საკმევლის თვისებები
16:18
საკმეველი, იგივე გუნდრუკი (ძვ. ბერძნ. λήδανον, λάδανον - ლადანონი) არომატული ფისის სახეობაა, რომელსაც საკმევლის ხისგან (Boswellia) იღებენ. ეს საოცარი ხე აღმოსავლეთ აფრიკისა და სამხრეთ-დასავლეთ აზიის ისეთ რეგიონებში, როგორიცაა ეთიოპია, იემენი, ინდოეთი და სხვა იზრდება.
საკმეველს ხის ქერქის დასერვით იღებენ, გაშრობისა და დამუშავების შემდეგ კი ის ჩვენთვის ნაცნობ, მომრგვალო ფორმას იღებს. თანამედროვე ფარმაკოლოგიაში საკმეველი ასევე სამკურნალო ზეთის სახით გამოიყენება.
რელიგიურ ტექსტებში გუნდრუკი საკმაოდ ხშირად იხსენიება. მაგალითად:
ძველი აღთქმა
საკმევლის კმევის ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ ხსენებას ძველ აღთქმაში, კაენისა და აბელის ისტორიაში ვხვდებით. ადამისა და ევას შვილებს უფლისთვის მსხვერპლი უნდა შეეწირათ. იმის მიხედვით, თუ საით წავიდოდა საკმევლის კვამლი, ისინი ხვდებოდნენ, მიიღო თუ არა ღმერთმა მათიი ძღვენი.
აბელი, რომელიც თავის ძღვენს ყოველთვის დიდი მადლიერებითა და უფლისადმი სიყვარულით სწირავდა, ხედავდა, როგორ ადიოდა კვამლი სვეტივით პირდაპირ ცაში. კაენი, რომელიც მსხვერპლშეწირვას ფორმალობად მიიჩნევდა, ძღვენს გულგრილად არჩევდა და უფლისადმი განსაკუთრებულ ერთგულებას არ იჩენდა, ხედავდა, რომ მისი სამსხვერპლოდან კვამლი ზეცისკენ არ მიდიოდა და მიწაზე იშლებოდა. ისევე, როგორც საუკუნეების წინ, დღესაც საკმევლის კმევა უფლისთვის შესაწირს წარმოადგენს.
მოგვთა ძღვენი
მათეს სახარების მიხედვით, სამმა მოგვმა, რომლებიც ახლადშობილი იესოს მოსანახულებლად მივიდნენ, ღვთაებრივ ჩვილს ძღვნად ყველაზე ძვირფასი რამ მიართვეს, რაც გააჩნდათ, კერძოდ: ოქრო, გუნდრუკი და მური. ახალშობილს გუნდრუკი მოგვმა, სახელად გასპარმა მიართვა, რაც იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების სიმბოლო იყო.
ლოცვა
როგორც ყოველდღიურ ლოცვებში, ისე საღმრთო ლიტურგიის დროს, ჩვენ ვგალობთ:
„წარემართენ ლოცვაჲ ჩემი, ვითარცა საკმეველი შენ წინაშე, აღპყრობაჲ ხელთა ჩემთა - მსხვერპლად მწუხრისა“ (ფსალმუნი 140:2).
ამ სიტყვებით ჩვენ ვთხოვთ ღმერთს, მიიღოს ჩვენი ლოცვა, როგორც კეთილსურნელება, რომელიც საცეცხლურიდან ხატისკენ აღიმართება. ჩვენ მას მივართმევთ მინიმალურ მატერიალურ „მსხვერპლს“, რომელიც სივრცეს ნაზი სიოსავით, განსაკუთრებული არომატით ავსებს და სალოცავ ადგილად აქცევს. ეს არის შესანიშნავი სიტყვები, რომლებიც ხაზს უსვამს როგორც საკმევლის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, ისე ჩვენს საჭიროებასა და სწრაფვას, მივუახლოვდეთ ღმერთს.
საკმევლის დანიშნულება
საკმეველს, პირველ რიგში, საკმეველს საეკლესიო მსახურების დროს, კერძოდ, საღმრთო ლიტურგიისას აკმევენ, თუმცა ღვთისმსახურების გარდა, თითოეულ ჩვენგანს საკმევლის კმევა სახლშიც შეუძლია. ფაქტობრივად, ეს ჩვენი დილისა და საღამოს ლოცვის განუყოფელი ნაწილია. საკმევლის კვამლი სიმბოლურად გამოხატავს მლოცველთა ლოცვა-ვედრების ზეცაში ასვლას და იქიდან მადლის გადმოსვლას.
საკმევლის კმევა წარმოადგენდა ღვთის, როგორც უზენაესი არსების აღიარებასა და იმავდროულად, მისდამი მორჩილებისა და ერთგულების სიმბოლოს. საკმევლის სურნელი სულიერ ტკივილებს კურნავს და ადამიანს სიმშვიდისა და დაცულობის შეგრძნებას ანიჭებს. ის ხელს უშლის ჰაერში, წყალსა და ორგანიზმში მიკრობების გამრავლებას.
ბიბლიის თანახმად (გამოსვლათა 30:34-38), უფალმა მოსეს საკმევლისთვის სურნელოვანი ნივთიერებების ზუსტი ნარევი უკარნახა:
„უთხრა უფალმა მოსეს: აიღე სურნელებანი: შტახსი, ონიქსი, სურნელოვანი ხელბანა და სუფთა ლებონა თანაბრად. დაამზადე მისგან სასაკმევლე ნაზავი მენელსაცხებელთა ხელოვნებით აზელილი, სუფთა, წმიდა.“
ეს იყო უწმინდესი სურნელება, რომელიც კარავში, კანდელთან უნდა ეკმიათ. მისი მისადაგება სხვა მიზნებისთვის აკრძალული იყო.
შტახსი - ეს მურის ხის სურნელოვანი ნივთიერებაა.
ონიქსი - წითელ ზღვაში ბინადარი, განსაკუთრებული ტიპის მოლუსკის ნიჟარის სარქველია, რომელიც უძველესი დროიდან მედიცინაში გამოიყენებოდა.
სურნელოვანი ხელბანა - ქოლგისებრთა ოჯახის მცენარის რძისებრი წვენის შედედებული გრანულებია, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიტური და შარდმდენი თვისებები გააჩნია.
სუფთა ლებონა - სწორედ ეს არის გუნდუკი, ფისი ძალიან იშვიათი ხის, Boswellia-სი, რომელიც არაბეთში იზრდება.
გასაკვირი არ არის, რომ ამ შემადგენლობის მქონე საკმეველი უძლიერესი იმუნოსტიმულატორია და ვირუსებსა და მავნე ბაქტერიებს კლავს.
საკმევლის მადლი გფარავდეთ!
***
თაფლის სანთლის სამკურნალო თვისებები
სიახლეები ამავე კატეგორიიდან