სააღდგომო კულიჩი „კრაფინი“
16:34 შაბ. 8 აპრილი, 2023 წელი

ეს სააღდგომო კულიჩი, რომელიც ერთგვარად კრუასანის და მაფინის ჰიბრიდია, ტრადიციულ პასკასთან შედარებით, სწრაფად და ადვილად მზადდება, თუმცა გემო მასაც დახვეწილი და გამორჩეული აქვს.
სააღდგომო კულიჩის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ასაფუებელი ბაზისთვის:
- ფქვილი - 1. ჩაის კოვზი,
- მშრალი საფუარი - 6 გ (1 ჩ/კ)
- თბილი რძე - 80 მლ.
- შაქარი - 1 ჩ.კ.
ცომისთვის:
- ფქვილი - 350-370 გრ.
- გამდნარი კარაქი - 40 გრ.
- ფორთოხლის წვენი - 30 მლ.
- ფორთოხლის ცედრა - 1 ს.კ.
- კვერცხი - 1 ცალი
- კვერცხის გული - 2 ცალი
- შაქარი - 80 გრ.
- მარილი - 1/2 ჩ.კ.
შიდა ფენისთვის:
- დარბილებული კარაქი - 100-125 გრ.
- მუსკატის კაკალი - მწიკვი,
- ქიშმიში - 50 გრ.
- მოცვი - 50 გრ.
- გარგარის ჩირი - 50 გრ.
- მოხალული ნუში ან ნებისმიერი სხვა თხილი დაჭრილი - 50 გრ.
- შაქრის პუდრა
სააღდგომო კულიჩის მომზადების წესი:
1) პირველ რიგში მოამზადეთ საფუარიანი ბაზა - თბილ რძეს დაუმატეთ 1 ჩ/კ. შაქარი, 1 ჩ.კ ფქვილი და მშრალი საფუარი. კარგად აურიეთ და სითბოში 10-15 წუთით დატოვეთ.
2) 1 კვერცხს და 2 გულს დაუმატეთ შაქარი და მწიკვი მარილი და მიქსერით ათქვიფეთ, სანამ შაქრის კრისტალები მთლიანად არ გადნება. გაცრილ ფქვილში ჩაასხით საფუარიანი ბაზა, თბილი გამდნარი კარაქი, ფორთოხლის წვენი, ფორთოხლის ცედრა, ათქვეფილი კვერცხი და მოზილეთ ცომი. ზელვის დროს ცომი ხელზე რომ არ მიგეკრათ, ზეთი წაისვით (ფქვილი არ დაამატოთ).
3) ცომი დაახლოებით 10-12 წუთი ზილეთ, სანამ ელასტიკური არ გახდება. შემდეგ მოათავსეთ ზეთმოსმულ ჯამში, თავზე სუფთა ტილო დააფარეთ და სითბოში 1,5-2 საათით დატოვეთ. ამოსული ცომი 2-3 ნაწილად გაყავით და 5-10 წუთი დაასვენეთ.
4) ცომის ერთი გუნდა თხლად გააბრტყელეთ და დარბილებული კარაქი სქლად წაუსვით. ზემოდან მოაყარეთ ქიშმიში, მოცვი, ნუში ან თხილი, გარგარის ჩირი და მუსკატის კაკალი. ამის შემდეგ ცომი ფრთხილად, რულეტივით დაახვიეთ. ბოლოს კი „რულეტი“ ბასრი დანით სიგრძეზე გაჭერით, მაგრამ ბოლომდე არა.
5) გაჭრილი რულეტი სპირალივით დააახვიეთ ისე, რომ შიდა, ქიშმიშებიანი მხარე გარეთ მოხვდეს.
6) ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი და კულიჩი მოათავსეთ. დააფარეთ თავზე და თბილ ადგილას, დაახლოებით 1 საათი დატოვეთ.
7) ამის შემდეგ კულიჩები 200 ° C-მდე გახურებულ ღუმელში მოთავსეთ. 10 წუთის შემდეგ ღუმელში ტემპერატურა 180 ° C-მდე შეამცირეთ, კულიჩებს თავზე ფოლგა დააფარეთ და, დაახლოებით, 20-30 წუთის განმავლობაში აცხვეთ.
8) გამომცხვარი კულიჩს თავზე შაქრის პუდრა მოაფრქვიეთ ან გამდნარი შოკოლადით გააფორმეთ. კულიჩი ძალიან ლამაზი, რბილი და სურნელოვანია, ამიტომ მისი გამოცხობა აუცილებლად უნდა სცადოთ.
გემრიელად მიირთვით!
***
როდის დავთესოთ სააღდგომო ჯეჯილი
წითელი კვერცხის შესახებ - საიდან გაჩნდა სააღდგომოდ კვერცხების ერთმანეთზე დარტყმის ტრადიცია?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან