როგორ შეცვალა სექსმა მსოფლიო ისტორია
14:00 ხუთ. 13 მაისი, 2021 წელი

შერცხვენილი პრეზიდენტები, ომები, საეკლესიო რეფორმები და სამუდამოდ შელახული რეპუტაცია - როგორც აღმოჩნდა, სექსის შედეგი მხოლოდ ბავშვის გაჩენა არ არის...
ზოგჯერ რეალიზებული ან არარეალიზებული სექსუალური სურვილები საძინებელი ოთახის ფარგლებს სცდება და მთელი მსოფლიოსთვის არაპროგნოზირებადი შედეგები მოაქვს. ამ სტატიაში ჩვენ გიამბობთ, როგორ შეცვალა სექსუალურმა სურვილებმა 20 საუკუნის ისტორია.
ედუარდ VIII და უოლისს სიმპსონი
ეს იყო სიყვარული, რომელმაც რეალურად შეცვალა ისტორიის მსვლელობა. „მე ჩავთვალე, რომ შეუძლებელია მეფის მოვალეობა შევასრულო იმ ქალის დახმარებისა და მხარდაჭერის გარეშე, რომელიც მიყვარს,“ - განაცხადა ედუარდ VIII-მ და მომავალი მეუღლის, უოლის სიმპსონის გამო ტახტზე უარი თქვა.
ამ სიყვარულმა ძალზე დაამწუხრა ედუარდის მამა, მეფე ჯორჯ V. ის იმედოვნებდა, რომ მისი შვილის „გატაცება“ მალე დასრულდებოდა, მაგრამ მეფე ისე გარდაიცვალა, რომ რომანის დასასრულს ვერ მოესწრო.
მამის გარდაცვალებიდან მალე ედუარდ VIII ტახტზე ავიდა. მიუხედავად იმისა, რომ შეყვარებულებს შორის ურთიერთობა გაგრძელდა, ბრიტანეთმა ცოტა ხნით დაივიწყა სადავო სიყვარულის ისტორია. ახალ მეფეს ესმოდა, რომ სიმპსონზე დაქორწინებას შეიძლება ქვეყნისთვის უსიამოვნო შედეგები მოეტანა. ბრიტანეთის მთელი მმართველი ელიტა უოლისის წინააღმდეგი იყო, დაქორწინებულ მამაკაცებთან კავშირის გამო. ამასთან, განქორწინებულ ქალთან ქორწინებას უამრავი კონსტიტუციური პრობლემა ჰქონდა.
ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, მეფე ედუარდ VIII 1936 წლის 10 დეკემბერს ტახტიდან გადადგა, რაც მსოფლიო სენსაციად იქცა. იმავე წელს ჟურნალმა Time- მა უოლისს სიმპსონი „წლის ადამიანად“ დაასახელა. ბრიტანეთის სამეფო ტახტზე ედუარდის ძმა, ჯორჯ VI ავიდა, რომლის ქალიშვილი ელისაბედ II ამჟამად დიდ ბრიტანეთს მართავს.
ჯონ პროფიუმო და კრისტინ კელერი
ე.წ. პროფიუმოს საქმე დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სექს-სკანდალი გახდა. ამ ისტორიის მოქმედი გმირები არიან კრისტინ კელერი (აგენტობაში დადანაშაულებული ბრიტანელი მოდელი, „გოგონა გამოძახებით“, რომელსაც ურთიერთობა უამრავ მამაკაცთან ჰქონდა) და ჯონ პროფიუმო (დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი).
ამ ისტორიას შედეგად მინისტრის გადადგომა და დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების სისტემის დაზიანება მოჰყვა. ქალბატონმა კელერმა კი ამ ინტრიგით საკმაოდ კარგი სარგებელი ნახა.
ბილ კლინტონი და მონიკა ლევინსკი
კლინტონ-ლევინსკის ურთიერთობა თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სკანდალია. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც საზოგადოებამ აშშ-ს 49 წლის პრეზიდენტისა და თეთრი სახლის 22 წლის თანამშრომლის სექსუალური ურთიერთობის შესახებ შეიტყო.
ინფორმაციის გაჟონვას ხელი თავად ლევინსკიმ შეუწყო, რომელმაც პრეზიდენტთან კავშირის შესახებ თავის მეგობარს, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელ ლინდა ტრიპს უამბო. ამ უკანასკნელმა მონიკა ლევინსკისთან საუბარი ტელეფონზე ჩაიწერა და რამდენიმე წლის შემდეგ ადვოკატ კენეტ სტარს გადასცა, რომელიც კლინტონის საქმეებს იძიებდა.
ამ სკანდალს შედეგად კლინტონისა და ზოგადად, დემოკრატების რეიტინგის დაცემა მოჰყვა. გარდა ამისა, აშშ-ს 2000 წლის პრეზიდენტის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. ბევრი ანალიტიკოსის აზრით, რესპუბლიკელ ჯორჯ ბუშს არჩევნებში გამარჯვების საშუალება სწორედ დემოკრატ პრეზიდენტთან დაკავშირებულმა სექსუალურმა სკანდალმა მისცა.
დომინიკ სტროს-კანი და მისი ქალები
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექს-აღმასრულებელი დირექტორის სექს-სკანდალები 2008 წლის შემოდგომაზე დაიწყო, როდესაც თანამშრომელთან ინტიმურ ურთიერთობაში დაადანაშაულეს. მაშინ სტროს-კანმა ყველაფერი აღიარა, ბოდიში მოიხადა და მუშაობა გააგრძელა, თითქოს არაფერი მომხდარა.
მომდევნო წლების განმავლობაში, მისი პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ფრანგი ანალიტიკოსები სტროს-კანს პრეზიდენტობის ერთ–ერთ მთავარ კანდიდატად მიიჩნევდნენ, რომელსაც რეალურად შეეძლო 2012 წლის არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა..
2011 წლის 14 მაისს დომინიკ სტროს-კანი პირდაპირ თვითმფრინავში დააკავეს, როდესაც ნიუ იორკიდან პარიზში გასაფრენად ემზადებოდა. მას სასტუმროს თანამშრომლისთვის თავისუფლების იძულებით აღკვეთასა და გაუპატიურებში დასდეს ბრალი.
მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებამ სასტუმროს თანამშრომელი ტყუილში ამხილა და სტროს-კანს ყველა ბრალდება მოუხსნა, მან - სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა, ხოლო საფრანგეთმა მისი სახით მომავალი პრეზიდენტი დაკარგა.
ჰარვი ვაინშტაინი და ჰოლივუდის მსახიობები
2017 წლის შემოდგომაზე რამდენიმე ჰოლივუდელმა მსახიობმა კინოპროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ ძალადობაში საჯაროდ დაადანაშაულა. აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელმაც ტრანტინოს, უმა თურმანსა და სხვა ვარსკვლავებს კინემატოგრაფიის სამყაროს კარი გაუხსნა, ახალგაზრდა მსახიობებს კარიერული წინსვლის სანაცვლოდ, სექსუალურ ურთიერთობას აიძულებდა.
სწორედ „ჰარვის გოგონებმა“ (გვინეტ პელტროუ, აზია არჯენტო, ლეია სეიდუ და ა.შ.), მისცეს ისეთი ღირებული ჩვენებები, რის შემდეგაც გამოძიებაც აღარ იყო საჭირო. პროდიუსერი სასწრაფოდ გაათავისუფლეს საკუთარი კომპანიიდან, გარიცხეს ამერიკის კინემატოგრაფიის აკადემიიდან და გამოაცხადეს პერსონა ნონ გრატად ნებისმიერ პრესტიჟულ წვეულებაზე
ეს ამბავი ვაინშტაინით არ დასრულებულა. კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პერსონის მხილებამ უამრავი ადამიანს უბიძგა, რომ მსოფლიოსთვის სხვა მოძალადეების ვინაობა გაემხილათ. მხილებულთა შორის აღმოჩნდნენ: კევინ სპეისი, ჯეიმზ ფრანკო, ვაინშტაინის ძმა ბობი, სტივენ სიგალი, მაიკლ დუგლასი და ა.შ. ძალადობაში მხილებულებმა საზოგადოების მხარდაჭერის გარდა, კარიერის გაგრძელების შესაძლებლობაც დაკარგეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან