როგორ გაჩნდა ტორტზე სანთლების ჩაქრობის ტრადიცია?
14:28 შაბ. 14 ნოემბერი
რატომ არის ტორტი და მასში ჩასმული სანთლები დაბადების დღის სიმბოლო? ტორტზე სანთლების ანთებისა და სურვილის ჩაფიქრების ტრადიციას ძალიან საინტერესო და მისტიკური ისტორია აქვს, რომელიც სხვადასხვა კულტურის რწმენა-წარმოდგენებს უკავშირდება.
იტალიურიდან და ლათინურიდან რომ ვთარგმნოთ, torta მრგვალ პურს ნიშნავს, რაც შეეხება სანთლებს, ცეცხლს ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა — ის სახლს ათბობდა და საკვების მომზადებაში გვეხმარებოდა. სანთელი ცეცხლის დამორჩილებიდან მალევე გაჩნდა და ამა თუ იმ ფორმით დღემდე მოაღწია.
ტორტზე ანთებული სანთლები სამყაროს ენერგიას, სითბოსა და სიმყუდროვეს გამოხატავს. ითვლება, რომ სანამ სანთლები იწვის, იუბილარის თხოვნა სამყაროში იგზავნება, ასრულების ალბათობა კი მთლიანად განწყობის ძალაზეა დამოკიდებული — სურვილზე დადებითი ემოციებით უნდა იფიქროთ, სანთლები ჩააქროთ და მისი ასრულება ბედს მიანდოთ.
დიდი და გემრიელი ტორტით დაბადების დღის აღნიშვნა ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში დაუწყიათ. რომაელები დღესასწაულზე იკრიბებოდნენ და ერთმანეთს ამ განსაკუთრებული შემთხვევისთვის მომზადებული ტკბილეულით უმასპინძლდებოდნენ, მაგრამ ვინ იყო პირველი ადამიანი, ვისაც თავში ტორტზე სანთლების ანთების იდეა მოუვიდა?
ზოგის აზრით, დაბადების დღეზე სანთლების ანთების ტრადიცია ძველ საბერძნეთში გაჩნდა. ბერძნები მთვარის ქალღმერთს, არტემიდეს სცემდნენ თაყვანს და მის პატივსაცემად თაფლით დამზადებულ მრგვალ ნამცხვრებს აცხობდნენ, რომლებზეც ანთებულ სანთლებს ამაგრებდნენ.
ბერძნებს სჯეროდათ, რომ სანთლების ცეცხლს დამცავი ძალა ჰქონდა და ბოროტ სულებს აფრთხობდა. ბერძნებისთვის სანთლის ციმციმი მთვარის შუქთან, ნადირობის ქალღმერთის სიმბოლოსთან ასოცირდებოდა.
ბევრ ძველ კულტურაში არსებობდა რწმენა, რომ სანთლების კვამლს ადამიანების ლოცვები და სურვილები ზეცაში აჰქონდა. სანთლების ჩაქრობამდე სურვილის ჩაფიქრების თანამედროვე ტრადიცია, შესაძლოა, სწორედ ამგვარ წარმოდგენებს უკავშირდება.
სხვები მიიჩნევენ, რომ სადღესასწაულო ტორტზე სანთლების ანთების ჩვეულება უფრო გვიანდელი, გერმანული რიტუალია. მაგალითად, 1746 წელს გრაფმა ლუდვიგ ფონ ცინცენდორფმა საკუთარი დაბადების დღე პომპეზურად აღნიშნა. დღესასწაულს უზარმაზარი ტორტიც ახლდა, თანაც იმდენი სანთლით, რამდენი წლისაც იუბილარი იყო.
აქვე უნდა ითქვას, რომ გერმანელები სანთლებს საბავშვო დღესასწაულების დროს XVIII საუკუნეშიც ე.წ. „კინდერფესტის“ (Kinderfest) დროსაც იყენებდნენ. ისინი ტორტზე იმდენ სანთელს ანთებდნენ, რამდენი წლისაც იუბილარი იყო. სანთლები მანამდე ენთო, სანამ ბავშვი სურვილს ჩაიფიქრებდა. ითვლებოდა, რომ სანთლის ბოლს ბავშვის ლოცვა ღმერთთან მიჰქონდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან