რა სჭირდება მცენარეს სიცოცხლისთვის - 10 ოქროს წესი!
12:00 ხუთ. 11 მარტი, 2021 წელი
ყველა მცენარე, რა თქმა უნდა, განსხვავებულ მოვლასა და მზრუნველობას საჭიროებს, თუმცა არსებობს ზოგადი წესები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია თქვენი მწვანე მეგობრების სიცოცხლისთვის...
1. მიწას წყლით ძალიან ნუ დაასველებთ
მცენარეების ფესვებს მხოლოდ წყალი კი არა, ჰაერიც სჭირდება, ამიტომ ნიადაგს თუ ზედმეტად დაასველებთ, მცენარე დაიღუპება. მთავარია, სწორად განსაზღვროთ, როდის საჭიროებს მცენარე მორწყვას. თუ ხედავთ, რომ ნიადაგი მშრალია და მისი ზედაპირი მტვერს წააგავს, წყალი დაუსხით. გამონაკლისს მხოლოდ კაქტუსი წარმოადგენს.
2. მცენარეებს, პერიოდულად, დასვენება სჭირდებათ
განსაკუთრებით, ეს ზამთრის პერიოდს ეხება. ოთახის ყვავილების მოვლა ზამთარში მოითხოვს, რომ ნაკლებად მორწყათ და სასუქებითა და მინერალებით იშვიათად გაანებივროთ.
3. ნუ შეშინდებით, თუ ზოგიერთი მცენარე გახმა
ისეთ მცენარეებს, როგორებიც გლოქსინია და ციკლამენა არიან, ხშირად საჩუქრად გამოვიყენებთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი ხმებიან. თავს ნუ დაიდანაშაულებთ - ეს მცენარეები ხანგრძლივად არ ცოცხლობენ.
4. ეცადეთ, მცენარეები ჯგუფ-ჯგუფად დარგოთ
ასე გაცილებით ლამაზად გამოიყურებიან და კარგად ვითარდებიან. შეგიძლიათ, გააკეთოთ აკვარიუმის ან ოთახის ბაღი - კონტეინერი, სადაც რამდენიმე მცენარის კომპოზიციის შექმნაა შესაძლებელი.
5. ყვავილების მოსარწყავად სპეციალური სარწყავი დოქი შეიძინეთ
იმისთვის, რომ ჰაერში სინოტივე შეინარჩუნოთ, წყლის საფრქვევი დაგჭირდებათ.
6. გახსოვდეთ, რომ მცენარეებს სინოტივე უყვართ
ზამთრის პერიოდში, როცა სახლს ცენტრალური გათბობით ათბობთ, ჰაერი ისე შრება, როგორც საჰარაში, ამიტომ ოთახის მცენარეებისთვის დამატენიანებელი საშუალებები უნდა გამოიყენოთ. გახსოვდეთ, ჯგუფებად დარგული მცენარეების კომპოზიციაში ჰაერი გაცილებით ტენიანია.
7. სწორად შეარჩიეთ და განალაგეთ მცენარეები
გახსოვდეთ, რომ ტენის მოყვარული მცენარე მზის მხარეს მდებარე ფანჯარასთან არ უნდა მოათავსოთ, პირიქით.
8. პრობლემის გაჩენისას, დროულად მიიღეთ ზომები
უსიამოვნებები შეიძლება გამოცდილ მეყვავილესაც შეემთხვას, უბრალოდ, მათი დროულად გამოვლენა და დახმარებაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მცენარე დაიღუპება.
9. მცენარე დროულად უნდა გადარგოთ
თუ ატყობთ, რომ მომხიბვლელობას კარგავს და დეფორმაციას განიცდის, ე.ი. გადარგვის დროა. უკეთესი იქნება, თუ ამას გაზაფხულზე გააკეთებთ. მცენარის ქოთნიდან ამოღებისას, ყურადღებით დაათვალიერეთ მიწა. თუ ის ფესვებითაა სავსე, მცენარის გაცილებით დიდი ზომის ქოთანში გადარგვა მოგიწევთ.
10. ყველა მცენარე განსხვავებულ მოვლასა და მზრუნველობას საჭიროებს
ოთახის მცენარეების მოვლისას რამე რომ არ აგერიოთ, სპეციალურ ლიტერატურას უნდა გაეცნოთ და გაარკვიოთ, როგორი მოვლა სჭირდება მცენარის ამა თუ იმ სახეობას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან