რას უკავშირდება ხეზე სამჯერ დაკაკუნების ტრადიცია?
15:27
ალბათ თითოეულ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაუკაკუნებია ხეზე, რომ უბედურება აერიდებინა. ბევრი ამას გაუცნობიერებლად აკეთებს, თან ისე, რომ არ უფიქْრდება, საიდან მოდის ეს ჩვევა და რას უკავშირდება. არადა, ჩვენს წინაპრებს ამ ქმედებაში ღრმა აზრი ჰქონდათ ჩადებული და უზენაეს ძალებს უკავშირებდნენ.
👉 უსიამოვნებისგან ასარიდებლად ხეზე კაკუნის ტრადიცია ქრისტიანობის გავრცელებამდე გაჩნდა. ადამიანები ამ ხერხს მაშინ მიმართავდნენ, როდესაც რაიმეთი დაიტრაბახებდნენ და ეშინოდათ, ამით თავი არ გაეთვალათ - ბედი „უკუღმა“ არ შეტრიალებოდათ. თავიდან ხალხი უბრალოდ ცოცხალ ხეს ეხებოდა და სჯეროდა, რომ შიგნით სული ცხოვრობს, რომელსაც ავი თვალის ან შურიანი ადამიანის ბოროტი ზრახვებისგან დაცვა შეუძლია.
👉 მოგვიანებით ხეზე კაკუნი დაიწყეს, თან ისე, რომ კაკუნის რაოდენობას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ადამიანებს მიაჩნდათ, რომ კაკუნი ტრაბახის ხმას ახშობს, ბოროტ სულებს მისი გაგება არ შეუძლიათ და ადამიანს ვეღარაფერს დაუშავებენ. უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, ცოცხალ ხეს უკაკუნებდნენ თუ ფიცარს — მთავარი კაკუნის ხმა იყო.
👉 ძველ ეგვიპტეში ფიქრობდნენ, რომ ხის მაგიური ძალა ადამიანს ბოროტი სულებისგან იცავდა. ეგვიპტველები ხის თილისმებს ატარებდნენ და ზოგჯერ ისინი ოქროზე ძვირადაც კი ფასობდა. ასევე იცავდნენ თვალის აღებისგან თავს ძველი კელტები და ვიკინგები. ევროპელი ხალხების უმრავლესობისთვის ხის ყველაზე ძვირფასი ჯიში მუხა იყო. დიდ ბრიტანეთში დღესაც არსებობს მუხაში იღბლისთვის მონეტების ჩაჭედების ტრადიცია.
ხე ქრისტიანობაში
მიუხედავად იმისა, რომ წარმართობიდან იღებს სათავეს, ხეზე სამჯერ დაკაკუნების ჩვევა უკვე ქრისტიანობასაც უკავშირდება. ხე ასოცირდება ჯვართან, რომელზეც ქრისტე გააკრეს. სწორედ ამიტომ, მასთან შეხება ადამიანს ყოველგვარ ბოროტებას აცილებდა, სამჯერ დაკაკუნების წესი კი წმინდა სამებას: მამა ღმერთს, ძე ღმერთსა და სულიწმინდას უკავშირდება. სწორედ ასე ითხოვს ადამიანი უზენაესი ძალების მხარდაჭერას. ამავე წარმოშობისაა მარცხენა მხარეს სამჯერ გადაფურთხების და შეხვედრისას სამჯერ კოცნის ტრადიციაც.
***
10 ჩვევა, რომელიც საბჭოთა ეპოქის ადამიანებს შემორჩათ
გატეხილი სარკე - როგორ გაჩნდა ეს ცრურწმენა?
„ავი თვალი“ და ჯადო - როგორ გვიცავს ბუნებრივი ქვების მისტიკური თვისებები?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან