მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დროს თავთან ხელი?
16:16 შაბ. 5 სექტემბერი
სამხედროებში ასეთი ხუმრობა არსებობს — „ცარიელ თავთან ხელი არ მიაქვთო“, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხედრო სალამი მხოლოდ ქუდის ან ჩაფხუტის მატარებელ ადამიანს უნდა მისცე. როდის და როგორ გაჩნდა ეს წესი, რომელიც მსოფლიოს არმიების უმეტესობაში მოქმედებს?
სამხედრო მისალმების დროს თავთან ხელის მიტანის ტრადიცია შუა საუკუნეების რაინდებისგან იღებს სათავეს. არსებობს ორი ძირითადი ისტორიული ვერსია, თუ რატომ დამკვიდრდა ეს ჟესტი:
1) შუა საუკუნეებში, როდესაც ორი რაინდი ერთმანეთს ხვდებოდა, სახის გამოსაჩენად ისინი მარჯვენა ხელით მუზარადის დამცავ ფარს (ვიზორს) მაღლა სწევდნენ. ეს იმისთვის იყო საჭირო, რომ მოკავშირეებს ერთმანეთი ეცნოთ და კეთილგანწყობა გამოეხატათ;
2) სამხედრო ისტორიის წიგნებში შეხვდებით ცნობას იმის შესახებ, რომ უფროსი წოდების პირებთან, დიდგვაროვნებთან და რა თქმა უნდა, მონარქისა თუ მისი ოჯახის წევრებთან შეხვედრისას სამხედროები ქუდს იხდიდნენ და თავს იშიშვლებდნენ. XVIII-XIX საუკუნეებში, როდესაც თავსაბურავების ზომა გაიზარდა, მისალმებისას ქუდის მოხდა მოუხერხებელი გახდა, ამიტომ ქუდს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრისას იხდიდნენ. ჩვეულებრივ სიტუაციებში კი ქუდის ფრთებს სიმბოლურად ეხებოდნენ. ბრიტანეთის სამეფო არმიის 1745 წლის წესდებაში ეს ასე ეწერა:
„ოფიცერთან შეხვედრის ან საუბრისას თავსაბურავი კი არ უნდა მოიხადოთ, არამედ უბრალოდ ხელი მიიტანოთ მასთან და თავი დაუკრათ“.
მარჯვენა ხელის ქუდთან მიტანით მეომარი აჩვენებდა, რომ ხელში იარაღი არ ეჭირა. თავისუფალი მარჯვენა ხელის გამოჩენა ნდობისა და მშვიდობის ნიშანი იყო.
მოკლედ, სამხედროებს ცხოვრება ცოტათი გაუადვილეს.
***
აი, ავსტრიის არმიაში კი 1790 წლიდან ორი წესი მოქმედებდა: თუ სამხედროებს ჩვეულებრივი ქუდი ეხურათ, შეეძლოთ მხოლოდ მხედრული სალამი მიეცათ, ხოლო თუ ორკუთხა ქუდი, მისი მოხდა სავალდებულო იყო. ეს წესი მხოლოდ 1868 წელს გააუქმეს.
***
რაც შეეხება წესს, რომლის თანახმად მხედრულ პატივს მხოლოდ ქუდიან სამხედროს მიაგებენ, ის ყველა ქვეყნის ჯარში არ მოქმედებს. მაგალითად, ისრაელის თავდაცვის ძალებში მისალმება უქუდოდაც შეიძლება, იაპონელი სამხედროები კი თავთან ხელის მიდების ნაცვლად თავის დაქნევას სჯერდებიან.
***
აშშ-ის არმიაში კიდევ ერთი წესი მოქმედებს — მისალმებისას სამხედროს ორივე ხელი თავისუფალი უნდა ჰქონდეს, თუმცა ზოგჯერ ამ წესს ქვეყნის პრეზიდენტები არღვევენ. მაგალითად, ჯორჯ ბუშ უმცროსს მხედრული სალმის დროს იღლიაში ძაღლი ჰყავდა ამოჩრილი, ბარაკ ობამა კი საზღვაო ქვეითებს ყავის ჭიქით ხელში მიესალმა, რასაც მედიამ "Latte Salute" უწოდა. სხვათა შორის, ორივე შემთხვევამ ტრადიციების მოყვარულ ამერიკელებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ამის შემდეგ პენტაგონმა არაფორმალური რეკომენდაცია გასცა და პრეზიდენტებს შეახსენა, რომ მხედრული სალმის დროს ორივე ხელი თავისუფალი უნდა ჰქონდეთ.
***
მხედრულ სალამს სხვადასხვაგვარად იძლევიან: ზოგან მიღებულია ხელისგულის ზემოთ მოქცევა, ზოგან ქვემოთ, პოლონეთში კი ორი თითის თავთან მიტანაც საკმარისია. ასეთი მისალმების გაჩენას ერთი ლეგენდა უკავშირდება: 1830 წლის ოზაროვის ბრძოლაში ერთ-ერთი პოლონელი ოფიცერი მარჯვენა ხელში მძიმედ დაიჭრა და მთელი მხოლოდ ორი თითი დარჩა. მიუხედავად ამისა, მან მეთაურს მხედრული სალამი მაინც მისცა. ამ ჟესტის პატივსაცემად, პოლონეთში ის ოფიციალურ წესად იქცა.
რატომ არ აძლევენ სალამს სამოქალაქო ტანსაცმელში?
სამხედრო ეტიკეტით, სალამი არა კონკრეტულ ადამიანს, არამედ მის წოდებას, მუნდირსა და სახელმწიფო სიმბოლიკას ეძლევა, ამიტომ, როცა ოფიცერი სამოქალაქო ფორმაშია, ჩვეულებრივი სიტყვიერი მისალმება ან თავის დაქნევა გამოიყენება.
მარცხენა ხელის გამონაკლისი
სამხედრო წესდების მიხედვით, სამხედრო პირები ერთმანეთს ყოველთვის მარჯვენა ხელით ესალმებიან. ერთადერთი გამონაკლისია შემთხვევა, როცა სამხედროს მარჯვენა ხელი მოკვეთილი ან მძიმედ დაშავებული აქვს — ამ დროს მარცხენა ხელით მისალმება დასაშვებია.
სალამი კოსმოსში
როდესაც ასტრონავტები და კოსმონავტები (რომლებიც ხშირად სამხედრო პილოტებიც არიან) სკაფანდრებში იმყოფებიან, ჩაფხუტზე ხელის მიდება ფიზიკურად შეუძლებელია. ასეთ დროს ისინი მკერდზე ხელის მიდებას ან თავის ოდნავი დაქნევას სჯერდებიან.
სალამის აკრძალვა
თანამედროვე ომის პირობებში, ფრონტის ხაზზე ან საბრძოლო მოქმედებების ზონაში სამხედრო სალმის მიცემა მკაცრად აკრძალულია. მიზეზი მარტივია — მტრის სნაიპერები სწორედ ამ ჟესტით ამოიცნობენ ხოლმე მეთაურებსა და ოფიცრებს, რაც მათ მთავარ სამიზნედ აქცევს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან