საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შესახებ
16:32 ოთხ. 2 სექტემბერი
საზოგადოებაში დღემდე გრძელდება დავა იმის შესახებ, საჭიროა თუ არა სასკოლო ფორმა. ზოგი მიიჩნევს, რომ ფორმა თვითგამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, სხვები კი ამტკიცებენ, რომ ფორმა ხელს უწყობს დისციპლინას და მოსწავლეებს შორის სოციალური კონკურენციის შემცირებას.
მსოფლიოს პირველ ქვეყნად, სადაც სასკოლო ფორმა შემოიღეს, დიდი ბრიტანეთი მიიჩნევა.
XVI საუკუნეში, ობოლი და ღარიბი ოჯახის შვილების სასწავლებელში ლურჯი მაუდისგან შეკერილი სპეციალური სამოსი გამოჩნდა. ბევრს მიაჩნდა, რომ ეს ფერი მოსწავლეებში მორჩილებას განავითარებდა, თუმცა სინამდვილეში, ასეთი ქსოვილის არჩევანს ხელმისაწვდომობა განაპირობებდა.
დღეისთვის გაერთიანებულ სამეფოში მოსწავლეებისთვის ერთიანი ფორმა არ არსებობს — თითოეულ სკოლას სასკოლო ფორმის საკუთარი დიზაინი აქვს, გერბი და ლოგო კი მხოლოდ პრესტიჟულ სასწავლებლებს ამშვენებს. ზოგიერთ კერძო სკოლას არა მარტო ყოველდღიური ფორმა, არამედ სპორტული ტანსაცმელი, წინდები, ფეხსაცმელი და თმის სამაგრებიც კი საკუთარი აქვს.
მსოფლიოში ყველაზე ძველი სკოლა, სადაც სასკოლო ფორმა არ შეცვლილა, ლონდონში მდებარე Christ's Hospital-ის სკოლაა, რომელმაც ლურჯი ფორმა (Bluecoat) 1552 წელს შემოიღო. მოსწავლეები დღემდე ზუსტად იმავე დიზაინის გრძელ ლურჯ პალტოებსა და ყვითელ წინდებს ატარებენ. 2011 წელს სკოლამ გამოკითხვა ჩაატარა, შეეცვალათ თუ არა ის, მაგრამ მოსწავლეთა 95%-მა ძველი დიზაინის დატოვებას მისცა ხმა.

***
ევროპის სხვა ქვეყნებში სასკოლო ფორმამ დიდხანს ვერ გასტანა: საფრანგეთში — 20-იანი წლებიდან 70-იანებამდე, ხოლო პოლონეთში — 90-იან წლებამდე.
გერმანიის ზოგიერთ სკოლაში მოსწავლეებს უფლება აქვთ, სასკოლო ფორმის დიზაინის შექმნაში მონაწილეობა მიიღონ. მიუხედავად ამისა, ევროპის ყველა სასწავლებელში ჩაცმის მკაცრი სტილი მოქმედებს.
ერთიანი სასკოლო ფორმა არც აშშ-სა და კანადაში არსებობს, თუმცა მოქმედებს დრესკოდი, რომელიც ადგენს ქვედაბოლოს სიგრძეს, კრძალავს გამჭვირვალე სამოსსა და უხამს წარწერიან მაისურებს. მოსწავლეებს უმეტესად ჯინსები, მაისურები და კედები აცვიათ, თუმცა, კერძო სკოლების ფორმაზე ცნობილი დიზაინერები მუშაობენ — ლამაზი სამოსი ხომ ახალი მოსწავლეების მიზიდვის კარგი საშუალებაა.
***
იაპონიაში სასკოლო ფორმა დღემდე ძალიან პოპულარულია. ის XIX საუკუნის ბოლოს გამოჩნდა და დღემდე როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლების უმრავლესობაში შენარჩუნებულია.
იაპონიაში სასკოლო ფორმების ორი ვარიანტია: კლასიკური — თეთრი პერანგი, მუქი პიჯაკი, შარვალი ბიჭებისთვის და ქვედაბოლო გოგონებისთვის და მეორე — „მეზღვაურის ფორმა“ (სეილორ ფუკუ) სხვადასხვა ინტერპრეტაციით. ეს უკანასკნელი პირველად 1921 წელს შემოიღეს, როცა ფუკუოკას ქალთა კოლეჯის დირექტორმა, ელიზაბეთ ლიმ, ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ფორმის მიხედვით სამოსი შექმნა. დღეს ეს ფორმა პოპ-კულტურისა და ანიმეს განუყოფელი ნაწილია. თავდაპირველად, ქვედაბოლო გრძელი იყო — მოსწავლეებმა მისი დამოკლება იაპონელი მომღერლის, ნამიე ამუროს გავლენით დაიწყეს, რომელიც სცენაზე მოკლე ქვედაბოლოებით გამოდიოდა.
იაპონიის ზოგიერთ სკოლაში იმდენად მკაცრი წესებია, რომ ფორმასთან ერთად მოსწავლეებს თმის ბუნებრივი ფერის შენარჩუნებასაც სთხოვენ. თუ მოსწავლეს ბუნებრივად ღია ფერის თმა აქვს, ხშირად უწევს იმის დამტკიცება (ბავშვობის ფოტოებით), რომ თმა შეღებილი არ აქვს.
***
ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში სასკოლო ფორმის სავალდებულო ნაწილია ფართოფარფლებიანი ქუდი. მზის აგრესიული გამოსხივების გამო, მოსწავლეებს ეზოში ქუდის გარეშე თამაში ეკრძალებათ („No Hat, No Play“ წესი).
დაბოლოს, კვლევების თანახმად, სასკოლო ფორმა დილის სტრესს 30%-ით ამცირებს, რადგან ბავშვებსა და მშობლებს აღარ უწევთ ფიქრი, თუ რა ჩაიცვან ყოველდღიურად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან