ურთიერთობა

უნდა ეძინოთ თუ არა მეუღლეებს ერთ საწოლში?

fun time

16:00 ხუთ. 18 თებერვალი, 2021 წელი

უნდა ეძინოთ თუ არა
მეუძლეებს ერთ საწოლში?

14
დაკოპირებულია

მსოფლიო ლიტერატურაში ქორწინების ყველაზე უსიამოვნო განმარტება  გი დე მოპასანს ეკუთვნის, რომლის აზრითაც, „ეს არის ცუდი განწყობის გაცვლა დღისით და ცუდი სუნის გაცვლა ღამით”. თუ გავითვალისწინებთ, რომ მწერლის ეპოქაში წყვილების უმრავლესობა ლოგინის ქვეშ ღამის ქოთნებს ინახავდა, გი დე მოპასანის პოზიცია გასაგებია. კანალიზაციის დანერგვის შემდეგ ეს პრობლემა მოიხსნა, მაგრამ ხვრინვა, პირღია ძილი, არცთუ ლამაზი პოზები და სხვა, მსგავსი უხერხულობები ყოველთვის არსებობს. 

ვისაც ჯეკ ლონდონის წიგნი „დიდი სახლის პატარა დიასახლისი“ წაუკითხავს, ემახსოვრება, რომ მთავარ გმირს ცალკე საძინებელი აქვს, ქმრის ლოგინს პერიოდულად სტუმრობს და მისი პრინციპული პოზიციაა - ჩემი საწოლი მხოლოდ ჩემი უნდა იყოს! მაგრამ მოსახლეობის უმეტესობას ჯეკ ლონდონის გმირივით დიდი სახლები არ აქვს.

კიდევ ერთხელ გადავხედოთ გეოგრაფიას და ისტორიას.

სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ხალხს რადიკალურად განსხვავებული წეს-ჩვეულებები ჰქონდა:

ზოგი თმებს იპარსავდა, ზოგი იზრდიდა; ზოგი სკამზე ჯდომას არჩევდა, სხვები ხალიჩაზე; ვიღაც კი სილამაზისთვის კბილებს შავად იღებავდა. სადღაც ჰარამხანები იყო, სადღაც მონოგამიური ქორწინებები, ინცესტი, კანიბალიზმი. ერთი სიტყვით, კანონებში, ნორმებსა და ჩვევებში სრული მრავალფეროვნება სუფევდა, მაგრამ ყველა ეპოქაში, ყველა ხალხს ერთი ზოგადი წესი ჰქონდა - „ცოლ-ქმარს ერთად სძინავს“.

საყოველთაოდ მიღებული წესიდან გამონაკლისები იყვნენ, სავარაუდოდ, ბაბილონის მეფეები, რომლებსაც ცოლებისა და მონა ქალების თანდასწრებით არასდროს ეძინათ და, რა თქმა უნდა, ორთოდოქსი ებრაელები და მუსლიმები, რომლებისთვისაც „კრიტიკული დღეების“ დროს ცოლთან ერთად ძილი ყოველთვის იკრძალებოდა.

სამაგიეროდ, ჩინეთში რადიკალურად განსხვავებული ვითარება იყო - აქ ათასწლეულების მანძილზე ცდილობდნენ, რომ ჩინეთის იმპერატორები ქალის მკლავებში დაძინებას გადასჩვეოდნენ.

ძველ ჩინეთში სჯეროდათ, რომ „ცის შვილს“ ცოლი ძალიან არ უნდა ჰყვარებოდა. ჰარამხანიდან იმპერატორთან ცოლი მოვალეობის შესასრულებლად საჭურისს შიშველი და ზურგზე მოკიდებული მოჰყავდა. ცნობისთვის, შიშველი იმიტომ, რომ იმპერატორის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთები არ მიეტანა (ასეთმა სიფრთხილემ არ გაამართლა და ერთ-ერთი იმპერატორი ცოლმა თმის სამაგრით დაჭრა).

შიშველი ცოლის იმპერატორის ოთახში შეყვანის შემდეგ საჭურისი ოთახის კარს იცავდა და მბრძანებელს ქალთან სიამტკბილობა ძალიან გაუგრძელდებოდა, საგალობლების ხმამაღლა გალობას იწყებდა და ამით ანიშნებდა, რომ ცოლის ჰარამხანაში დაბრუნების დროა.
ამ ხრიკების მიუხედავად, ზოგი ცოლი ახერხებდა იმპერატორი ქმარი დაერწმუნებინა, რომ საჭურისი გაეძევებინა და ერთად ძილის სიამოვნება განეცადა, რასაც შემდეგ მემატიანეები თავიანთ ქრონიკებში საკმაოდ უარყოფითად მოიხსენიებდნენ - ცოლთან ერთად ეძინა და სახელმწიფო საქმეებს სათანადო ყურადღებას არ აქცევდაო.

არადა, იმპერატორები არაფერს აშავებდნენ - ისინი მხოლოდ ინსტინქტს მისდევდნენ, რომელიც ძუძუმწოვრებში არსებობს და დაწყვილებული ცხოვრების წესს გულისხმობს.
ძუძუმწივრებში სიახლოვის უპირველესი ნიშანი სუნია. თვალების ფერი, ყურების ფორმა, კუდზე ლაქების რაოდენობა - მეათეხარისხოვანია.

ადამიანს, რა თქმა უნდა, ჰგონია, რომ მას, როგორც გონიერ არსებას, ამასთან არავითარი კავშირი არ აქვს და მხოლოდ ვიზუალური აღქმით მოქმედებს.

დიახ, ვიზუალური გამოსახულებები მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ჩვენი ცნობიერებისათვის, რომელიც შეიძლება ახალი პალტოთი ან პარიკით ძალიან ადვილად მოტყუო, მაგრამ ქვეცნობიერის მოტყუება შეუძლებელია. მას ესმის ნაცნობი ხმის ტემბრი, გრძნობს ნაცნობ სურნელს და იცის, რომ ეს მისია.

ქიმიოსიგნალების მეხსიერებაში დამაგრება მხოლოდ მჭიდრო და ხანგრძლივი ფიზიკური კონტაქტის შედეგად ხდება და ეს კონტაქტი მუდმივად უნდა განახლდეს.

რა თქმა უნდა, ჩვენ კატები არ ვართ, რომლებსაც საკუთარი შვილების სუნი ერთ კვირაში ავიწყდებათ, მაგრამ ექვსი თვის შემდეგ ჩვენი ქვეცნობიერი უახლოესი ადამიანების ქიმიური პორტრეტის დავიწყებასაც კი იწყებს. ამიტომ, გასაგები და ბუნებრივია, რომ მეუღლეებში ხანგრძლივი განშორების შემდეგ გაუცხოება და უხერხულობა ჩნდება.

ასე რომ, ცალ-ცალკე მძინარე მეუღლეები, სავარაუდოდ, სხვებზე დიდხანს შეინარჩუნებენ პირველი ვნების სურვილს, მაგრამ ნამდვილი სიახლოვის გრძნობა მხოლოდ მათ ექნებათ, ვინც ყოველღამ მეუღლის სუნთქვას, სურნელს და გულისცემას გრძნობს და ქიმიოსიგნალებს საშუალებას აძლევს, სხეულებსა და სულებს რთული ქიმიური ბმები დაუკავშირონ.
ესაა კავშირები, რომელთა გაწყვეტა მაშინაც კი რთულია, როდესაც ყველა ორგანო წუხს, რომ „ეს მსუქანი და მელოტი კაცი ის სულაც არაა, ვისზეც ვიქორწინეთ”. კავშირები, რომლებიც ლოგიკაზე და საღ აზრზე ძლიერია.
ასეთ სიყვარულზე ფილმები არის გადაღებული და რომანები დაწერილი.

ღირს კი ამ ყველაფრის სანაცვლოდ ლოგინში თავისუფლად წოლა? ალბათ არა, თუნდაც ძალიან ბევრი ოთახი და საწოლი გქონდეთ.

სხვათა შორის, ჯეკ ლონდონდონთან ცალკე ძილის მოყვარული დიდი სახლის პატარა დიასახლისის სიყვარული ტრაგიკულად დასრულდა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!