რატომ უნდა დაუმატოთ ყავას მარილი?
17:38

თურმე, ყავა ადამიანის ხასიათის გამოცნობაში გვეხმარება. ერთ-ერთმა ამერიკულმა სააგენტომ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ლატეს ირჩევენ ადამიანები, რომლებსაც კარგი იუმორის გრძნობა აქვთ. კაპუჩინო რომანტიკოსებსა და მეოცნებეებს უყვართ, ვისთვისაც გრძნობა გონებაზე უფრო მნიშვნელოვანია, ამერიკანოს მოყვარულები კი ცხოვრებისგან მაქსიმუმის მიღებას ცდილობენ. ამ ჩამონათვალში მარილიანი ყავის მოყვარულებზე არაფერია ნათქვამი, თუმცა მათი რაოდენობა მსოფლიოში სულ უფრო მეტად მატულობს.
ბევრ ქვეყანაში მრავალი წელია მარილიანი ყავა ისეთივე მიღებულია, როგორც ჩვენთან რძიანი და შაქრიანი.
მაგალითად, თურქეთში პატარძალი მარილიან ყავას მომავალი ქმრისა და მისი ოჯახისთვის ამზადებს. თუ საქმრო მარილიან ყავას სიამოვნებით დალევს, ეს ნიშნავს რომ მზადაა, მრავალი წლის განმავლობაში იცხოვროს პატარძალთან და სირთულეების არ ეშინია.
ტაივანში ყინულიან ამერიკანოს მარილიანი რძის ქაფს უმატებენ. ეს სასმლის სიტკბოს გასაძლიერებლად კეთდება.
სკანდინავიაში ყავას მარილს მოხარშვის შემდეგ უმატებენ, ხოლო ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ყავის მოსადუღებლად მარილიან წყალს იყენებენ.
მარილი ყავაში სიმწარეს ანეიტრალებს, გემოს ამდიდრებს და ხისტი წყლის გემოს არბილებს, მთავარია, მარილი ზედმეტი არ მოგივიდეთ.
***
2009 წელს, კვების ექსპერტმა ალტონ ბრაუნმა კულინარიულ შოუში „Good Eats“ ორიგინალური ყავა მოადუღა. მან ექვს ჩაის კოვზ დაფქულ ყავას მეოთხედი ჩაის კოვზი უხეში მარილი დაუმატა, რითაც სასმლის გემო მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრაუნი პირველი არ იყო, ვინც ყავას მარილი დაუმატა, დღეს ბევრი ამერიკელი ყავის მოყვარული მარილიან ყავას „ალტონ ბრაუნის ხრიკად“ მიიჩნევს.
***
სიახლეები ამავე კატეგორიიდან