რამდენი ხანი სჭირდება სიმინდის მოხარშვას?
14:00 კვი. 14 აგვისტო, 2022 წელი

მოხარშული სიმინდი ზაფხულის დელიკატესია, რომელიც ბავშვებს და ზრდასრულებს ერთნაირად უყვართ. მოხარშული სიმინდი რომ გემრიელი გამოვიდეს, უნდა იცოდეთ მისი სწორად არჩევა და შემდეგ სწორად მოხარშვა.
თუ გსურთ, რომ ნაზი და წვნიანი მარცვლებით ისიამოვნოთ, სიმინდის „ახალგაზრდა“ ტაროები უნდა შეარჩიოთ - ანუ ისეთი, რომელსაც რომლებსაც ქორფა, მწვანე ფოჩები და რბილი, ერთმანეთთან მჭიდროდ მიკრული ღია ყვითელი ან თეთრი ფერის მარცვლები აქვს.
როგორ მოვხარშოთ სიმინდი
მოხარშვამდე სიმინდი ფოჩებისა და ულვაშებისგან კარგად უნდა გაწმინდოთ და გამდინარე წყალში გარეცხოთ.
სწრაფად რომ მოიხარშოს, სასურველია მოხარშვამდე სიმინდის ტაროები ცივ წყალში 40-60 წუთით დატოვოთ.
სიმინდის მოსახარშად თუჯის სქელკედლიანი ქვაბი აარჩიეთ. სიმინდი მჭიდროდ ჩააწყვეთ ქვაბში და ცივი წყალი დაასხით ისე, რომ ტაროებს 3 სმ-ით ფარავდეს. ქვაბს თავსახური დაახურეთ და მაღალ ცეცხლზე დადგით.
ადუღების შემდეგ ცეცხლს მინიმუმამდე უნდა დაუწიოთ, რადგან სიმინდის მაღალ ცეცხლზე ხარშვა არ შეიძლება.
როგორც წესი, სიმინდის ხარშვის დრო ადუღებიდან, არა უმეტეს, 20 წუთია.
სიმინდს უმარილო წყალში ხარშავენ, რომ არ გაუხეშდეს და წყალში მარილს სიმინდის ამოღებამდე 5 წუთით ადრე ყრიან.
მარცვლები რომ უფრო ნაზი გამოვიდეს, შეგიძლიათ ხარშვის დროს წყალში ცოტა შაქარი ან კარაქი დაამატოთ.
სიმინდის მზადყოფნა შეგიძლიათ ჩანგლით შეამოწმოთ. გირჩევთ სიმინდი ქვაბიდან ხარშვის დასრულებისთანავე არ ამოიღოთ. უმჯობესია, 10-15 წუთი „დაისვენოს“, რომ უფრო ნაზი და რბილი გამოვიდეს. მოხარშული სიმინდი ცხელი უნდა მიირთვათ. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ კარაქი წაუსვათ ან შავი პილპილი მოაყაროთ.
როგორ შევინახოთ მოხარშული სიმინდი?
თუ სიმინდის ერთბაშად შეჭმა ვერ მოახერხეთ, მის სწორად შენახვაზე უნდა იზრუნოთ. მარცვლების გემო რომ არ შეიცვალოს, სიმინდი აუცილებლად თავისივე წყლით, მაცივარში უნდა შეინახოთ. ასე პროდუქტის შენახვა 3 დღემდე შესაძლებელია.
სიმინდის მოხარშვა ზამთარში
ზამთრისთვის სიმინდს პოლიეთილენის ფირში გახვეულს ყინავენ ან კონსერვირებული სახით ინახავენ.
ზამთარში მოსახარშად გაყინულ ტაროებს პოლიეთილენის ფირს მოხსნით და გადნობის გარეშე, წინასწარ გაცხელებულ წყალში ჩაუშვებთ. გაყინული სიმინდი საშუალო ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში უნდა ხარშოთ. წყლიდან ამოღების შემდეგ მარილი მოაყაროთ და მიირთვათ.
რაც შეეხება დაკონსერვებულ სიმინდს, ის მზა კერძია, რომელმაც თერმული დამუშავება გაიარა და მოხარშვა აღარ სჭირდება, თუმცა შეგიძლიათ, ცხელ წყალში ჩააწყოთ და ადუღებამდე მიიყვანოთ. ზოგადად, როცა საქმე მოხარშულ სიმინდს ეხება, ბევრი რამ თქვენს გემოვნებასა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან