…“
1866 წლის 18 ივლისს მწერლის მამა მიხეილ ყაზბეგი გარდაიცვალა.
მამის გარდაცვალების შემდეგ, რამაც, დიდი მწუხარების გარდა, ოჯახს მატერიალური სიდუხჭირეც მოუტანა, ალექსანდრეს დედამ შვილის სასწრაფოდ დაქორწინება გადაწყვიტა. ბიძის ოჯახში ალექსანდრეს საცოლედ შერჩეული ქალი გააცნეს და დაჟინებით მოსთხოვეს მისი ცოლად შერთვა. მეორე დილით კი აღმოაჩინეს, რომ „სასიძო“ სახლში აღარ იყო - ბავშვობიდან პროტესტის უცნაურად გამოხატვას მიჩვეულმა ყაზბეგმა დედის გადაწყვეტილებაც გააპროტესტა და, მხლებელ ბიჭთან ერთად, მასპინძლის ოჯახიდან გაიპარა
მწერლის ბიოგრაფთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ალექსანდრე ნათესავ ქალზე (სავარაუდოდ, დიმიტრი ყაზბეგის დაზე) იყო შეყვარებული და ელისაბედ თარხნიშვილს შვილის სასწრაფოდ დაქორწინების გადაწყვეტილება ამან მიაღებინა. მკვლევარების ნაწილი კი ფიქრობს, რომ ალექსანდრე კი არა, მისი ნათესავი ქალი იყო ყმაწვილზე შეყვარებული და მწერალმა უარი ნათესაობისა და საპასუხო გრძნობების უქონლობის გამო უთხრა.
მეორე ვერსიით, ყაზბეგს, რომელსაც უბრალო ადამიანებთან ურთიერთობა ხიბლავდა, სადღაც მშვენიერი გლეხის ქალი გაუცნია და თავდავიწყებით შეჰყვარებია. ქალსაც გულში ჩავარდნია წარმოსადეგი ყმაწვილი, თუმცა მისი წარმომავლობა დაუძლეველ წინააღმდეგობად ქცეულა. არათუ დაქორწინება, ოჯახმა ალექსანდრეს იმ ქალთან ურთიერთობაც კი აუკრძალა. შეყვარებულ ქალს დარდისთვის ვერ გაუძლია, ჭლექით დაავადებულა და გარდაცვლილა. ამბობენ, რომ მწერალმა მისი ხატება თავის „ხევისბერ გოჩაში“ გააცოცხლა, თუმცა ამ ვერსიებიდან რომელია ყველაზე სარწმუნო, არავინ იცის.
დიდმა იმედგაცრუებამ და ტკივილმა 18 წლის ყმაწვილს საბოლოოდ გადააწყვეტინა რუსეთში წასვლა, თუმცა ზოგჯერ გენიოსებს ბედისწერა დასცინის - მწერალს, რომელიც საქართველოდან ტკივილებს გაექცა, რუსეთში უფრო დიდი ტკივილი ელოდა.
ფოტოზე: ალ. ყაზბეგი რუსეთში ყოფნის დროს
ყაზბეგი მოსკოვში სამეურნეო აკადემიის სტუდენტი გახდა. მატერიალურ სიდუხჭირეს მიუჩვეველი ახალგაზრდისთვის უფულობასთან შეჩვევა ძნელი აღმოჩნდა, მით უფრო, რომ ბოჰემური ცხოვრება დიდ ფულს ითხოვდა.
„მოსკოვში განთქმულს „ტვერსკოი“ ბულვარზედ ჩვეულებისამებრ ურიცხვი ხალხი დასეირნობდა...
გული დაუცხრომელი ტოლს ეძებდა, სული შფოთავდა და მიიბრძოლებოდა პატრონისაგან გაუგებარს საგნისკენ... ყველა ყმაწვილი კაცი დაეძებდა ტოლად ქალსა, ყველა მიდიოდა ლამაზმუშა
ქალებთან, მდაბლად, კოხტად. სიამოვნების ღიმილით ეუბნებოდა: „საღამო მშვიდობისა, ნებას მომცემთ თქვენთან ვიარო?“ და პასუხად ესმოდა: „დიდის სიამოვნებით!“ და ცოტა ტიტინის შემდეგ, ქალი, კაცითგან მიპატიჟებული, ხელგაყრილი კავალერის მკლავში, ჩაის დასალევად მიდიოდა. ჩაის მოსდევდა შტოფი არაყი და სელიოტკა, სიმღერა და შემდეგ... შემდეგ დამეგობრება, რომელშიაც ილეოდა ყმაწვილობის მილტოლვილება!..“ - ასე აღწერდა თავის მოსკოვურ ცხოვრებას ალექსანდრე ყაზბეგი.
მოსკოვში ყოფნის პერიოდში მწერალმა გრაფის მშვენიერი ასული ნინა ჩერნიშევ-კრუგლოვა გაიცნო. ძალიან მალე ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ, რასაც გრაფის ოჯახიც სიხარულით შეხვდა.
ნინა ჩერნიშევ-კრუგლოვასთან ქორწინება რომ მართლაც შემდგარიყო, არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მწერლის ცხოვრება, თუმცა სასიმამროს ოჯახში სუფრასთან მომხდარმა ინციდენტმა ყველაფერს წერტილი დაუსვა.
ახალგაზრდა ყაზბეგი სასიმამროს მეგობარი გენერლის შოვინისტურმა და დამპყრობლურმა იდეებმა იმდენად გააღიზიანა, რომ საცოლის ოჯახი დატოვა და, თხოვნისა და მობოდიშების წერილების მიუხედავად, იქ აღარასოდეს დაბრუნებულა.
მწერლის არსებაში პირად გრძნობაზე ძლიერი სამშობლოს სიყვარული აღმოჩნდა, ამიტომ დიდი ტკივილის მიუხედავად, ჩერნიშევ-კრუგლოვასთან ურთიერთობა გაწყვიტა. ნინას დაკარგვა ყაზბეგისთვის ტრაგედიად იქცა.
რუსეთში მყოფი ვერაფრით ახერხებდა ქალიშვილის დავიწყებას, ამიტომ 1870 წლის ნოემბერში სასოწარკვეთილი და განადგურებული სამშობლოში დაბრუნდა.
ქართველი მწერალი და პუბლიცისტი ანტონ ფურცელაძე ყაზბეგის დაბრუნებას ასე აღწერდა: „თლად მოშლილი, ჩაფუშული სახით, მოშვებული ტანით, მოღებული ჯანით, ჩამქრალი თვალებით. ასე რომ, დაბრუნებული თავის ქვეყანაში, ის ჩრდილიც არ იყო იმ მშვენიერი, ცოცხალი და მალხაზი ყაზბეგისა, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით წინათ“.
ამ დღიდან ალექსანდრე ყაზბეგის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო: მატერიალურად უზრუნველყოფილი ცხოვრება უკიდურესი გაჭირვების წლებმა შეცვალა. მწერალს ერთი პუბლიცისტური ბარათი აქვს ამის შესახებ: „საკვირველს ბედზედ ვარ გაჩენილი“.
სტეფანწმინდაში დაბრუნებულმა მიწა და ქონების ნაწილი გლეხებს დაურიგა, რაც ფული ჰქონდა, ბანქოში დახარჯა და ბოლოს მწყემსად წავიდა.
მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ მატერიალური სიდუხჭირე არაფერ შუაშია და ცხვარში წასვლა ნინა ჩერნიშევ-კრუგლოვას დაკარგვამ გადააწყვეტინა.
აქვე აღნიშნავენ, როგორ გაურბის მიუწვდომელ სიყვარულს ცხვარში წასვლით „ხევისბერი გოჩას“ მთავარი გმირი. ამასთანავე, ონისეს ისეთივე ვერცხლის ქამარ-ხანჯალი ამშვენებს, როგორსაც ყაზბეგი ბავშვობაში ატარებდა და ძიძიას გარეგნობაც ზედმიწევნით ემთხვევა მოსკოველი გრაფის ასულის გარეგნობას.
შესაძლოა, ძიძიას სახეშია გაერთიანებული ყველა ის სასიყვარულო განცდა და გრძნობა, რომელიც მწერალმა ახალგაზრდობაში განიცადა. ბედისწერამ მასაც თავისი მოთხრობის გმირების მსგავსი ტრაგიკული ბედი არგუნა.
თავის „ნამწყემსარის მოგონებებში“ მწერალი ცხვარში წასვლის სხვა მიზეზებს ასახელებს: „გადავწყვიტე, მეცხვარეობა დამეწყო და ამ ხელობის შემწეობით მომევლო მთა და ბარი, გამეცნო ხალხი და გამომეცადა ის შიში და სიამოვნებით სავსე ცხოვრება, რომელიც მწყემსს განუშორებლად თან სდევს“.
სხვათა შორის, ნაწარმოებში ყაზბეგი ირონიით აღწერს ეპიზოდს, რომელიც მთაში მატყლის საყიდლად ასულ ფრანგებსა და მას შორის მოხდა. უბრალო მწყემსი უცხოელებს უნაკლო ფრანგულით გამოელაპარაკა, რამაც მათი გაოცება გამოიწვია. მწერალი კი უწყინარი ხუმრობით არწმუნებდა, მთაში ყველა მწყემსი ჩემზე უკეთ ფლობს ფრანგულს ენასო.
მწყემსობის შემდეგ თბილისში დასახლებული მწერალი თავს ხან სასტუმროს, ხან რომელიმე ორგანიზაციის მიერ სამადლოდ გამოყოფილ ოთახს აფარებდა.
მალე დასასრულის დასაწყისიც დადგა...
თავისი ხევისბერის მსგავსად, 1886 წელს ალექსანდრე ყაზბეგს ფსიქიკის რღვევა დაეწყო. პროგრესული დამბლით დაავადებული 42 წლის ყაზბეგი თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს და იქვე გარდაიცვალა.
1893 წლის 22 დეკემბერს მწერლის ნეშტი სტეფანწმინდის მიწას მიაბარეს. „სიკვდილის შემდეგ კი შეინანა საზოგადოებამ, მის კუბოს მზე და მთვარეც დააყარეს, მაგრამ რაღა დროს?“ – სინანულით წერდა აკაკი წერეთელი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან