ურთიერთობა

რატომ უთხრა უარი სიყვარულზე პეტრე ჩაიკოვსკის დამ ახალგაზრდა ილია ჭავჭავაძეს?

fun time

16:00 პარ. 15 ოქტომბერი, 2021 წელი

ილია ჭავჭავაძე და საშა
ჩაიკოვსკაია

14
დაკოპირებულია

1858 წელს ილია, მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კამერალურ განყოფილებაზე (ფინანსური და ადმინისტრაციული დარგები) ჩაირიცხა. იმ დროისთვის პეტერბურგის უნივერსიტეტში ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი სწავლობდა.

ილიას სტუდენტობის პერიოდის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ინახავს მისი უახლოესი მეგობრის კონსტანტინე აფხაზის მოგონებები.
კოსტა აფხაზი გიმნაზიაშიც და უნივერსიტეტშიც ილიასთან ერთად სწავლობდა და მის გარშემო განვითარებული ყველა მოვლენის თვითმხილველი და მონაწილე გახლდათ.

კოსტა აფხაზის მოგონებებიდან ვიგებთ, რომ პეტერბურგში ილიამ ცნობილი რუსი გენერლის ილია ჩაიკოვსკის ასული და დიდი რუსი კომპოზიტორის პეტრე ჩაიკოვსკის და, ალექსანდრა, იგივე საშა ჩაიკოვსკაია გაიცნო და შეუყვარდა.

ილია ჩაიკოვსკი პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი იყო და შვიდი შვილი ჰყავდა - ზინაიდა (პირველი ცოლისგან), ნიკოლოზი, პეტრე, ალექსანდრა, იპოლიტი, მოდესტი და ანატოლი.

ილია ჩაიკოვსკის სტუმართმოყვარე ოჯახი ახალგაზრდების საყვარელი თავშეყრის ადგილი ყოფილა.
კოსტა აფხაზი იგონებს:

„პეტერბურგში ილია მეტად აღტაცებული იყო გენერალ ჩაიკოვსკის ქალით. ამ ოჯახში ხშირად დავიარებოდით და კარგადაც გვიღებდნენ და გვექცეოდნენ. მახსოვს, როდესაც პირველად მოვემზადეთ ამათთან სადარბაზოდ წასასვლელად, დიდ გაჭირვებაში ვიყავით. ერთი მუნდირი გვქონდა და მარტოკა არც მე მინდოდა წასვლა და არც ილიას. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ - დავიჭიროთ კარეტა, ერთად წავიდეთ და სახლთან რომ მივალთ, ჯერ ერთი შევიდეს მუნდირით და მეორემ კარეტაში მოუცადოს. როდესაც პირველი დაბრუნდება კარეტაში, გადასცემს მუნდირს ამხანაგს. ახლა ეს ჩაიცვამს და წავა სადარბაზოდ. ამგვარად დავაღწიეთ თავი უხერხულ მდგომარეობას.

1858 წლის 18 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ თავის დას ნინოს საინტერესო და მრავლისმეტყველი წერილი გაუგზავნა:

„ერთი რამა მაქვს შენთვის სათხოვარი და თუ გიყვარდე, თუ ჩემი მცირედი სიყვარული გაქვს, ამისრულე. ერთმა ქალმა ქალური ვერცხლისა ქამარი მთხოვა ხანჯლითა და დავპირდი. შენი ჭირიმე, ნინუცი, ნუ გამამტყუნებ იმ ქალთან, მერე უნდა იცოდე, რა ქალია! იმათ ოჯახში როგორც შვილი, ისე ვარ მიღებული, ასეთი დედ-მამა ჰყავს, რომ თავი შემაყვარეს. თუ შეიძლება, შენი სულის ჭირიმე, ნინო, სააღდგომოთ გამომიგზავნე. ვიცი, რომ გიყვარვარ..."

ფოტოზე: ალექსანდრა (საშა) ჩაიკოვსკაია

ამ ბარათიდანაც ჩანს, რომ ილია საშა ჩაიკოვსკაიას მიმართ გულგრილი არ გახლავთ, თუმცა მანამდე ილიას ალექსანდრასთვის უკვე ჰქონდა მიძღვნილი ლექსი, სადაც თავისი ყმაწვილური სურვილი ასე გადმოსცა:

„მაშინ დავსტკბები სულის სამოთხით, / როს, ვით მე გეტრფი, შენცა მეტრფოდე, / და ქალწულობის კრთომით, მორცხვობით / მე შენს სიყვარულს მეუბნებოდე, / მე დაგყურებდე ტრფიალებითა, / შენს ჩემს გულზედა თავი გესვენოს, / მწყუროდეს, მაგრამ კრძალულებითა / მე შენთვის კოცნა ვერ გამებედოს. / ვიშ, მაგ შენს ნარნარს გულის-ცემასა / ვით ლოცვით ბგერას, ლმობით ვისმენდე / და ცოდვილთ ფიქრთა
ზედ-მოსევასა/ შენის სიწმინდით ვიგერიებდე“.

ფოტოზე: ილია ჭავჭავაძე სტუდენტობის პერიოდში

საშასთვის მიძღვნილ ლექსებს ილია ადრესატის ინიციალებით აღნიშნავდა, ამიტომ კარგა ხანს ლექსების მუზად სოფიო ჩაიკოვსკაია (ალექსანდრას ბიძაშვილი) მიიჩნეოდა, თუმცა მოგვიანებით პროფესორმა გურამ შარაძემ დაადგინა, რომ ილიას ლექსების მუზა არა სოფიო, არამედ საშა, ანუ ალექსანდრა ჩაიკოვსკაიაა, რომელიც ხალისით მასპინძლობდა ქართველ თაყვანისმცემელს, მაგრამ საბოლოოდ სიყვარულზე უარი უთხრა და 1860 წლის ზაფხულში ცოლად გაჰყვა გრაფ ლევ დავიდოვს.

ფოტოზე: გრაფი ლევ დავიდოვი და გრაფინია ალექსანდრა დავიდოვა-ჩაიკოვსკაია

1860 წლის 21 ივლისს ილია წერს ლექსს „ს. ჩ-სას“:

„სატრფოვ! ხშირად ლაღი ფიქრი / გამიტაცებს სუბუქ ფრთითა, / ვითომც მე შენ მოგხვევივარ / სავსეს ეშხის სიამითა. / დასტკბი, გიჟო-მეუბნები, / აჰა ჩემი წრფელი გული! / ბაგე ბაგეს ჩავაკონოთ / და ჩავართათ სულთან სული! / თუმც ეს, ტურფავ, სიზმარია, მითაც სტკბება გული კრული... / თუ არ სიზმრით, მაშ რით დასტკბეს / უიმედო სიყვარული!“

ამ ლექსიდან აშკარად ჩანს, რომ ილიას საშა უყვარს, მაგრამ ეს სიყვარული ცალმხრივია და უიმედო.

22 ივლისს „ჩ…სას“ ინიციალებით მეორე ლექსი იწერება:

„ერთხელ მითხრა: „ცხოველ ქვეყნის ივერიის შობილი ხარ, / მაღალ მთების ქარიშხალით, ელვით, ჭექით გაზრდილი ხარ. / „მე ჩრდილეთის ველზედ ვყვავი, ზამთრის სუსხით დაჩაგრული, / შენს მხურვალს გულს ვითა გასცემს პასუხს ჩემი ცივი გული?! / ტურფამ ეგრე განირიდა ჩემი წმინდა სიყვარული / ჩანს ოდითვე დანიშნულა სამარტოოდ ჩემი გული

თავის კვლევაში გურამ შარაძე მიუთითებს, რომ, რადგან ლექსებს თარიღად 1860 წლის 21 ივლისი და 22 ივლისი აწერია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სწორედ 1860 წლის ზაფხულში გაუმჟღავნა საშა ჩაიკოვსკაიამ მასზე უიმედოდ შეყვარებულ ჭაბუკ ილიას თავისი საბოლოო გადაწყვეტილება დავიდოვზე გათხოვების შესახებ და ეს ლექსები ამ ამბისგან გამოწვეული ღრმა სულიერი განცდების შედეგია.

მურად მთვარელიძის თქმით, პეტერბურგის ცნობილი და ელიტური ოჯახის შვილმა არ მიიღო უბრალო სტუდენტის სიყვარული და კარგადაც მოიქცა, რადგან ჩაიკოვსკაიაზე დაქორწინების შემთხვევაში, შესაძლოა, ილიასაც იგივე მოსვლოდა, რაც ნატალია ბაზილევსკაიაზე დაქორწინებულ აკაკის მოუვიდა:

- ჩვენ ვიცით, როგორ დაინგრა აკაკი წერეთლის სულიერი სამყარო ნატალია ბაზილევსკაიასთან ქორწინების შემდეგ. მიხეილ ქვლივიძემ აკაკისადმი მიძღვნილ ლექსში არაჩვეულებრივად გამოხატა, რომ აკაკი იმყოფებოდა მდგომარეობაში, როცა „ოჯახში არ გაქვს სამშობლო და სამშობლოში არ გაქვს ოჯახი“.
არ არის გამორიცხული, რომ ილიასთანაც იგივე განმეორებულიყო და მადლობა ღმერთს, რომ ილიას შეხვდა ადამიანი, რომელმაც, ფაქტობრივად, ბევრი რამ განსაზღვრა მის ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ილია ყოველთვის ილია იქნებოდა, მაგრამ ოლღა გურამიშვილს მაინც უდიდესი წვლილი მიუძღვის მის ცხოვრებაში.

1861 წლის აპრილში ილია საქართველოში ბრუნდება, გაიცნობს ოლღა გურამიშვილს...

ფოტოზე: ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი

და იწყება ამაღლებული ურთიერთობა - ილიას და ოლღას ლეგენდარული სიყვარული!



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!