როგორ ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი (ფოტორეპორტაჟი)
14:00 სამ. 31 აგვისტო, 2021 წელი

მან უარი თქვა პრეზიდენტის სასახლეში ფუფუნებით ცხოვრებაზე და ისტორიაში ყველაზე ღარიბი პრეზიდენტის სახელით შევიდა.
დღეს 86 წლის ხოსე ალბერტო მუხიკა კორდანო, ურუგვაის პოლიტიკური მოღვაწე და ქვეყნის პრეზიდენტი 2009-2015 წლებში, მოკრძალებულ ფერმაში ცოლთან ერთად ცხოვრობს და ბოსტნეული მოჰყავს. მას ქვეყნის მოსახლეობა სიყვარულით „პეპეს“ ეძახის.
მისი პრეზიდენტობის პერიოდში ქვეყანაში უმუშევრობის დონე განახევრდა (18.5 პროცენტიდან 9.7-მდე), პირადი თვითმფრინავის ნაცვლად მოსახლეობისთვის სამაშველო ვერტმფრენი შეიძინა, ნობელის მშვიდობის პრემიაზე კი უარი განაცხადა. როცა მას ამის მიზეზი ჰკითხეს, ასე უპასუხა:
„- რაში მჭირდებოდა მედალი? ჩემი მედალია, როცა ქუჩაში თავისუფლად დავდივარ, ადამიანები მეხვევიან, ერთად ვსხდებით ბარში, მივირთმევთ ან ყავას ვსამთ.
მე არავინ დამსდევს, არავინ მლანძღავს, არავინ ეძებს ანგარიშებს ბანკში, რადგან არასოდეს მქონია.
ჩემი ქვეყნის ხალხის სიყვარულია ჩემთვის მედალიც, ნობელის პრემიაც და უფრო მეტიც.
მე პატარა ბავშვი არა ვარ, გულზე ჩამოსაკიდი სათამაშოები გამიხარდეს ან დიდ დარბაზში დაკრული ტაში.
მიხარია, როცა ტაშს ჩემი ხალხი მიკრავს და სიყვარულით პეპეს მეძახიან. აბა გაიხსენეთ რამდენ ლიდერს დაკიდეს ეგ მედლები და არც კი ეცხოვრებათ საკუთარ სამშობლოში. მე ყველაზე დიდი პრიზი მაქვს რასაც ჩემი ხალხის სიყვარული ჰქვია.
არ არსებობენ გლახა ერები, არსებობენ გლახა მმართველები და ამას მსოფლიოში ყველა ქვეყნის მოქალაქე ხედავს. გინდათ, რომ ადამიანებს უყვარდეთ? ამისთვის თქვენც უნდა გიყვარდეთ ისინი“.
მუხიკა ამ ფერმაში ცხოვრობდა პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროსაც. იმდროინდელი ხელფასის (პრეზიდენტის ხელფასი 12,500 დოლარია) უმეტეს ნაწილსაც ქველმოქმედებაში ხარჯავდა და ოჯახში მხოლოდ 1,250 დოლარს მოიხმარდა.
მისი ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი იყო 1987 წლის გამოშვების ავტომობილი Volkswagen.
პრეზიდენტობის შემდეგ სენატის წევრი იყო, საიდანაც საკუთარი ნებით წამოვიდა 2018 წელს და სენატის წევრის პენსიაზეც უარი თქვა.
***
მუხიკა 1935 წლის 20 მაისს მონტევიდეოში დაიბადა.
ახალგაზრდობაში, 1960-იან და 1970-იან წლებში, ის „ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა - „ტუპამაროსის“ წევრი იყო. საჭირო ფულისა და იარაღის მოსაპოვებლად „ტუპამაროსი“ ბანკებს, კაზინოებსა და იარაღის საწყობებს ძარცვავდა.
ამავე ორგანიზაციის წევრი იყო მისი მომავალი მეუღლე ლუსია ტოპოლანსკი.
მუხიკაც მათთან ერთად იყო ამ საქმეში: „არ ვგრძნობ, რომ შევცოდე ბანკების ძარცვით... მშვენიერი განცდაა, როდესაც ბანკში 45-კალიბრიანი პისტოლეტით შედიხარ. ეგრევე პატივისცემით გეპყრობიან“, - ღიმილით აღიარა პოლიტიკოსმა დოკუმენტურ ფილმში, რომელიც 2018 წელს მასზე ემირ კუსტურიცამ გადაიღო (El Pepe, una vida suprema).
იგი 1972 წელს დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს ლუსიაც და ახალი შეყვარებული წყვილი 13 წლით დააშორეს ერთმანეთს.
მუხიკამ ციხეში 13 წელი გაატარა. სასჯელის უმეტესი ნაწილი უფანჯრო სამარტოო საკანში მოიხადა. ის გაათავისუფლეს 1985 წელს, როდესაც ურუგვაიში 12-წლიანი სამხედრო დიქტატურა დასრულდა და დემოკრატიული გზით არჩეულმა ურუგვაის პრეზიდენტმა ხულიო მარია სანგინეტიმ ამნისტია გამოაცხადა.
მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 25 წლის შემდეგ ხოსე ალბერტო მუხიკა კორდანო ურუგვაის პრეზიდენტი და თავისი დროის ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსი გახდებოდა.
1985 წელს ხოსე მუხიკა და ლუსია ტოპოლანსკი ერთმანეთს ისევ შეხვდნენ. ოფიციალურად კი 2005 წელს დაქორწინდნენ.
მუხიკას ბევრჯერ უთქვამს, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთ რამეზე ნანობს - ციხეში გატარებულმა 13 წელმა მათ შანსი წაართვა, მშობლები გამხდარიყვნენ.
***
1986 წელს მუხიკა პირველად აირჩიეს მონტევიდეოს დეპუტატად. შემდეგ სენატორად დანიშნეს. მესაქონლეობის, სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის მინისტრიც იყო. 2009 წელს კი, 74 წლისა, პრეზიდენტი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბანკებში ანგარიშები არ აქვს, ხოსე მუხიკა თავს ღარიბად არ მიიჩნევს.
„ყველაზე ღარიბ პრეზიდენტს მეძახიან, მაგრამ მე არ ვარ ღარიბი. ღარიბები ისინი არიან, ვინ მხოლოდ იმისთვის მუშაობენ, რომ კომფორტში იცხოვრონ. მათ ყოველთვის უფრო მეტის მიღების სურვილი უჩნდებათ“, - ამბობს ხოსე მუხიკა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან