როგორ მოძრაობენ გემები ღამით, განათების გარეშე
14:09 შაბ. 3 ოქტომბერი
უცნაურია, მაგრამ ავტომობილებისგან განსხვავებით, თანამედროვე გემებს ფარები არ აქვთ და ღამის სიბნელეში, განათების გარეშე მოძრაობენ. უფრო უცნაური ისაა, რომ გემებზე ფარების არარსებობა ინჟინრების შეცდომა კი არა, კარგად გააზრებული გადაწყვეტილებაა, რადგან ასეთი განათება ნავიგაციისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით დამატებით პრობლემებს შექმნიდა.
საქმე ისაა, რომ ღია ზღვაში ავტომობილების მსგავსი განათება სრულიად უსარგებლოა, რადგან წყალზე არეკლილი შუქი ხილვადობას აუარესებს და ხომალდის ირგვლივ, გარემოზე დაკვირვებას ხელს უშლის.
წარმოიდგინეთ, რომ ატლანტის ოკეანეში ხართ და უზარმაზარ ტანკერს მართავთ; ირგვლივ კუნაპეტი სიბნელეა, მაგრამ უძლიერეს პროჟექტორს რთავთ და... ორმოცდაათი მეტრის მანძილზე ტალღებზე არეკლილ სინათლეს ხედავთ, ხოლო მის მიღმა საკუთარი შუქისგან წარმოქმნილი ნისლის კედელია. შედეგად, სარგებელი ნულია, ზიანი კი უზარმაზარი.
გზის საფარისგან განსხვავებით, რომელიც ავტომობილის ბორბლების ქვეშ აგია, ზღვა ქაოსური სარკეა, ამიტომ ფარების შუქს ირეკლავს, გემის ეკიპაჟს თვალს მოჭრის და მცდარ მოლოდინებს შექმნის.
გარდა ამისა, ყველაზე მძლავრი სხივიც კი ორიოდე კილომეტრში საცოდავ ლაქად გადაიქცევა, ხომალდის სამუხრუჭე მანძილი კი რამდენიმე კილომეტრია. სანამ ფარების შუქზე რამეს შეამჩნევთ, მოქმედება უკვე გვიანი იქნება. ასე რომ, ოკეანის წინაშე ფარების შუქი უძლურია. ბევრად მნიშვნელოვანია ხედავდე არა იმას, რაც ცხვირწინ გაქვს, არამედ იმას, რაც ჰორიზონტს მიღმაა — ამისთვის კი ფარები არაფერში გჭირდებათ.
როგორ მოძრაობენ გემები ღამით განათების გარეშე
თუ ფარები უსარგებლოა, გემები ღამით ზღვებსა და ოკეანეებში როგორ გადაადგილდებიან? ამისთვის რადარი ანუ რადიოლოკაციური მოწყობილობა არსებობს, რომელიც ობიექტების ადგილმდებარეობას, მანძილს და სიჩქარეს რადიოტალღების გამოყენებით ადგენს. ის ამინდისა და დღე-ღამის მონაკვეთის მიუხედავად, ნებისმიერ ობიექტს ათეულობით კილომეტრის მანძილზე „ხედავს“.
რადარის გარდა, გემების უსაფრთხო გადაადგილებისთვის სანავიგაციო ხელსაწყოები, GPS და ელექტრონული რუკები და სპეციალური სასიგნალო სანავიგაციო სინათლეები გამოიყენება. მათი ფერისა და განლაგების მიხედვით მეზღვაურებს შეუძლიათ სხვა გემების მოძრაობის მიმართულება განსაზღვრონ და სახიფათო სიტუაციები თავიდან აიცილონ.
თითოეულ ხომალდს თავისი სანავიგაციო სინათლეები აქვს: წითელი მარცხენა ბორტზე, მწვანე მარჯვენაზე და თეთრი — მაღლა ანძაზე. მათი განლაგებითა და ფერით გამოცდილი კაპიტანი რამდენიმე კილომეტრზე მიხვდება რა მიმართულებით მოძრაობს შემხვედრი გემი.
რატომ არის ბორტის სინათლეები ასეთი ფერის? წითელსა და მწვანეს ნისლშიც კი ვერ აურევთ ერთმანეთში, მათი განლაგება კი ადვილად მიგიხვედრებთ, გემს რომელი მხრიდან უყურებთ. თუ წითელ და მწვანე სინათლეს ერთდროულად ხედავთ — ხომალდი პირდაპირ თქვენკენ მოდის და გვერდის ასაქცევად უნდა მოემზადოთ, თუ მხოლოდ თეთრი შუქი ჩანს, გემი თქვენ წინ არის და უფრო გშორდებათ. ღამით ნაოსნობის უსაფრთხოება სწორედ ამ სამ სინათლესა და მორიგე ოფიცრის სიფხიზლეზე დგას.

***
რატომ ჩავარდა საბჭოთა კავშირში ორსართულიანი ტრანსპორტის მოძრაობის გეგმა?
რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და ატლანტის ოკეანეების წყლები?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან