სად მდებარეობს მსოფლიოს უძველესი ქრისტიანული ეკლესია?
17:25
უძველეს ქრისტიანული ტაძრად, რომელმაც ჩვენს დრომდე მოაღწია თურქეთში, ანთაქიაში მდებარე, კლდეში ნაკვეთ, წმინდა პეტრეს გამოქვაბული-ეკლესიას (St. Pierre Kilisesi) მიიჩნევენ. გადმოცემის თანახმად, 13 მეტრის სიღრმის გამოქვაბული ის ადგილია, სადაც მოციქული პეტრე ანტიოქიაში ყოფნის პერიოდში ქადაგებდა. სწორედ აქ, ანტიოქიაში ეწოდათ ქრისტეს მიმდევრებს პირველად „ქრისტიანები“.
მღვიმე ბუნებრივია, თუმცა მისი უძველესი ნაწილები (იატაკის მოზაიკა და ფრესკების კვალი) IV-V საუკუნეებით თარიღდება.
ფასადი, რომელსაც დღეს ვხედავთ, გაცილებით გვიანდელია – ის XI საუკუნეში ჯვაროსნებმა ააგეს, ხოლო XIX საუკუნეში რესტავრაცია ჩაუტარდა.
ხშირად თურქეთის წმინდა პეტრეს გამოქვაბული ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკასთან ერევათ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ვატიკანის ტაძარი აშენებულია პეტრე მოციქულის სავარაუდო საფლავზე, ხოლო თურქეთის ეკლესია - მისი ქადაგების ადგილზე.
1963 წელს რომის პაპმა პავლე VI-მ ეს ადგილი პილიგრიმობის ოფიციალურ ცენტრად გამოაცხადა.
წმინდა პეტრეს ეკლესია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, როგორც მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრი.
დღეს ეკლესიაში მუზეუმია, თუმცა ზოგჯერ იქ რელიგიური მსახურება ტარდება.



***
არსებობს კიდევ ერთი გამოქვაბული-ეკლესია, რომელიც შესაძლოა, ზემოთ ჩამოთვლილ ტაძრებზე ძველია. ის იორდანიაში, რიჰაბის დასახლებაში, ამანიდან 50 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
ვარაუდობენ, რომ გამოქვაბულში ეკლესია, დაახლოებით, 33-70 წლებში განთავსდა. თუ ეს ვარაუდი დადასტურდება, მას მსოფლიოს ყველაზე ძველ ქრისტიანულ ტაძრად აღიარებენ.
მიიჩნევა, აქ იმალებოდნენ იერუსალიმიდან გამოქცეული ქრისტიანები, რომლებმაც სამხრეთ იორდანიას შეაფარეს თავი და ამ ტაძარში იესო ქრისტეს 70 მოწაფე იკრიბებოდა.
230 წელს გამოქვაბულის ზემოთ აიგო ტაძარი, რომლის იატაკიც მოზაიკითაა დაფარული. აქ გამოსახულია ქრისტეს 70 მოწაფე.

***
უძველეს ქრისტიანულ ტაძრებს შორის არის ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარი (ვაღარშაპატი, სომხეთი).
ტაძრის მშენებლობა 301–303 წლებში, მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ V საუკუნეში ტაძარი ძირეულად გადაკეთდა და თავდაპირველი ბაზილიკა ჯვარ-გუმბათოვანმა ნაგებობამ შეცვალა, ის მაინც უძველესი ქრისტიანული ცენტრის სტატუსს ინარჩუნებს.
ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარი, სადაც წირვა-ლოცვა 1700 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ აღევლინება, იუნესკოს მფარველობის ქვეშაა და ქრისტიანული სამყაროსთვის ფასდაუდებელ საგანძურს წარმოადგენს.

***
საქართველოში შემორჩენილი უძველესი ქრისტიანული ტაძრებია:
ბოლნისის სიონი (478-493 წწ.): სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ტაძარი, რომელიც უძველესი წარწერებითაა ცნობილი.
ძველი შუამთა (V ს.): კახეთში მდებარე, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების პერიოდის ბაზილიკა.
ნეკრესი (IV-VI სს.): კახეთში, ნეკრესის მონასტრის კომპლექსში არსებული მცირე ბაზილიკა.
ანჩისხატი (VI ს.): თბილისის ერთ-ერთი უძველესი ტაძარი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან