როდის და როგორ გაჩნდა საჩუქრების ტრადიცია?
17:07
დღესასწაულები, დაბადების დღეები და ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები საჩუქრების ჩუქების გარეშე წარმოუდგენელია. ამ ლამაზი ტრადიციის უკან ათასწლოვანი ისტორია და ძველი ცივილიზაციების რიტუალები დგას. მაინც, როდის გაჩნდა საჩუქრების ჩუქების ტრადიცია და ჩვენს დრომდე როგორ მოაღწია?
ისტორიკოსებს და ანთროპოლოგებს მიაჩნიათ, რომ ზემოხსენებული ტრადიციის სათავეებს პირველყოფილ საზოგადოებამდე მივყავართ, როცა საჩუქრების გაცვლა იმდენად გულუხვობის გამოხატულება არ იყო, რამდენადაც გადარჩენის გზა — ადამიანები ცვლიდნენ საკვებს, შრომის იარაღებსა და სხვა საჭირო ნივთებს, რითაც ტომის შიგნით კავშირებს აძლიერებდნენ და კონფლიქტების რისკს ამცირებდნენ.
დროთა განმავლობაში ასეთმა გაცვლამ სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინა. საჩუქარი მშვიდობის, ნდობისა და ერთი ჯგუფის წევრობის ნიშნად იქცა. ძღვენზე უარის თქმა შესაძლოა შეურაცხყოფად ან საფრთხედაც კი აღქმულიყო.
ძველ ცივილიზაციებში: ეგვიპტეში, მესოპოტამიაში, ძველ საბერძნეთსა და რომში საჩუქრების მირთმევა რელიგიას უკავშირდებოდა. ადამიანები ღმერთებს მსხვერპლს იმ იმედით სწირავდნენ, რომ მფარველობას, კარგ მოსავალს ან გამარჯვებას მოიპოვებდნენ. ეს შესაწირები შეიძლება „საჩუქრის“ ერთ-ერთ პირველ ფორმად ჩაითვალოს, სადაც მნიშვნელოვანი არა მატერიალური ღირებულება, არამედ თავად ჟესტი იყო.
პარალელურად, არსებობდა ადამიანებს შორის ძღვნის მირთმევის ტრადიციაც — მმართველები ქვემდგომებს აჯილდოებდნენ, ქვემდგომებს კი ძალაუფლების წარმომადგენლებთან ძღვენი მიჰქონდათ და ამით საკუთარ ერთგულებას ხაზს უსვამდნენ.
შუა საუკუნეებში საჩუქრები სოციალური იერარქიის მნიშვნელოვან ელემენტად იქცა. საჩუქრებს ქორწილებში, მემკვიდრეების დაბადებისას და რელიგიურ დღესასწაულებზე ჩუქნიდნენ. საჩუქრის ღირებულება მჩუქებლის სტატუსზე მიუთითებდა.
დიპლომატიურ ძღვენს — ეგზოტიკურ ცხოველებს, ძვირფასეულობასა და ქსოვილებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. მათ პოლიტიკური ალიანსების განსამტკიცებლად იყენებდნენ.
შობა, ახალი წელი და მასობრივი ტრადიციის ჩამოყალიბება
საჩუქრების შესახებ თანამედროვე წარმოდგენა დიდწილად XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა. ევროპასა და აშშ-ში სწორედ მაშინ დამკვიდრდა საშობაო საჩუქრების ტრადიცია, განსაკუთრებით — ბავშვებისთვის. წმინდა ნიკოლოზმა, მოგვიანებით კი სანტა კლაუსმა საჩუქრების მირთმევა ოჯახური დღესასწაულის განუყოფელ ნაწილად აქცია, რომელიც ზრუნვასა და სითბოსთან ასოცირდება.
მრეწველობისა და ვაჭრობის განვითარებასთან ერთად, საჩუქრები უფრო ხელმისაწვდომი გახდა, მათი არჩევანი კი — მრავალფეროვანი. თანდათანობით ეს ტრადიცია სეკულარულ (საერო) დღესასწაულებზეც გავრცელდა: ახალ წელს, დაბადების დღეებზე, იუბილეებზე.
ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ საჩუქრის მიძღვნა არა მხოლოდ სოციალური ნორმა, არამედ ურთიერთობის საშუალებაცაა. საჩუქარი ისეთი გრძნობების გამოხატვაში გვეხმარება, რომელთა სიტყვებით გადმოცემა რთულია. ამასთან, ნაჩუქარ ნივთზე მნიშვნელოვანი მასში ჩადებული ყურადღება და აზრია.
***
ისტორიას არაერთი წარმოუდგენლად ძვირად ღირებული საჩუქარი ახსოვს. ზოგი მათგანის ღირებულება სახელმწიფოების ბიუჯეტს უტოლდება, ზოგი კი უდიდესი სიყვარულის ან პოლიტიკური ალიანსის სიმბოლოა. ისტორიაში ყველაზე გამორჩეულ და ძვირად ღირებულ საჩუქრებს შორის რამდენიმე განსაკუთრებით გამორჩეულია:
თაჯ-მაჰალი (ინდოეთი) — ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ და რომანტიკულ საჩუქრად მიიჩნევა. მოგოლთა იმპერატორმა შაჰ ჯაჰანმა ეს უზარმაზარი თეთრი მარმარილოს მავზოლეუმი საყვარელი ცოლის, არჯუმან ბანო ბეგუმის ხსოვნას მიძღვნა. თაჯ-მაჰალის მშენებლობა 22 წელს გრძელდებოდა და მისი ღირებულება მილიარდობით დოლარია.

თავისუფლების ქანდაკება (აშშ) — ეს ფრანგი ხალხის მიერ ამერიკელებისთვის მიძღვნილი საჩუქარია. ქანდაკება საფრანგეთს დაახლოებით $250,000 დაუჯდა (რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით $5.5 მილიონია), და თანხა ფრანგმა ხალხმა კრაუდფანდინგის (ხალხის დონაციების) გზით შეაგროვა.

კოჰინურის ბრილიანტი — ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძვირფასი 105-კარატიანი ბრილიანტია, რომელიც 1850 წელს სიქჰთა იმპერიის უკანასკნელმა მმართველმა, 11 წლის რაჯა დულიპ სინგჰმა, ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას გადასცა, საკუთარ სამეფოსთან ერთად (ცნობისათვის - 1849 წელს ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის კომპანიამ დაამარცხა სიქჰთა იმპერია). მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალმასი, რომლის სახელიც სპარსულად „სინათლის მთას“ ნიშნავს, ამჟამად ლონდონ ტაუერში, სამეფო ძვირფასეულობათა საგანგებო განყოფილებაშია დაცული.

ასე რომ, საჩუქარი მართლაც უზარმაზარ სოციალურ და ემოციურ ძალას ატარებს — ზოგჯერ ის უბრალო ყურადღებაა, ზოგჯერ კი — მთელი ეპოქის ისტორიული ძეგლი.
***
თავისუფლების ქანდაკება - კავშირი კოლხეთთან და სხვა საიდუმლოებები
სიახლეები ამავე კატეგორიიდან