ყველაზე ძვირად ღირებული ქსოვილი მსოფლიოში
15:30 ორშ. 16 ივნისი

ლოტოსი წყლისა და ხმელეთის მრავალწლოვანი მცენარეა, რომელიც ინდოეთსა და ჩინეთში საღვთო მცენარედ მიაჩნიათ. ეგვიპტურ, ინდურ და შორეულ აღმოსავლურ მითოლოგიაში ეს მცენარე მდედრული საწყისის სიმბოლოა, საიდანაც სიცოცხლე და ნაყოფიერება იბადება, თუმცა ეს ყველაფერი არ არის – მიანმარის (ყოფილი ბირმა) თვალწარმტაც ტბებზე გაზრდილი ლოტოსის ბოჭკოებიდან ადგილობრივი ქალები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ და ძვირფას ქსოვილს ამზადებენ.
ყველაფერი კი ასე დაიწყო:
ლეგენდის თანახმად, ერთმა გამჭრიახმა ქალმა, სახელად სა ოომ, ბუდისთვის მისართმევად ლოტოსის ყვავილები შეაგროვა. ქალმა შენიშნა, რომ ყვავილის მოწყვეტის დროს მისი ღეროდან წვრილი, მაგრამ მტკიცე ბოჭკოები იჭიმებოდა. ქალმა მათგან ჯერ ძაფების დართვა, შემდეგ კი ქსოვილის შექმნა გადაწყვიტა და ათასობით ლოტოსის ღერო მოაგროვა. სა ოომ ლოტოსის ღერებიდან ბოჭკოები გააცალკევა, ძაფებად დართო და ბერების სამოსი მოქსოვა. ასე დაიბადა XX საუკუნის დასაწყისის მიანმარში იშვიათი ტექსტილის ხელოვნება.
ლოტოსის ქსოვილი ხელით იქმნება, ეს ძალიან შრომატევადი პროცესია და შემდეგ ეტაპებს მოიცავს:
1. ნედლეულის შეგროვება
ლოტოსის ღერებს მაისიდან დეკემბრამდე კრეფენ – იმ დროს, როცა ყველაზე გრძელი და მტკიცეა. ღერებს ფრთხილად ჭრიან, რომ ფესვთა სისტემა არ დაზიანდეს და მცენარემ აღდგენა შეძლოს.
2. ბოჭკოების ამოღება
ძვირფასი ძაფის მისაღებად ლოტოსის თითოეული ღერო იჭრება. ბოჭკო დიდხანს არ ინახება – მალე შრება და ელასტიკურობას კარგავს.
3. ძაფების დახვევა
ლოტოსის ბოჭკოებს ხელით, დიდ გორგლებად ახვევენ და ღებავენ.
4. შეღებვა და გაშრობა
ლოტოსის ძაფი ბუნებრივი საღებავებით იღებება და სართავ მოწყობილობაზე მოხვედრამდე კარგად შრება.
5. ქსოვა
გამშრალი ძაფიდან მიანმარელი ქალები მსუბუქ და ჰაეროვან ქსოვილს ქსოვენ, რომელიც არ იჭმუჭნება, მტვერს არ იკრავს და სიცხეშიც კი გრილი რჩება.
რატომ არის ლოტოსის ქსოვილი ასეთი ძვირი?
ლოტოსის 50 მეტრი სიგრძისა და 75 სმ სიგანის ნაჭრის ქსოვილისთვის, დაახლოებით, 200 000 ლოტოსის ღერია საჭირო!
ამიტომ, ამ მასალისგან დამზადებული უბრალო თავსაფარიც კი ჩვეულებრივ აბრეშუმზე 7-10-ჯერ ძვირია, ხოლო ერთი კაბა შეიძლება ბინის ფასიც კი ღირდეს.
ამასთან, ლოტოსის ქსოვილი ეკოლოგიურად სუფთაა - მისი წარმოება ქიმიკატებს არ საჭიროებს, თანაც - გამოყენებული ნედლეული ბუნებრივად იშლება და ნიადაგს უბრუნდება.
სა ოოს სიკვდილის შემდეგ ლოტოსის ქსოვილის წარმოება მისმა შთამომავლებმა გააგრძელეს. მალე ამ უნიკალურ ქსოვილს ყურადღება ევროპელმა დიზაინერებმაც მიაქციეს. დღეს ქსოვილზე მოთხოვნა იზრდება და აზიაში მის დამზადებას სულ უფრო მეტი სახელოსნო იწყებს.
ჯერჯერობით ლოტოსის ქსოვილი მხოლოდ შეძლებული ადამიანებისთვისაა ხელმისაწვდომი. ის უჩვეულოდ იშვიათ ქსოვილად რჩება, რომელშიც ბუნების სილამაზე და ადამიანის ოსტატობა ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს.
***
გერმანელმა ბიოლოგმა რძისგან ქსოვილი შექმნა
სიახლეები ამავე კატეგორიიდან