აპლოდისმენტი — როგორ გაჩნდა ტაშის დაკვრის ტრადიცია?
18 წუთის წინ
აპლოდისმენტი ნებისმიერი წარმოდგენის კულმინაცია და მოწონების უნივერსალური ენაა, მაგრამ როგორ იქცა ხელების ტყაპუნი აღტაცების გამოხატვის ხერხად?
ჩვენი უახლოესი ბიოლოგიური ნათესავები - პრიმატები ყურადღების მისაქცევად ან გასაფრთხილებლად ხმამაღალ ბგერებს — მათ შორის, ხელების ტყაპუნს იყენებდნენ. ანთროპოლოგები ვარაუდობენ, რომ ჩვენი წინაპრებიც ასე იქცეოდნენ. გამოდის, რომ კაცობრიობის ისტორიაში პირველი დასარტყამი ინსტრუმენტები ხელისგულები გახდნენ.
აპლოდისმენტი, როგორც სოციალური მოვლენა ძველ საბერძნეთში, დაახლოებით ძვ. წ. V საუკუნეში გაჩნდა. სავარაუდოდ, თეატრში ტაშის დაკვრა მაყურებელსა და მსახიობებს შორის საზღვრის გავლებას ემსახურებოდა და წარმოდგენას რიტუალურად ასრულებდა, თუმცა, აპლოდისმენტი ნამდვილ ტრადიციად და ძალაუფლების იარაღად ძველმა რომაელებმა აქციეს. მათთვის ტაშის დაკვრა ემოციაზე მეტად, ორგანიზებული რიტუალი იყო. სიტუაციის მიხედვით, სხვადასხვა აკუსტიკურ ეფექტს იყენებდნენ დაწყებული ფუტკრების ბზუილიდან, წვიმის ხმით დამთავრებული.
სწორედ რომაელმა იმპერატორებმა აქციეს ტაშის დაკვრა ვალდებულებად. მაგალითად, ნერონს, რომელსაც სცენაზე გამოსვლა ძალიან უყვარდა, ხელოვნური ოვაციების შესაქმნელად ხუთი ათასი პროფესიონალი ტაშისმკვრელი (Augustiani) ჰყავდა დაქირავებული. ნერონის ყოველ გამოსვლას აღტაცება ახლდა თან, რაც მისი პოპულარობისა და ძალაუფლების მტკიცებულება იყო. ასე რომ, ტაშის დაკვრის ტრადიცია სახელმწიფო პროპაგანდიდან იშვა.
რომაულ თეატრში ყველა წარმოდგენის ბოლოს მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი მაყურებლებს უყვოდა: „მშვიდობით და ტაშს ველოდები!“ (Valete et plaudite!), რითაც მათ ტაშის დაკვრისკენ მოუწოდებდა.
მოგვიანებით, ტაშის დაკვრის ტრადიცია ევროპული ხელოვნების სამყაროშიც გადავიდა. კლასიკური მუსიკის აყვავების ეპოქაში (XVI–XVIII სს) მსმენელებს ემოციების გამოხატვა იმდენად თავისუფლად შეეძლოთ, რომ მუსიკოსს გამოსვლას ტაშით აწყვეტინებდნენ. მოცარტი ზოგიერთ ნაწარმოებს საგანგებოდ ისე წერდა, რომ შუა კონცერტის დროს ემოციების ზღვაში ებანავა.
XIX საუკუნის ევროპულ თეატრებში (განსაკუთრებით პარიზში) პროფესიონალი ტაშისმკვრელების — კლაკერების დაქირავების პრაქტიკა აყვავდა. ტაშისმკვრელებს, რომლებიც თეატრის ყველაზე იაფ ადგილებზე სხდებოდნენ, შეეძლოთ აღტაცების ილუზია შეექმნათ ან მსახიობებისთვის დაესტვინათ, თუ სათანადოდ არ გადაუხდიდნენ.
XX საუკუნეში ტაში ტექნოლოგიად იქცა. ცოცხალი პუბლიკის ილუზიის შესაქმნელად პროდიუსერებმა „დაკონსერვებული აპლოდისმენტები“ (canned applause) ანუ ჩაწერილი ოვაციები გამოიგონეს, რომლებსაც სერიალებსა და ტოქ-შოუებში ატრიალებდნენ.
დღეს აპლოდისმენტი ძლიერი სოციალური ვირუსივით მუშაობს. საკმარისია, ერთმა ადამიანმა ტაშის დაკვრა დაიწყოს, რომ დარბაზი მაშინვე აჰყვება. თუნდაც წარმოდგენამ გული არ აგიჩუყოთ, თქვენ მაინც აჰყვებით ტაშის დაკვრას, რითაც აგრძელებთ ტრადიციას, რომელიც ძველი რიტუალებიდან თანამედროვე სოციალურ ნორმებამდე გრძელდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან