BECKJAM - დევიდ ბეკჰემის საფირმო ჯემის რეცეპტი
19:14 სამ. 3 თებერვალი
ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბეკჰემი ბოლო დროს სოფლის მეურნეობამ გაიტაცა. თითქმის 10 წელია, ის ძირითად დროს თავის საყვარელ მამულში ატარებს. ფეხბურთელმა შეიძინა ქათმები და ყვავილებითა და ხილით სავსე ბაღს და ბოსტნეულის ნაკვეთს უვლის. როგორც ჩანს, ფეხბურთელმა ახალი ჰობიც იპოვა - მურაბებისა და ჯემების დამზადება. დევიდმა და ვიქტორიამ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ კრეფს ფეხბურთელი თავის ბაღში ქლიავს, როგორ რეცხავს და ჯემს ამზადებს.
ქლიავის ჯემი დევიდ ბეკჰემის რეცეპტით.
საჭირო პროდუქტი:
- ქლიავი - 1 კგ
- თეთრი შაქარი - 500 გრ
- ლიმონი - 1 ცალი.
მომზადების წესი:
1. ქლიავი კარგად გარეცხეთ, შუაზე გაჭერით და კურკები ამოიღეთ.
2. გასუფთავებული ქლიავი ქვაბში ჩაყარეთ, დაბალ ცეცხლზე დადგით და თავზე დააფარეთ. ქლიავი რომ დარბილდება, კარტოფილის საჭყლეტით ოდნავ დაჭყლიტეთ და წვენის გამოშვებამდე ხარშეთ.
3. ქლიავს შაქარი, ლიმონის წვენი და ერთი ლიმონის ცედრა დაამატეთ და კარგად მოურიეთ, რომ შაქარი გაიხსნას.
4. ცეცხლს ცოტა მოუმატეთ და ჯემი, დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში ხარშეთ, თან მუდმივად ურიეთ, რომ არ დაიწვას.
5. ჯემი ხელის ბლენდერით ათქვიფეთ, რათა ერთგვაროვანი გახდეს და თუ მზადაა, ცეცხლიდან გადმოდგით. ჯემის მზადყოფნა ასე შეამოწმეთ - ცოტაოდენი ჯემი ფინჯანზე დადეთ, გააგრილეთ და მაცივარში მოათავსეთ. თუ ერთი წუთის შემდეგ ფორმას შეინარჩუნებს, ესე იგი, მზადაა.
ქლიავის ჯემი წინასწარ გასტერილებულ ქილებში ჩაასხით, თავზე ჰერმეტულად დაახურეთ და ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ. შემდეგ, გრილ, ბნელ ადგილზე ან მაცივარში შეინახეთ.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან