„ოქროს საუკუნის“ 10 მსოფლიო ვარსკვლავი, რომელსაც 2020 წელს სამუდამოდ დავემშვიდობეთ
14:00 ორშ. 18 იანვარი, 2021 წელი

მათი სახელები დიდი ხანია, მსოფლიო ისტორიაში ჩაიწერა და თაობათა მეხსიერებაში დარჩება.
რობერ ოსეინი (Robert Hossein)
საფრანგეთის თეატრისა და კინოს მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერ ოსეინი (აბრაჰამ ჰოსეინოვი) 1927 წლის 30 დეკემბერს, პარიზში რუსეთიდან ჩასული ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. რობერის მამა კომპოზიტორი და მევიოლინე ანდრე ჰოსეინი (ამინულა ჰუსეინოვი) აზერბაიჯანელი იყო და სამარყანდში ცხოვრობდა, დედა კი მსახიობი ანა მინევსკაია გახლდათ.
ფრანგი მსახიობი თავისი 93-ე დაბადების დღის მეორე დღეს - 2020 წლის 31 დეკემბერს კორონავირუსის ინფექციით გარდაიცვალა, რომლითაც წინა ჰოსპიტალიზაციის დროს ინფიცირდა.
ცოტამ თუ იცის, რომ რობერ ოსეინის საფლავის ქვა პარიზის ერთ-ერთ სასაფლაოზე 46 წლის განმავლობაში დგას. მასზე მსახიობის ფოტო და ორი თარიღია ამოტვიფრული: დაბადების და გარდაცვალების - 1927 და 1974 წლები. რობერმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ მაშინ ავტოავარიაში დაღუპულ საყვარელ ქალთან ერთად მისი გულის ნაწილი მართლაც გარდაიცვალა. ისინი ავარიაში ერთად მოჰყვნენ. საფლავის ორმაგი ძეგლი შეუკვეთეს მანამ, სანამ გაიგებდნენ, რომ მსახიობი გადარჩა. რობერმა საფლავის ქვა არ შეცვალა. ის 46 წელი მიდიოდა თავის საფლავზე და მიშელისთვის ყვავილები მიჰქონდა.
👉რობერ ოსეინი: მარინასთან დაშორების მიზეზი რუსული ოჯახის ყოფა გახდა
ფრანგული კინოს ლეგენდა მსოფლიომ გრაფი ჟოფრეი დე პეირაკის როლით გაიცნო. ფილმის გამოსვლის შემდეგ ის მილიონობით ქალის კერპად იქცა. ოსეინი თამაშობდა ფილმში „პროფესიონალი", სადაც მისი პარტნიორი ბელმონდო იყო. გარდა ამისა, მსახიობს ასზე მეტი როლი აქვს შესრულებული კინოსა და თეატრში.2008 წელს 80 წლის მსახიობმა უკანასკნელი როლი ფილმში„ადამიანი და მისი ძაღლი“.
პიერ კარდენი (Pierre Cardin)
იტალიური წარმოშობის ფრანგი დიზაინერი, რომელმაც მოდა დემოკრატიულად აქცია, რესტორნი „Maxim’s“ და ამავე სახელწოდების ბრენდის მფლობელი, FAO- ს კეთილი ნების ელჩი პიერ კარდენი დაიბადა 1922 წლის 2 ივლისს იტალიაში და 2020 წლის 29 დეკემბერს, 98 წლის ასაკში საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.
კარდინი თეატრის მხატვრად დაიწყო. 1946 წელს მან შექმნა კოსტიუმები ჟან კოქტოს ფილმისთვის "მშვენიერება და მხეცი". 1947 წლიდან მუშაობდა კრისტიან დიორის ატელიეში, 1950 წელს დააარსა საკუთარი მოდის სახლი. დიორმა დამწყები მოდის დიზაინერი შეაფრთხილა შემდეგი სიტყვებით: "პიერ, გაყიდე მაღალი - ნიჭი უნდა გადაიხადო".
პიერ კარდენს ეკუთვნის 500-მდე მოდური გამოგონება. სხვადასხვა დროს მან დააპატენტა ფერადი წინდები და მაღალი ჩექმები, მინი სარაფნები და ყვავილებიანი ჰალსტუხები, გრძელი ქურთუკები და ვიწტო შარვლები, რომლებიც თავდაპირველად Beatles-თვის შეიქმნა.
დიეგო არმანდო მარადონა (Diego Armando Maradona)
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, 1986 წელს მსოფლიოს ჩემპიონი და 1990 წლის მსოფლიო თასის ვერცხლის მედალოსანი, უეფას თასის გამარჯვებული დიეგო არმანდო მარადონა დაიბადა 1960 წლის 30 ოქტომბერს და 2020 წლის 25 ნოემბერს ბუენოს-აირესის სახლში გულის გაჩერებისგან გარდაიცვალა. ამ დროს მარადონა 61 წლის იყო.
2020 წლის 3 ნოემბერს მარადონა კლინიკაში ტვინში სისხლჩაქცევის დიაგნოზით მოათავსეს. 11 ნოემბერს ის საავადმყოფოდან გაწერეს, ხოლო 2020 წლის 25 ნოემბერს გულის მოულოდნელი გაჩერების გამო გარდაიცვალა. გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი ფილტვების მწვავე შეშუპება და გულის ქრონიკული უკმარისობა გახდა. ლეგენდარული ფეხბურთელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
კარიერის განმავლობაში მარადონამ არგენტინის არაერთ კლუბში და ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ითამაშა, სადაც 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. ფეხბურთელის კარიერის პიკი იყო, როდესაც 1984-91 წლებში, ნაპოლიში თამაშობდა და 188 მატჩში 81 გოლი გაიტანა. ის იტალიის ორგზის ჩემპიონი გახდა. დიეგო ასევე თამაშობდა ესპანურ ბარსელონაში და სევილიაში.
აღსანიშნავია, რომ სპორტსმენს სიცოცხლეში დაუდგეს ძეგლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ლეგენდარული ფეხბურთელის პატივსაცემად 2018 წელს ძეგლი მის სამშობლოში, ბუენოს-აირესში, ერთ-ერთი მუნიციპალური შენობის სახურავზე დადგეს.
ტომას შონ კონერი (Thomas Sean Connery)
შოტლანდიური წარმოშობის ბრიტანელი მსახიობი და პროდიუსერი, ოსკარის ლაურეატი სერ თომას შონ კონერი 1930 წლის 25 აგვისტოს ედინბურგში შონი დაიბადა და ცხოვრების 91-ე წელს, 2020 წლის 31 ოქტომბერს, ბაჰამის კუნძულებზე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი სუნთქვის უკმარისობა და ფილტვების ანთებით გამოწვეული არითმიები გახდა. ამის გარდა, მსახიობს ონკოლოგიური პრობლემები ჰქონდა.
მაყურებლის ფართო სპექტრმა ის აგენტ 007 ჯეიმს ბონდის როლით გაიცნო. კონერიმ პირველმა ითამაშა ბონდის როლი დიდ ეკრანზე, მან ერთდროულად, შვიდ ჯაშუშურ თრილერში ითამაშა და ოსკარის, ოქროს გლობუსის და BAFTA- ს ლაურეატი გახდა.მსახიობი დედოფალმა ელიზაბეტ II რაინდად აკურთხა.
კონერის კინოკარიერა თითქმის 50 წელს გაგრძელდა. მან დიდი ეკრანი 2003 წელს დატოვა, რის შემდეგაც მეუღლესთან ერთად ბაჰამის კუნძულებზე ცხოვრობდა. შონ კონერი შოტლანდიის ეროვნული პარტიის აქტიური წევრი და ინგლისისგან ქვეყნის დამოუკიდებლობის მომხრე იყო. 2014 წლის მარტში მსახიობმა განაცხადა, რომ სამშობლოში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ ის დამოუკიდებლობას მოიპოვებს.
ოლივია დე ჰევილენდი (Olivia Mary de Havilland)
40-იანი წლების ჰოლივუდის ერთ - ერთი ყველაზე პოპულარული ანგლო-ამერიკელი მსახიობი, ორი ოსკარის მფლობელი ოლივია მერი დე ჰავილენდი 1916 წლის 1 ივლისს ტოკიოში დაიბადა და ცხოვრების 105-ე წელს, 2020 წლის 26 ივლისს პარიზის სახლში, ძილში გარდაიცვალა.
კინოს ლეგენდამ სამსახიობო კარიერა 30-იან წლებში დაიწყო. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როლი იყო მელანიას როლი ფილმში „ქარწაღებული“ . ოლივია ასევე ცნობილია ფილმებით "რობინ ჰუდის თავგადასავალი" (1938), "თითოეული თავისთვის" (1946), "მემკვიდრე" (1949), "ჩემი ბიძაშვილი რეიჩელი" (1952) წელი და ა.შ.
ენიო მორიკონე (Ennio Morricone)
იტალიელი კომპოზიტორი, დირიჟორი, ორი ოსკარის პრემიის ლაურეატი (2007, 2016), სამჯერ ოქროს გლობუსის ლაურეატი, ექვსჯერ BAFTA-ს პრემიის ლაურეატი ენიო მორიკონე 1928 წლის 10 ნოემბერს რომში დაიბადა და 92 წლის ასაკში, 2020 წლის 6 ივლისს რომის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ბარძაყის ძვლის მოტეხილობით მოათავსეს.
კარიერის განმავლობაში, ენიო მორიკონემ დაწერა მუსიკალური კომპოზიციები 400-ზე მეტი ფილმისა და სერიალისთვის იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, რუსეთში და აშშ-ში. ის აღიარებულია, როგორც ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიტორი და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფილმის კომპოზიტორი მსოფლიოში.
მიშელ პიკოლი (Michel Piccoli)
ფრანგი კინოსა და თეატრის მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი მიშელ პიკოლი 1925 წლის 27 დეკემბერს პარიზში დაიბადა და 2020 წლის 12 მაისს, 95 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა.
პიკოლიმ 200-ზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა. 1980 წელს კანის კინოფესტივალზე ფილმისთვის „ნახტომი სიცარიელეში“ პრემია მიენიჭა.
კირკ დუგლასი (Kirk Douglas)
ამერიკელი მსახიობი, ოსკარის, ოქროს გლობუსის, ოქროს დათვისა და ცეზარის პრემიების ლაურეატი კირკ დუგლასი 1916 წლის 9 დეკემბერს ამსტერდამში დაიბადა. ოჯახში კირკი ექვსი ქალიშვილის შემდეგ ერთადერთი ვაჟი იყო.
მსახიობს სახელი და დიდება ფილმმა „ჩემპიონი“ (1949) მოუტანა, რომელშიც მოკრივეს როლი ითამაშა. მისი ფილმოგრაფია დაახლოებით 100 ფილმს ითვლის. ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს შორის რა თქმა უნდა, „სპარტაკია“. 1980-იან წლებში კირკ დუგლასი პოლიტიკურ და საქველმოქმედო საქმიანობაში ჩაერთო.
მსახიობი 2020 წლის თებერვალში, 104 წლის ასაკში გარდაიცვალა და თავისი 60 მილიონიანი ქონებასაქველმოქმედო ორგანიზაციებს უანდერძა.
დევიდ პოლი (David Paul)
ამერიკელი მსახიობი, ფილმ "ძიძას" ვარსკვლავი დევიდ პოლი 1957 წლის 8 მარტს ტყუპ ძმასთან ერთად დაიბადა და თავის 63-ე დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე, ძილში გარდაიცვალა.
დევიდი სიცოცხლის ბოლო წლებში მსახიობობის გარდა, ფოტოგრაფიით იყო გატაცებული, წერდა ლექსებს და მუსიკას, გიტარაზე უკრავდა. მის ოფიციალურ ვებგვერდზე უამრავი ფოტოა წარმოდგენილი, მათ შორის, ბოდიბილდინგის თემატიკაზე.
ბრაიან დენეჰი (Brian Manion Dennehy)
ამერიკული თეატრისა და კინოს მსახიობი ბრაიან დენეჰი 1938 წლის 9 ივლისს აშშ - ში დაიბადა და 2020 წლის 15 აპრილს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შესრულებული აქვს 180-ზე მეტ როლი კინოსა დათეატრში. ცნობილი გახდა 80-იან წლებში, როდესაც მან ფილმში „რემბო“ შერიფის როლი შეასრულა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან