მსოფლიოში ყველაზე მოკრძალებული მილიარდერი, რომელზეც ლეგენდები დადის
16:00 ორშ. 27 სექტემბერი, 2021 წელი
მისი ქონება 62 მილიარდ ევროდ არის შეფასებული, მის კომპანიაში 190 000 ადამიანი მუშაობს, კომპანიის წლიური ბრუნვა 38 მილიარდი ევროა. ჟურნალმა „ფორბსმა“ პლანეტის 10 უმდიდრეს ადამიანს შორის დაასახელა, თუმცა...
მსოფლიოს ყველაზე მოკრძალებულ მილიარდერად აღიარებულია ინგვარდ კამპრადი - მეოცე საუკუნის უდიდესი ბიზნესმენი და შვედური კომპანია Ikea-ს დამფუძნებელი.
კამპრადმა „იკეა“ 17 წლის ასაკში დააფუძნა“, განსაკუთრებულ წარმატებას 1956 წელს მიაღწია, როდესაც მომხმარებელს კომბინირებული ავეჯი და ვაჭრობის ახალი ფორმა შესთავაზა.
დღეისთვის „იკეას“ მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში 400-მდე მაღაზია აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ უმდიდრესი ადამიანი იყო, კამპრადის მოკრძალებულ ბუნებასა და თავმდაბლობაზე დღემდე ლეგენდები დადის.
მაინც რა არის კამპარდის ლეგენდა?
„იკეას“ დამფუძნებელი მთელი ცხოვრება მეორე კლასის ვაგონით მგზავრობდა, თავად ატარებდა ბარგს, ტანსაცმელს ფასდაკლებების პერიოდში იძენდა, იაფფასიან რესტორნებში სადილობდა და მოგზაურობისას სამვარსკვლავიან სასტუმროებში ცხოვრობდა.
„ფულის უაზროდ ფლანგვა კაცობრიობის უმძიმესი სენია. ბევრი თანამედროვე შენობა ადამიანური სიბრიყვისა და ამპარტავნების სიმბოლოს უფრო ჰგავს, ვიდრე ნორმალური მოთხოვნილებების რაციონალურ დაკმაყოფილებას. ვაგროვებთ დოკუმენტებს, რომლებიც არასოდეს გამოგვადგება, უამრავ დროს ვფლანგავთ საკუთარი სიმართლის დამტკიცებაში, საათობით ვსაუბრობთ ტელეფონზე, როცა შეიძლება ფაქსი ან მოკლე ტექსტური შეტყობინება გავაგზავნოთ?“ - ამბობდა მილიარდერი.
კამპრადის მსგავსად, „იკეას“ მთელი მენეჯმენტი ეკონომკლასით მგზავრობს და ყველა ერთად სადილობს საერთო სასადილოში.
როგორც წესი, „იკეას“ ოფისები ქალაქის გარეუბნებში მდებარე მაღაზიების ბოლო სართულზეა განთავსებული, რადგან ასე უფრო იაფია.
მაღაზიის დირექტორების ჩაცმულობა არაფრით განსხვავდება საწყობის თანამშრომლის სამოსისგან: იგივე ყვითელი მაისური და შავი შარვალი, მეგობრული ღიმილი და მშვიდი მოძრაობა.
„იკეას“ პრესტიჟის ასამაღლებლად არ სჭირდება ხელმძღვანელობისთვის ძვირად ღირებული ავტომობილები, უნიფორმებში გამოწყობილი შვეიცარები, პრიზები და ტიტულები.
„ამბობენ, რომ ძუნწი ვარ, მაგრამ არ მწყინს. დიახ, ძუნწი ვარ და ამით ვამაყობ. უმჯობესია, ძუნწი გიწოდონ, ვიდრე ფულს ქარს ატანდე“, - განაცხადა კამპრადმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
შვედ მილიარდერს მეორე ქორწინებიდან სამი ვაჟი ჰყავს, რომლებიც ამჟამად მამის ბიზნესს უძღვებიან.
მამის მსგავსად, შვილებსაც არ უყვართ ჟურნალისტებთან ურთიერთობა და ინტერვიუს მიცემა, მოკრძალებულად ცხოვრობენ და თავშეკავებით გამოირჩევიან.
მსოფლიოს ყველაზე მოკრძალებული მილიარდერი 2018 წლის 27 იანვარს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
🔰:
6 მარტივი იდეა, რომელმაც პატრონებს მილიონები აშოვნინა
სიახლეები ამავე კატეგორიიდან