ბიბლიური თემები კინოში — ქრისტეს როლი და მსახიობთა ბედი
16:02 პარ. 10 აპრილი
კინოხელოვნებაში ბიბლიური თემები ყოველთვის საინტერესო და პოპულარული იყო. ფილმები იესო ქრისტეს შესახებ კინემატოგრაფის დაბადებასთან ერთად გაჩნდა და მას შემდეგ სახარებისეული სიუჟეტების უამრავი ინტერპრეტაცია შეიქმნა.
ბევრი მსახიობი ქრისტეს როლს კარიერის ყველაზე რთულ და საპასუხისმგებლო ნაწილად მიიჩნევს. სწორედ ამ სირთულის გამო თქვეს ქრისტეს როლის შესრულებაზე უარი რიჩარდ ბარტონმა და რობერტ დე ნირომ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებმაც მაცხოვრის ეკრანზე განსახიერება გაბედეს.
იესო ქრისტეს შესახებ 100-ზე მეტი ფილმი და სერიალია გადაღებული, 1900-იანი წლებიდან დღემდე, სხვადასხვა ჟანრში - დრამა, ისტორიული, მუსიკალური, არტ-ინტერპრეტაცია. ჩვენს მიმოხილვაში რამდენიმეზე მოგიყვებით:
ჯორდან ვილოშკო, „ცხოვრება და ვნებები იესო ქრისტესი“ (1897)
მაყურებელმა იესო ქრისტე ეკრანებზე პირველად 1897 წელს, ამერიკულ ფილმში „ცხოვრება და ვნებები იესო ქრისტესი“ იხილა, სადაც მთავარი როლი ჯორდან ვილოშკომ შეასრულა.
ჰენრი უორნერი, „მეუფეთა მეუფე“ (1927)
1927 წელს გამოვიდა პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი ქრისტეს შესახებ — „მეუფეთა მეუფე“, სადაც მთავარ როლს მუნჯი კინოს ვარსკვლავი ჰენრი უორნერი თამაშობდა.

გადაღებების წინ უორნერს ხელშეკრულების დადება მოუწია, რომლის მთავარი პირობა „შეუფერებელ ქცევებზე“ უარის თქმა იყო, რომლებიც მის პერსონაჟს ჩრდილს მიაყენებდა. „შეუფერებელ ქცევაში“ ჩოგბურთის თამაშიც კი იგულისხმებოდა. ვითარებას ფილმის თაყვანისმცემლებიც ამწვავებდნენ, რომელთაგან ერთ-ერთმა მსახიობს მისწერა:
„ყოველთვის, როცა უფალზე ვფიქრობ, თქვენს სახეს ვხედავ“.
კომერციული წარმატების მიუხედავად, კრიტიკოსებმა ფილმი მიწასთან გაასწორეს და განაცხადეს, რომ უორნერის ქრისტე ხატს ჰგავდა, ფილმი კი - უბრალო ილუსტრაციას.
მაქს ფონ სიუდოვი, „ყველაზე დიდი ამბავი, რაც კი ოდესმე თქმულა“ (1965)
მსგავს სირთულეებს შეეჯახა მაქს ფონ სიუდოვიც, რომელმაც ქრისტე განასახიერა 1965 წელს გადაღებულ ფილმში „ყველაზე დიდი ამბავი, რაც კი ოდესმე თქმულა“. ფილმის გადაღებები თითქმის ერთ წელს გაგრძელდა. მსახიობი ჩიოდა, რომ ფილმმა მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ადამიანებმა მისგან ცხოვრებაშიც განსხვავებულ ქცევას ითხოვდნენ და მეგობრებიც კი მოკრძალებით ეპყრობოდნენ.


ამ წარმოუდგენლად რთული როლის შემდეგ მსახიობს „საკუთარ თავთან დასაბრუნებლად“ 8 თვე დასჭირდა.
ენრიკე ირასოკი, „მათეს სახარება“ (1964)
ესპანელი სტუდენტისთვის, ენრიკე ირასოკისთვის, ფილმში „მათეს სახარება“ შესრულებული ქრისტეს როლი კინოდებიუტად იქცა.


მიუხედავად იმისა, რომ ენრიკე პროფესიონალი მსახიობი არ იყო, იტალიური კინოს კლასიკოსის, პიერ პაოლო პაზოლინის ნამუშევარი ქრისტეს შესახებ შექმნილ ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ფილმად აღიარეს.
ამის შემდეგ ენრიკემ კიდევ ორი როლი ითამაშა, შემდეგ კინოდან წავიდა და ცნობილი მოჭადრაკე გახდა.
ბრაიან დიკონი, „იესო“ (1976)
ეს არის ფილმი, რომელიც დაფუძნებულია ლუკას სახარებაზე და სახარების ყველაზე ავთენტიკურ ეკრანიზაციად მიიჩნევა.
1979 წელს ეკრანებზე გამოსულ ფილმში მაცხოვრის სახეს ბრიტანელი მსახიობი ბრაიან დიკონი ასახიერებს.


"იესო" 6 მილიარდზე მეტმა ადამიანმა 220 ქვეყანაში ნახა, კინო ისტორიაში ყველაზე ბევრჯერ ნანახი ფილმია. ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ფილმმა მილიონზე მეტ ადამიანს შესძინა რწმენა.
ბრაიან დიკონის ერთ-ერთი ბოლო ფილმია The Beyond /„ზღვარს მიღმა“ (2017). იგი თამაშობს თეატრის სცენაზე და პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა.
რობერტ პაუელი, „იესო ნაზარეველი“ (1977)
ბიბლიური ისტორიის ერთ-ერთ კანონიკურ ვერსიად ლეგენდარული რეჟისორის, ფრანკო ძეფირელის 1977 წლის ფილმი „იესო ნაზარეველი“ მიიჩნევა. მოიცავს იესოს ცხოვრებას დაბადებიდან აღდგომამდე და აერთიანებს ოთხივე სახარებას.
ფილმში მთავარი როლი რობერტ პაუელს ერგო, რომელმაც ამოცანას წარმატებულად გაართვა თავი. ამბობენ, ვატიკანმა მას ფულიც კი შესთავაზა, რომ სხვაგან აღარასდროს გადაეღოთ. მსახიობმა შეთავაზება უარყო და წარმატებული კარიერა შეიქმნა.


„იესოს როლი ერთ-ერთია მათგან, რომელზეც ფიქრობ: „ნეტავ შემომთავაზონ!“. თუ უკვე შემოგთავაზეს, ეს მსახიობისთვის ისეთი შემოქმედებითი გამოწვევაა, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელია,“ - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში პაუელმა.
ტედ ნილი, „იესო ქრისტე — სუპერვარსკვლავი“ (1973)
ცნობილი როკ-ოპერის „იესო ქრისტე — სუპერვარსკვლავი“ 1973 წლის ეკრანიზაციაში მთავარი როლი როკ-მუსიკოსმა და მომღერალმა ტედ ნილიმ შეასრულა. აღსანიშნავია, რომ რომ მან კასტინგზე დააგვიანა და გადაწყვიტა, იესოს კოსტიუმითა და გრიმით რეჟისორს პირდაპირ სასტუმროში მიდგომოდა. ნილის გარდასახვამ რეჟისორზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მაშინვე დაამტკიცეს.


ამ როლისთვის ტედ ნილი „ოქროს გლობუსზე“ იყო წარდგენილი.
უილემ დეფო, „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ (1988)
მარტინ სკორსეზეს ფილმი „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური აღმოჩნდა. რეჟისორმა ბიბლიური სიუჟეტის ორიგინალური ინტერპრეტაცია და იმაზე დაფიქრება შემოგვთავაზა, თუ როგორი იქნებოდა ქრისტეს მიწიერი ცხოვრება, ცოცხალი რომ დარჩენილიყო და ოჯახი და შვილები ჰყოლოდა. ეკლესიამ არაერთხელ სცადა ფილმის ჩვენების აკრძალვა, რეჟისორსა და მთავარი როლის შემსრულებელ უილემ დეფოს კი თავზე მორწმუნეთა რისხვა დაატყდა.


მოგვიანებით მსახიობი, რომელიც მანამდე მხოლოდ ბოროტმოქმედებს თამაშობდა, ამბობდა, რომ როლთან გამკლავება მხოლოდ „წარმოუდგენელმა თავხედობამ“ შეაძლებინა. ამ როლმა მსახიობი კინაღამ დააბრმავა - იმისთვის, რომ უფრო მეტყველი მზერა ჰქონოდა, გრიმიორები თვალის გუგების გამაფართოებელ წვეთებს აწვეთებდნენ, რის გამოც მსახიობმა რამდენიმე დღით მხედველობა დაკარგა.
ჯეიმს კევიზელი, „ქრისტეს ვნებები“ (2004)
როდესაც „ქრისტეს ვნებების“ გადაღება დაიწყო, მელ გიბსონიც ვარაუდობდა, რომ მისი ფილმი სკანდალს გამოიწვევდა.
„ხომ ხვდები, რომ ამის შემდეგ ჰოლივუდში მუშაობას ვეღარ შეძლებ?“ — ჰკითხა მან მთავარი როლის შემსრულებელს, ჯეიმს კევიზელს.
გადაღებების დროს მსახიობმა უამრავი ტრავმა მიიღო: სქელი გრიმის გამო სხეული წყლულებით დაეფარა და ტკივილი დაძინების საშუალებას არ აძლევდა. გამათრახების სცენაში შოლტი ისე მოხვდა, რომ მხარზე სამუდამო ნაწიბური დარჩა, მხარი ამოიგდო და თვალების ქვეშ სისხლჩაქცევები გაუჩნდა, თუმცა, ეს როლი მის კარიერაში ყველაზე ცნობილი გახდა.


ფილმი ზედმეტი რეალიზმისა და სისასტიკის გამო მართლაც სასტიკად გააკრიტიკეს, რის გამოც ის კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ და სადავო ნამუშევრად დარჩა.
***
რატომ ვერ ეხებიან კიბეს, რომელიც ქრისტეს საფლავის ტაძარში თითქმის 300 წელია, გაუნძრევლად დგას?
„მოსეს ბილიკი“ - თანამედროვე სასწაული, რომელიც ბიბლიურ სიუჟეტს იმეორებს
სიახლეები ამავე კატეგორიიდან