ურთიერთობა

ვინ იყო ქართველი ექიმი, ვინც რუსეთმა მენდელეევის გვერდით დაკრძალა!

ხათუნა გოგიშვილი

16:06 ხუთ. 16 სექტემბერი, 2021 წელი

ექიმი იუსტინე ჯანელიძე

14
დაკოპირებულია

დღეს მისი სახელობისაა ყველაზე დიდი სამედიცინო ცენტრი რუსეთის ფედერაციაში. ეს ლეგენდარული პიროვნება შესულია მსოფლიოს ყველა ენციკლოპედიასა და თანამედროვე სახელმძღვანელოში, როგორც პირველი ქირურგი, რომელმაც ოპერაცია მუშა გულზე გააკეთა

მსოფლიო კარდიოქირურგიის ერთ–ერთი პიონერი, ლეგენდარული ქირურგი, აკადემიკოსი, მედიცინის სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი, სოციალისტური შრომის გმირი იუსტინე ჯანელიძე - მან, 30 წლის ქირურგმა, 1913 წელს, პირველმა დედამიწის ზურგზე, შეძლო გულში ტყვიით დაჭრილი და აორტაგაგლეჯილი ადამიანის გადარჩენა!

„ეს ის გაბედული წარსულია, რომლის მხრებზეც ვდგავართ ჩვენ, დღევანდელი მოღვაწეობის კარდიოქირურგები, ახალი ათასწლეულის გამოწვევათა მიჯნაზე,“ - ასე მოიხსენებს ამ ოპერაციას შემდეგ, 2000 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში აშშ-ს ჰიუსტონის გულის ინსტიტუტი.

და ის უნიკალური ოპერაცია მხოლოდ დასაწყისი იყო...

დაიბადა 1883 წლის 2 აგვისტოს, სამტრედიაში. 1903 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია.

ჩააბარა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, სამედიცინო განათლების მიღება შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტში დაასრულა და იქვე 1909 წელს ფრანგულ ენაზე დაიცვა დისერტაცია.

1910 წელს რუსეთში დაბრუნდა და ლენინგრადში დაიწყო მოღვაწეობა.

სრულყოფილად ფლობდა ფრანგული, ინგლისური, გერმანულ ენებს.

1932 წელს დააარსა ლენინგრადის სასწრაფო დახმარების ინსტიტუტი, რომელიც 1950 წლიდან მის სახელს ატარებს, დღესაც მუშაობს და ყველაზე დიდია რუსეთის ფედერაციაში.

სანკტ-პეტერბურგის სამედიცინო ინსტიტუტში კი დღესაც გაიცემა იუსტინე ჯანელიძის ორი სტიპენდია.


მეორე მსოფლიო ომის დროს იუსტინე ჯანელიძე იყო სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარი ქირურგი. მინიჭებული ჰქონდა საბჭოთა კავშირში იმ დროს არსებული ყველა საპატიო წოდება და ჯილდო, იყო საბჭოთა კავშირის ქირურგთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. არ ყოფილა ქირურგიის არც ერთი განშტოება, სადაც მას არ ეთქვას თავისი ნოვატორული სიტყვა.
გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომა.

მის პატივსაცემად 50-მდე სამედიცინო მანიპულაციას დღესაც ჯანელიძის სახელი ეწოდება, როგორც აღმომჩენისა და პრაქტიკაში დამნერგავის.

უდიდეს ჰუმანისტს ყოველთვის პრიორიტეტად ჰყავდა პაციენტი, რომლისთვისაც არანაირ სამედიცინო მანიპულაციას არ უნდა მიეყენებინა ტანჯვა.

როგორც მის ერთ-ერთი მოწაფე, აკადემიკოსი გიორგი ზედგენიძის იხსენებდა, ჯანელიძე, რომელიც უდიდესი პედაგოგი იყო, ვერ იტანდა უღირს საქციელს…

ამასთან დაკავშირებით ბატონი გიორგი იხსენებს, როგორ გაათავისუფლა ჯანელიძემ სამსახურიდან ერთ-ერთი თავის მოწაფეთაგანი, რომელმაც საგაზეთო სტატიაში უარყო საკუთარი მამა, იმისათვის, რომ იგი იყო მღვდელი:

„თქვენ დღეს არ დაინდეთ და უარყავით საკუთარი მამა, ვინც თქვენ გაგზარდათ და მოგიარათ. ხვალ თქვენ შეიძლება, უარმყოთ მეც, თქვენი მასწავლებელი, შემდეგ საკუთარი სამშობლოც… მე და თქვენ ერთად ვეღარ ვიმუშავებთ…“

ვერ იტანდა მაამებლობას. ეს კარგად ჩანს ერთი ფაქტიდან, რომელმაც კინაღამ შეცვალა მისი ცხოვრება და ასეც მოხდებოდა, რომ არა მისი ნიჭი და უდიდესი მსოფლიო ავტორიტეტი.

კერძოდ კი, პროფესორი ჯანელიძე მეიოს კლინიკის ფონდის მიწვევით სამი თვით აშშ-ში მივლინებით იმყოფებოდა. იქიდან დაბრუნებულმა შემაჯამებელ სხდომაზე გამოსვლისას გულწრფელად აღიარა - 100 წლით ჩამოვრჩებითო ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამ სიტყვებისთვის მაშინ დასაჯეს იმით, რომ ოპერაციების გაკეთება აუკრძალეს და მხოლოდ საგანმანათლებლო საქმიანობის უფლება დაუტოვეს.

ამ ამბიდან 6 თვის შემდეგ სტალინის საყვარელ ქალიშვილს სვეტლანას დახმარება დასჭირდა. გოგონას მუცლის ტკივილები დაეწყო და ზუსტად ვერავინ ამბობდა მიზეზს. ბოლოს, სტალინის მოთხოვნით, ჯანელიძე მიიწვიეს. აპენდიციტი - უყოყმანოდ დასვა დიაგნოზი პროფესორმა ჯანელიძემ და ოპერაციაც გააკეთა.
ამის შემდეგ ლეგენდარულ ქირურგს კვლავ დართეს საქმიანობის ნება.

ამბობენ, გაბედული კაცი იყოო. უპარტიოს ვერცერთ თანამდებობაზე ყოფნისას ვერ გაუბედეს პარტიაში შესვლის შეთავაზება.

1947 წელს, რკინის ფარდის ჩამოშვების მიუხედავად, იუსტინე ჯანელიძე აირჩიეს საფრანგეთის ქირურგთა საზოგადოების საპატიო წევრად, ევროპის ქირურგთა საერთაშორისო ასოციაციის ნამდვილ წევრად.
ხოლო ამერიკამ, 2000 წელსაც კი გაიხსენა ჯანელიძის ღვაწლი მსოფლიო კარდიოქირურგიის ისტორიაში.

როგორც მისი ოჯახის წევრი, ექიმი ცინუკი ჯანელიძე ლეგენდარული ბიძისადმი მიძღვნილ წიგნში წერს:

„პრინციპულობითა და პირდაპირობით გამორჩეული ქართველი კაცი, რომელიც არასოდეს ჩამდგარა კომუნისტური პარტიის სამსახურში, პრაგმატულად მოაზროვნე მთავრობამ, იმდროინდელი ლენინგრადის ინტელიგენციამ და, რაც მთავარია, თითქმის მთელი ქალაქის მოსახლეობამ, 7 კმ-მდე გადაჭიმულმა სამგლოვიარო პროცესიამ 1950 წლის 17 იანვარს ლენინგრადის ვოლკოვის მემორიალურ სასაფლაოზე ფეხით მიაცილა და მენდელეევსა და პიროგოვს შორის მიაბარა მიწას."


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად