6 მარტივი ხერხი ყალბი სამკაულის ამოსაცნობად
15:00 ოთხ. 16 დეკემბერი, 2020 წელი
ოქროს გაყალბების შემთხვევები, როცა ოქროულობას დაბალი ხარისხის ოქროსგან ან მისი შემცველისგან ამზადებენ, არცთუ იშვიათია. ასეთი ნივთების ამოცნობა კი ერთი შეხედვით ძალიან რთულია, მით უფრო, როდესაც სამკაულის ყიდვისას მთელი თქვენი ყურადღება იმაზეა გადატანილი, რომ ლამაზიც შეარჩიოთ და ფასშიც ჩაეტიოთ.
თაღლითები ზოგჯერ ცდილობენ, ვერცხლი თეთრ ოქროდ გაასაღონ, იაფფასიან სამკაულებზე ყალბი სინჯები ამოტვიფრონ, ძვირფასი თვლების ნაცვლად, ყალბი ქვები გამოიყენონ. ამიტომ როდესაც ბეჭედს, სამაჯურს, ყელსაბამს, საყურეს ან სხვა სამკაულს ვყიდულობთ, კარგი იქნება, თუკი ნამდვილის ყალბისგან განსხვავება გვეცოდინება.
გთავაზობთ ხერხებს, რომელიც დაგეხმარებათ, ოქროს ნამდვილობა მარტივად შეამოწმოთ. თანაც არა მხოლოდ იმ სამკაულებზე, რომლებიც სახლში გაქვთ, არამედ - პირდაპირ საიუველირო მაღაზიაშიც:
- რა თქმა უნდა, ყველაზე მარტივი გზა სინჯის შემოწმებაა. ინფორმაცია, თუ რომელი სინჯი აქვს ამა თუ იმ ლითონს, შეგიძლიათ ინტერნეტში მოიძიოთ. შემდეგ კი ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია თქვენ მიერ არჩეული სამკაულის შესახებ ინფორმაციას უნდა შეადაროთ. სინჯზე ამოტვიფრული რიცხვები მკაფიო და ადვილად წასაკითხი უნდა იყოს;
- ფოლადის ან რკინის სხვა შენადნობების მოოქროვება ან მოოქროვების იმიტაცია ჩვეულებრივი პროცედურაა ძვირფასეულობის დამზადებაში. ამის ამოსაცნობად მაგნიტი გამოგადგებათ - ის სამკაული, რომელშიც ძვირფასი ლითონის მაღალი შემცველობა, მაგნიტს არ უნდა იზიდავდეს! სწორედ ამიტომ საიუველირო მაღაზიაში ან ოქროს ბირჟაზე წასვლამდე ჯიბეში პატარა მაგნიტის ჩადება შესანიშნავი იდეაა;
- ოქროს შემოწმება იოდითაც შეიძლება. თუ იოდის დაწვეთების შემდეგ სამკაულზე ლაქა დარჩა, ეს იმის ნიშანია, რომ საქმე გვაქვს შენადნობთან, რომლის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით იაფფასიანი ლითონი შედის;
- ყალბი ოქრო ძმარში ძალიან სწრაფად მუქდება. სამკაულის ნამდვილობის დასადგენად, ჩაუშვით ის ძმრიან ჭიქაში, დაახლოებით, 5 წუთის განმავლობაში;
- რაც შეეხება ვერცხლის ტესტირებას, ეს შესაძლებელია გოგირდის შემცველი მალამოთი. თუ ნივთი დამზადებულია ნამდვილი ვერცხლისგან, ის ადგილი, სადაც მალამოს წაუსვამთ, მუქი ლურჯი გახდება. მოგვიანებით, ლაქის გაწმენდას ადვილად შეძლებთ. (ამ მიზნით იოდსაც იყენებენ, თუმცა შეიძლება, შემდეგ ლაქა ვეღარ მოაშოროთ);
- ვერხლის სამკაულის შესამოწმებლად კიდევ ერთი მარტივი გზა ცარცის გამოყენებაა. ვერცხლის სამკაულს ცარცი წაუსვით. თუ ცარცი გამუქდა, თქვენ წინაშე ნამდვილი ვერცხლია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან