რატომ ამსხვრევენ ქორწილში ჭურჭელს?
13:29 პარ. 13 ნოემბერი
ყველას გვინახავს, რომ ახალდაქორწინებულებს სახლში პირველად შესვლისას, კართან თეფშს ახვედრებენ და ისინი ფეხის ძლიერი დარტყმით ნამცეცებად აქცევენ. რას უკავშირდება ეს ტრადიცია და რა დატვირთვა აქვს მას?
ვინ იქნება მთავარი?
ყველაზე გავრცელებული წარმოდგენით, პატარძალი და სიძე ცდილობენ, თეფში ერთად ან ცალ-ცალკე დაამტვრონ. ითვლება, რომ ვინც თეფშს პირველად ან უფრო ადვილად დაამტვრევს, ოჯახში ლიდერი ის იქნება. ზოგჯერ ხუმრობით იმასაც ამბობენ, რომ ვინც თეფშს გატეხს, სახლში ბრძანებასაც ის გასცემს.
ბედნიერებისა და წარმატების ნიშანი
ზოგადი რწმენით, გატეხილი ჭურჭელი ქორწილში ბედნიერებას, წარმატებას და ძველი ცხოვრებიდან ახალზე გადასვლას უზრუნველყოფს.
ნატეხების რაოდენობა
ხალხური წარმოდგენით, რაც უფრო წვრილ ნაწილებად დაიმტვრევა თეფში, მით უფრო ხანგრძლივი და მხიარული იქნება წყვილის ერთობლივი ცხოვრება.
ქორწილში ჭურჭლის მსხვრევის ტრადიცია სათავეს უძველესი დროიდან იღებს. ძველად პატარძალი თიხის ქოთანს ამტვრევდა — თუ ქოთანი დაიმსხვრეოდა, პატარძალი ქალწული იყო. რაც უფრო მეტი იყო ნამსხვრევი, ახალდაქორწინებულებს მით უფრო მეტი შვილი ეყოლებოდა და მათი ცხოვრება მით უფრო ბედნიერი იქნებოდა. თუ ქოთანი მთელი დარჩებოდა, ეს ნიშნავდა, რომ ქორწინება წარუმატებელი იქნებოდა ან პატარძალს უმანკოება უკვე დაკარგული ჰქონდა.
საიდან მოდის ქორწილში თეფშის გატეხის ტრადიცია?
ამ მიმართულებით ქართული ეთნოგრაფიული მასალა ძალიან საინტერესო ცნობას გვაწვდის.
2023 წელს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში თამარ გუჩუას მიერ დაცულ სადოქტორო დისერტაციაში, რომელიც ისტორიულ ეთნოგრაფიულ წყაროებს ეყრდნობა, აღწერილია ძველი მეგრული საქორწილო რიტუალი:
ახალდაქორწინებულები სახლის კარის ზღურბლზე დადებულ თეფშს ამტვრევდნენ. ამ რიტუალს კონკრეტული მნიშვნელობა ჰქონდა: თეფშის გატეხა პატარძლის უმანკოების სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ეთნოგრაფიულ წყაროში ნათქვამია, რომ ასეთ ქალს მეგრულად „უტახს“ — გაუტეხელს — უწოდებდნენ. ეს ცნობა სერგი მაკალათიას ნაშრომს ეყრდნობა (1956, გვ. 99).
ბერძნული ტრადიცია — გატეხა ბედნიერებისა და ზეიმის ნიშნად
საბერძნეთში თეფშების დამტვრევა ცნობილია როგორც სიხარულისა და ემოციის გამოხატვის ფორმა. ხალხურ წარმოდგენებში ნივთის გატეხას ხშირად უკავშირებენ:
- ძველის დასრულებასა და ახლის დაწყებას;
- უარყოფითი ენერგიისგან გათავისუფლებას;
- სიხარულის ხმაურიან გამოხატვას;
თუმცა, თანამედროვე ბერძნულ ქორწილებში თეფშების მსხვრევა უნივერსალური ან სავალდებულო საქორწილო რიტუალი არ არის.
ებრაული ქორწილი — რატომ ამტვრევენ ჭიქას?
ებრაული ქორწილის ბოლოს საქმრო ფეხით ამტვრევს ჭიქას. ამ რიტუალს რამდენიმე ისტორიული და სიმბოლური განმარტება აქვს:
- იერუსალიმის ტაძრის დანგრევის გახსენება — უდიდესი სიხარულის დროსაც არ უნდა დაგვავიწყდეს ისტორიული ტკივილი.
- ადამიანური ურთიერთობები მყიფეა, ამიტომ სიყვარული მუდმივ ზრუნვასა და გაფრთხილებას საჭიროებს.
- სიხარულისა და პასუხისმგებლობის შერწყმა — ქორწინება მხოლოდ ზეიმი კი არა, დიდი პასუხისმგებლობაცაა.
აღსანიშნავია, რომ ამ ტრადიციის ერთ-ერთი უძველესი წერილობითი საფუძველი თალმუდში გვხვდება.
რატომ ამტვრევდნენ ნივთებს ძველად?
სხვადასხვა ხალხის კულტურაში ხმაურიან მოქმედებებს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა.
ერთ-ერთი გავრცელებული ხალხური რწმენის მიხედვით, მოულოდნელ ხმაურს შეეძლო ბოროტი სულების დაფრთხობა და ახალდაქორწინებულების დაცვა, ამიტომ მსხვრევის რიტუალს ზოგიერთ კულტურაში დამცავი ფუნქციაც მიეწერებოდა.
თეფშის გატეხასაც ხშირად ბედნიერების, ბოროტი ძალებისგან დაცვის, ახალი ცხოვრების დაწყებისა და ძველისგან განთავისუფლების სიმბოლოდ მიიჩნევდნენ.
ზოგადად, ქორწილში ჭურჭლის მსხვრევის ტრადიცია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს. სავარაუდოდ, ეს ჩვეულება იმ რწმენას უკავშირდება, რომ დამტვრეული ან გატეხილი საგანი მომავალი წარმატების წინასწარ გადახდილ „ავანსს“წარმოადგენს . სწორედ აქედან გაჩნდა გამოთქმა „ჭურჭლის მტვრევა ბედნიერების ნიშანია“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან