რატომ ამრავლებდნენ II მსოფლიო ომის წლებში ბაბუაწვერას?
17:51 კვი. 4 მაისი

ბაბუაწვერა (Taraxacum kok-saghyz) მრავალწლოვანი ბალახეული მცენარეა, რომელიც მდელოებზე, გზის პირებზე, ბაღებში და ბოსტნებში იზრდება. ბუნებრივ გარემოში ეს მცენარე მარილიან და არცთუ ნოყიერ ნიადაგებს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ნოყიერ შავმიწებზეც მშვენივრად ხარობს.
ბევრმა არ იცის, რომ ზოგი სახეობის ბაბუაწვერას ფესვი დიდი რაოდენობით - 10-დან 27 %-მდე კაუჩუკს შეიცავს.
ეს რაც რა თქმა უნდა იმაზე ნაკლებია, რაც ბრაზილიური ჰევეას წვენში (40-50%), მაგრამ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ბაბუაწვერა უდავო რეკორდმენი იყო. სახელმწიფოს, რომელსაც კაუჩუკი სხვა ქვეყნებიდან შემოჰქონდა, ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩენია.
ცნობისათვის: ტერმინი „კაუჩუკი“ წარმოდგება სახელწოდებისაგან „კაუჩუ“, რომლითაც ბრაზილიის ინდიელები აღნიშნავდნენ ჰევეასაგან მიღებულ პროდუქტს.
საბჭოთა კავშირში 1933 წელს ბაბუაწვერას მოყვანა სხვა კაუჩუკის შემცველ მცენარეებთან ერთად დაიწყეს, თუმცა ბაბუაწვერა ყველაზე გამძლე და სწრაფად მზარდი აღმოჩნდა და კონკურენტები უკან მოიტოვა.
ერთ ჰექტარზე შესაძლებელი იყო 6000 კილოგრამამდე ბაბუაწვერას ფესვის აღება, საიდანაც, დაახლოებით, 200 კილოგრამ რეზინს აწარმოებდნენ.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ბაბუაწვერა რეზინის მნიშვნელოვანი რესურსი გახდა. ამასთან, მძიმე სამხედრო ტექნიკისთვის ბაბუაწვერას კაუჩუკი ყველაზე შესაფერისი აღმოჩნდა.
კაუჩუკის რეზინის ეპოქა 1954 წელს დასრულდა, როდესაც იზოპრენის საფუძველზე დამზადებული სინთეზური რეზინის ტექნოლოგია შეიქმნა. ამის შემდეგ ბაბუაწვერა თითქმის დავიწყებას მიეცა, თუმცა დღესდღეობით ამ მცენარეს უცხოეთში კვლავ აქტიურად იკვლევენ, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში მისი კულტივაცია თავიდან დაიწყეს, რაც გასაკვირი არაა, რადგან ჰევეისგან განსხვავებით, ჰიპოალერგენულია.
ესეც საინტერესოა:
ინგლისში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ბუნკერში სასტუმრო გაიხსნა
სიახლეები ამავე კატეგორიიდან