იცით თუ არა

როგორ გაჩნდა „ჩაის“ იგივე „თიფის“ დატოვების ტრადიცია?

fun time

13:09

ვონ მოიგონა „ჩაის ფული“?

14
დაკოპირებულია

„ჩაის“, იგივე „თიფის“ დატოვება არის მომსახურე პერსონალისთვის მადლიერების ნიშნად გადახდილი დამატებითი თანხა. ამ ტრადიციის გაჩენას ყველაზე ხშირად XVI საუკუნის ინგლისს უკავშირებენ — პერიოდს, როდესაც ქვეყანაში ჩაის სმის კულტურა დამკვიდრდა.

თავდაპირველად, „ჩაის“ ოფიციანტებს კი არა, კერძო სახლების მსახურებს უხდიდნენ — თუ სტუმარი ღამის თევით რჩებოდა, მას შეეძლო მცირე ჯილდო დაეტოვებინა ადამიანებისთვის, რომლებიც სახლს ემსახურებოდნენ. ეს არ გახლდათ სავალდებულო გადასახადი, ეს მხოლოდ მადლიერების გამოხატვა იყო.

დროთა განმავლობაში, ეს ტრადიცია ფუნდუკებმა, ჩაის სალონებმა, სასტუმროებმა და იმ დაწესებულებებმა გადაიღეს, სადაც მომსახურების ხარისხი სტუმრის შთაბეჭდილებაზე მოქმედებდა.

რატომ უწოდეს ამას „ჩაის ფული“

მე-16 საუკუნის ინგლისში ჩაის სმა ყოველდღიურობის ნაწილად, ჩაის დაწესებულებები კი იმ ადგილად იქცა, სადაც დამატებითი საზღაურის გადახდის წესი მყარად დამკვიდრდა. სტუმარს შეეძლო, ფული პერსონალის მხრიდან გამოჩენილი ყურადღების, სისწრაფისა და მონდომებისთვის დაეტოვებინა. „ჩაის“ საშუალებით სტუმარი ამბობდა, რომ მომსახურება მოეწონა და პერსონალმა იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ევალებოდა.

რას ნიშნავს ინგლისური სიტყვა tips და როგორ იქცა „ჩაი“ ჩვევად

ინგლისური სიტყვა tips-ის წარმოშობასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვერსიით, ეს არის ფრაზის to insure prompt service (სწრაფი მომსახურების უზრუნველსაყოფად) აბრევიატურა.

დროთა განმავლობაში „ჩაის“ ტრადიცია მომსახურების სფეროში —კაფეებში, რესტორნებში, სასტუმროებსა და ტაქსიში მყარად დამკვიდრდა. კლიენტი ძირითად თანხას დაწესებულებას უხდიდა, ხოლო „ჩაის“ იმ ადამიანს უტოვებდა, ვინც უშუალოდ ემსახურებოდა.

რესტორნებში ეს ტრადიცია განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა. ოფიციანტს მხოლოდ საჭმელი არ მოაქვს — ის სტუმარს ხვდება, კერძის შერჩევაში ეხმარება, შეკვეთას თვალს ადევნებს და ხშირად სწორედ ის ქმნის საღამოს განწყობას.

ამიტომ, „ჩაი“ არა მხოლოდ სისწრაფის, არამედ ურთიერთობის ხარისხის შეფასებად ითვლება. მომსახურება კარგია? — მეტს უტოვებენ, გულგრილი ან უხეში? — არაფერს.

რატომ იწვევს „ჩაი“ აზრთა სხვადასხვაობას?

ხანგრძლივი ისტორიის მიუხედავად, ადამიანებში „ჩაის“ მიმართ დამოკიდებულება განსხვავებულია. ზოგს მიაჩნია, რომ ეს გაწეული შრომისთვის მადლობის გადახდის ფორმაა, სხვები ფიქრობენ, რომ კლიენტი ვალდებული არ არის დამატებით გადაიხადოს იმაში, რაც ანგარიშში შედის.

ძირითადად, იმაზე კამათობენ, სად მთავრდება მადლიერება და იწყება ფარული ვალდებულება. თუ „ჩაი“ ნებაყოფლობითია, ადამიანს შეუძლია იმდენი დატოვოს, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლის, თუმცა ზოგ დაწესებულებაში სავალდებულოა, რაც სტუმრების გაღიზიანებას იწვევს — დადგენილ გადასახადს თუ არ დაამატა, ძუნწი გამოჩნდება.

როგორ უყურებენ „ჩაის ფულს“ სხვადასხვა ქვეყანაში

სხვადასხვა კულტურაში „ჩაის“ მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად განსხვავდება.

მაგალითად, აშშ-ში ოფიციანტები „ჩაის“ შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ მიიჩნევენ, სხვა ქვეყნებში მომსახურების პროცენტი შესაძლოა პირდაპირ ანგარიშში იყოს ჩართული. ასეთ დროს დამატებით თანხას აღარ ითხოვენ, თუმცა კლიენტს მაინც შეუძლია მცირეოდენი დატოვოს, თუ მომსახურებით განსაკუთრებით კმაყოფილი დარჩა.

არსებობს ისეთი ქვეყნებიც, სადაც „ჩაის“ დატოვებამ შეიძლება უხერხულობა გამოიწვიოს. იქ კარგი მომსახურება სამუშაოს ნაწილად ითვლება, დამატებითი ფული კი როგორც უცნაური ან უადგილო ჟესტი აღიქმება.

ვისთვის არის ხელსაყრელი ეს ტრადიცია

ერთი შეხედვით, „ჩაი“ მომსახურების სფეროს თანამშრომლებისთვისაა ხელსაყრელი — ის შეიძლება ხელფასის შესამჩნევი დანამატი გახდეს, თუმცა ეს სისტემა ბიზნესისთვისაც მომგებიანია. თუ თანამშრომლის შემოსავლის დიდი ნაწილი კლიენტებზეა დამოკიდებული, დამსაქმებელს შეუძლია, ნაკლები გადაიხადოს და პერსონალის ანაზღაურების ნაწილი სტუმრებს „დააკისროს“.

სწორედ ამიტომ არის ამ თემის ირგვლივ ამდენი დავა. ზოგი მასში პატიოსან მადლიერებას ხედავს, სხვები კი ეშმაკურ ხრიკს, სადაც კლიენტი დამატებით იხდის იმის გამო, რაც ისედაც ეკუთვნის.

ასეა თუ ისე, „ჩაი“ შეიძლება იყოს მადლიერების სასიამოვნო ჟესტიც და უსიამოვნო ვალდებულებაც — ეს ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაზე, დაწესებულებაზე, თანხის სიდიდესა და იმაზე, თუ რამდენად ნებაყოფლობითია ადამიანის აღქმაში ეს ტრადიცია.

***

ვინ და როდის გამოიგონა ცხვირსახოცი?

შვილის გადასარჩენად შექმნილი აბაზანა - როგორ გამოიგონეს ჯაკუზი?

10 მნიშვნელოვანი გამოგონება, რომელთა ავტორები ქალები არიან!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

აპლოდისმენტი — როგორ გაჩნდა ტაშის დ...

აპლოდისმენტები

რას უკავშირდება ხეზე სამჯერ დაკაკუნ...

რას უკავშირდება ხეზე
სამჯერ დაკაკუნების
ტრადიცია?

როგორ მოძრაობენ გემები ღამით, განათ...

როგორ მოძრაობენ გემები
ღამით

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital