კუ — ევოლუციის საოცრება დინოზავრების ეპოქიდან!
16:00
ბევრს შეცდომით მიაჩნია, რომ ბაკანი კუსთვის უბრალო თავშესაფარია, საიდანაც ნებისმიერ დროს შეუძლია ისე გამოვიდეს, როგორც ადამიანი გამოდის სახლიდან. თუმცა, სინამდვილეში, ყველაფერი გაცილებით რთულადაა — კუ საკუთარ ჩონჩხში მცხოვრები ქვეწარმავალია და ბაკანი მისი სხეულის განუყოფელი ნაწილია.
კუს ხერხემალი და ნეკნები ბაკნის ძვლოვან ნაწილთან შეზრდილია ანუ, მისი ჯავშანი სხვა არაფერია, თუ არა ევოლუციის პროცესში გარეთ გამოტანილი ძვლები. სწორედ ამიტომ, კუ ბაკნიდან ვერასოდეს გამოვა. ეს იგივე იქნებოდა, ადამიანმა საკუთარი ხერხემალი და ნეკნები რომ დატოვოს და სადმე წავიდეს.
კუს აბჯარი ორი ნაწილისგან შედგება:
კარაპაქსი — ზედა, ზურგის ფარი;
პლასტრონი — ქვედა, მუცლის ფარი.

გარდა ამისა, კუს საოცარი აგებულების კისერი აქვს. ქვეწარმავალს ჩონჩხი საშუალებას აძლევს, რომ კისერი S-ის მსგავსად მოხაროს და თავი მთლიანად ბაკანში დამალოს — ის ნამდვილი ცოცხალი ჯავშანია!
ფაქტობრივად, კუ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური არსებაა: ის ერთადერთი ცხოველია, რომლის ნეკნები სხეულის გარეთ მდებარეობს.
ვიღაცას შეიძლება კუ ზანტ და უინტერესო არსებად მოეჩვენოს, სინამდვილეში ის ევოლუციის პატარა საოცრებაა, რომელიც 200 მილიონ წელზე მეტია, საკუთარი ჩონჩხი პალტოსავით აცვია!
***
დაბოლოს, რამდენიმე საინტერესო ფაქტი კუს შესახებ:
- კუები დედამიწაზე დაახლოებით 200 მილიონი წელია არსებობენ. ეს ნიშნავს, რომ მათ დინოზავრების ეპოქასაც კი გაუძლეს და დღემდე თითქმის უცვლელი სახით მოაღწიეს.
- ზღვის კუები ხშირად "ტირიან", თუმცა ეს ემოციებს არ უკავშირდება. ამ გზით მათი ორგანიზმი ზედმეტ მარილს გამოდევნის, რაც ზღვის წყალში ცხოვრებისთვის აუცილებელია.
- მიუხედავად იმისა, რომ ხმელეთზე კუ ძალიან ნელია, ზღვის ზოგიერთ სახეობას წყალში 35 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია.
- კუებს არ აქვთ კბილები, სამაგიეროდ, მათ აქვთ რქოვანი ნისკარტი, რომელიც იმდენად ბასრი და ძლიერია, რომ მყარ საკვებსაც უმკლავდება.
- კუ ყველა კონტინენტზეა გავრცელებული, გარდა ანტარქტიდისა.
- ხმელეთის კუები ძირითადად მცენარეული საკვებით იკვებებიან. წყლის კუები კი ხორცით.
- კუს სისხლი მომწამლველია!
- წყლის კუს იმდენად ძლიერი ყბა აქვს, ქვის გატეხვაც შეუძლია.
- კუებს მთელი ზამთრის განმავლობაში, როგორც წესი სძინავთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან