გზავნილი წარსულიდან - „მშიერი ქვები“
21:49 კვი. 11 სექტემბერი, 2022 წელი

საუკუნეების წინ ადამიანები მომავალთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად, მკითხავებს და ნათელმხილველებს მიმართავდნენ. რა თქმა უნდა, ასეთი პროგნოზები ასპროცენტიანი სიზუსტით ვერ დაიკვეხნიდნენ, მაგრამ მოახლოებული კატასტროფის გასაგებად სხვა მეთოდებიც არსებობდა. მაგალითად:
მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ევროპელები გვალვისა და შიმშილობის მოახლოებას „მშიერი ქვების“ წინასწარმეტყველებით იგებდნენ.
ეს იყო მდინარეში მდებარე უზარმაზარი, წარწერებიანი ლოდი, რომელსაც წყალი ფარავდა. პერიოდულად, წყლის დონე იკლებდა და ადამიანებს ლოდისა და მისი მრისხანე წარწერების დანახვა შეეძლოთ.
"როცა დამინახავ, იტირე" - ასეთი იყო ერთ-ერთი „მშიერი ქვის“ წარწერა. მდინარეში წყლის დაწევა და წარწერების გამოჩენა გვალვის მოახლოებაზე მიანიშნებდა. შუა საუკუნეებში ეს არა მარტო რთულ პერიოდს, არამედ მასიურ შიმშილს და სიკვდილიანობის ზრდას ნიშნავდა.
„მშიერი ქვები“ მთელ ევროპაში გვხვდება. მათ დღემდე ნახულობენ გერმანიაში, ავსტრიაში, ჩეხეთში, საფრანგეთში და ა.შ.
თითოეულ ქვაზე, გაფრთხილების გარდა, ამოკვეთილია ადამიანთა ტანჯვის ქრონიკა. ნათელია, რომ ქვაზე წარწერები წყლის დონის მაქსიმალური კლების დროს კეთდებოდა. ამის შემდეგ მდინარის კალაპოტი ისევ წყლით ივსებოდა და ქვა იფარებოდა. ლოდის მორიგი გამოჩენის დროს ადამიანები მასზე კატასტროფისა და შიმშილობის შესახებ ზოგად ინფორმაციას კვეთდნენ.
ელბას ბნელი ქრონიკა
ელბა დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი მდინარეა. ის ჩეხეთისა და გერმანიის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 1000 კმ-ის სიგრძეზე მიედინება.
შუა საუკუნეებში ეს მდინარე რეგიონის ცხოვრებაში უზარმაზარი როლს ასრულებდა. ელბის წყლის გარეშე ამ მხარეებში სოფლის მეურნეობის წარმოება შეუძლებელი იქნებოდა.
არაფერია გასაკვირი იმაში, რომ სწორედ ელბაზეა დაფიქსირებული ყველაზე მეტი „მშიერი ქვა“. მათ შორის ყველაზე ძველი 1616 წლით თარიღდება. სწორედ ამ ქვაზეა ამოკვეთილი ფრაზა „Wenn du mich siehst, dann weine“ („როცა დამინახავ, იტირე“).
გერმანიისა და ჩეხეთის მდინარეებში აღმოჩენილია უფრო ძველი ქვები, რომლებზეც დატანილია ინფორმაცია 1417, 1616, 1707, 1746, 1790, 1800, 1811, 1830, 1842, 1868, 1892, 1893 და 1900 წლების გვალვების შესახებ.
„მშიერ ქვებზე“ ერთ-ერთი ბოლო ჩანაწერი 1918 წელსაა გაკეთებული. ეს ნიშნავს, რომ ლოდი წყლიდან პირველი მსოფლიო ომის დროს გამოჩნდა. ამ დროს ომის ნგრევას და მასობრივ სიკვდილს გვალვიანი გაზაფხული და ზაფხული დაემატა, რასაც მოსავლის განადგურება და შიმშილობა მოჰყვა. არა მარტო ევროპაში, 1921 წლის გვალვებმა მაშინდელ საბჭოთა კავშირშიც შიმშილობა და ასობით ათასი ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.
„შიმშილის ქვები“ დღეს
21-ე საუკუნეში „შიმშილის ქვების“ გამოჩენას ადამიანები ტირილით აღარ ხვდებიან, მაგრამ ძნელია ემოციების გარეშე შეხედო წარსულის ტრაგიკული დღეების შეხსენებას. ყოველი ასეთი წარწერის მიღმა ათასობით დაღუპული ადამიანია. 2018 წელს ჩეხეთის ქალაქ დეცინში „მშიერი ქვების“ გამოჩენისას მდინარის ნაპირზე ათასობით ადამიანის შეიკრიბა.
მეცნიერები ყურადღებით სწავლობენ „შიმშილის ქვებზე“ განთავსებულ ინფორმაციას და წერილობით წყაროებს ადარებენ. როგორც ირკვევა, შუა საუკუნეებში გვალვიანი პერიოდები უფრო ხშირი იყო, ვიდრე დღეს, თუმცა თანამედროვე გვალვები მეტი ხანგრძლივობითა და მაღალი ტემპერატურით გამოირჩევა. საბედნიეროდ, 21 თანამედროვე მსოფლიოში გვალვისგან დაზარალებულ რაიონებში ადამიანები შიმშილით აღარ იხოცებიან.
ესეც საინტერესოა:
სიახლეები ამავე კატეგორიიდან