ფუმფულა დონატები - განსაკუთრებული საუზმე მარტივად
12:00 ორშ. 31 ივლისი, 2023 წელი

დონატი ამერიკულ დელიკატესად მიიჩნევა, მაგრამ არსებობს ვერსია, რომ ის „წარმოშობით“ევროპულია: ტრადიციულ ჰოლანდიურ საშობაო „ზეთის ბურთებს“ (oliebollen), რომლებიც უკვე ნახსენებია მე-16 საუკუნეში, დონატების ბაბუებად აღიარებენ. „ზეთის ბურთებში“ ნახვრეტის გაკეთების იდეა კი მეზღვაურ ჰანსონ გრიგორის ეკუთვნის, რომელმაც 1847 წელს წიწაკის ქილის სახურავით ამოჭრა ცნობილი ხვრელი, რათა „გულის ჩაცომება“ აერიდებინა თავიდან.
ჩვენი რეცეპტით დონატები მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ და ძალიან გემრიელია, განსაკუთრებით საუზმეზე ყავასთან ან რძესთან ერთად.
დონატის თხელი ცომი
საჭირო პროდუქტი
- ფქვილი - 200 გ.
- კვერცხი - 1 ცალი
- შაქარი - 3 ს.კ.
- ზეთი - 2 ს.კ.
- საფუარი - 4 გრ.
- თბილი რძე - 100 მლ.
მომზადების წესი
1. ღრმა ჯამში ჩაყარეთ 200 გრ ფქვილი, 4 გრ საფუარი, 3 ს/კ. შაქარი, 2 ს.კ. მცენარეული ზეთი, 1 კვერცხი და 100 მლ. თბილი რძე.
ყველაფერი კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ, დააფარეთ სუფრის ტილო და თბილ ადგილზე 2-3 საათით დატოვეთ.
2. ცომი ჯამიდან გადმოიღეთ, დაახლოებით, თითის სისქეზე გააბრტყელეთ და დონატის ფორმებით ამოჭერით.
3. ამოჭრილი დონატები წინასწარ ოთხკუთხედებად დაჭრილ საცხობ ქაღალდზე დააწყვეთ, ისევ სუფრის ტილო დააფარეთ და 20 წუთით დატოვეთ, რათა ცომი ოდნავ ამოვიდეს.
3. დონატებმა ფორმა რომ არ დაკარგოს, მდუღარე ზეთში ქაღალდებიანად ჩაალაგეთ. რამდენიმე წამის შემდეგ ქაღალდები ზეთიდან ამოიღეთ, დონატები კი საშუალო ცეცხლზე, ორივე მხრიდან შეწვით, სანამ ოქროსფერი არ გახდება.
გაითვალისწინეთ -
4. მზა დონატები ლითონის ბადეზე ან ქაღალდის ხელსახოცებზე გადაიტანეთ და გააცივეთ. შემდეგ კი გამდნარ შოკოლადში ამოავლეთ.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან