რამდენია პრეზიდენტის ხელფასი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?
18:00 ორშ. 21 დეკემბერი, 2020 წელი
ქვეყნის პრეზიდენტები, ისევე როგორც ნებისმიერი დასაქმებული მოქალაქე, ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოს იღებენ. ამასთანავე, პრეზიდენტს ეკუთვნის ოფიციალური რეზიდენცია, დაცვა, ტრანსპორტის ხარჯების ანაზღაურება, ხოლო პოსტიდან წასვლის შემდეგ - მაღალი პენსია, რათა მემუარების წერისთვის მოიცალოს...
„რაც უფრო მდიდარია ქვეყანა, მით უფრო მშვიდად უყურებენ მოქალაქეები ჩინოვნიკების ანაზღაურებას, - წერს ჩეხი ანალიტიკოსი დევიდ სტულიკი, - ჯერ ერთი, თავად მოქალაქეებსაც მაღალი ხელფასები აქვთ და, მეორეც, ხალხს ესმის, რომ მაღალ ანაზღაურების განაპირობებს მაღალი პასუხისმგებლობა დაკისრებულ ვალდებულებებზე“.
აი, განვითარებად ქვეყნებში კი ტოპ-ჩინოვნიკების ხელფასი ხალხს აღელვებს და დისკუსიებიც კი იმართება იმის შესახებ, თუ რამდენად დიდი სხვაობა უნდა იყოს მოქალაქის საშუალო ხელფასსა და მაღალი თანამდებობის პირის ხელფასს შორის.
თვალი გადავავლოთ მსოფლიოს სახელმწიფოების პრეზიდენტების წლიურ ჯამაგირებს ამერიკულ დოლარში:
სინგაპურის პრეზიდენტი
მიუხედავად იმისა, რომ სინგაპური გავლენიან გეოპოლიტიკურ მოთამაშედ არ ითვლება, ეს პატარა ქვეყანა პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. ამ აზიური ქვეყნის პრეზიდენტი ყოველწლიურად, ხელფასის სახით, 1 442 000 აშშ დოლარს იღებს.
ერაყის პრეზიდენტი
ერაყი ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოა, რომლის მოსახლეობის კეთილდღეობაზე რეგიონში გაზრდილი დაძაბულობა დამღუპველად აისახება. ამ ქვეყნის პრეზიდენტის ყოველწლიური ანაზღაურება 621 000 აშშ დოლარს შეადგენს.
კამერუნის პრეზიდენტი
კამერუნი აფრიკის ქვეყანაა, რომლის ეკონომიკას რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე თვითკმარს უწოდებენ. ამის მიუხედავად, მოსახლეობის, დაახლოებით, ნახევარი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ბიუჯეტის შემოსავლების ძირითადი ნაწილი ნავთობის გაყიდვებზე მოდის. კამერუნის ლიდერის წლიური ანაზღაურება 621 000 აშშ დოლარს შეადგენს.
შვეიცარიის პრეზიდენტი
შვეიცარიის ეკონომიკური მდგრადობა სახელმწიფოს ნეიტრალური სტატუსისა და პროგრესული შიდა პოლიტიკის დამსახურებაა. აქ პრეზიდენტის ყოველწლიური შემოსავალი 507 000 აშშ დოლარს შეადგენს.
ავსტრიის პრეზიდენტი
ავსტრია ცენტრალური ევროპის ქვეყანაა, სადაც 8,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. საგარეო პოლიტიკაში ორიენტაცია მეზობელ გერმანიაზე აქვს, მაგრამ როცა საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, ბერლინისთვის წინააღმდეგობის გაწევას არ ერიდება. ავსტრიის პრეზიდენტის ყოველწლიური შემოსავალი 410 000 აშშ დოლარია.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი
ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერის სტატუსის მოპოვებას ცდილობს, გამუდმებით რუსული და ჩინური მხარეების წინააღმდეგობას აწყდება. თეთრ სახლში ბინადრობის უფლების მოპოვების შემდეგ, პრეზიდენტს ყოველწლიურად 400 000 აშშ დოლარის სარგო ენიშნება.
იტალიის პრეზიდენტი
იტალია - ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყანამ გაჭირვებით შეაკავა კორონავირუსული ინფექცია და იძულებითი კარანტინის გამო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი შემოსავლები დაკარგა. იტალიის პრეზიდენტის ყოველწლიური შემოსავალი 275 000 აშშ დოლარს შეადგენს.
გერმანიის პრეზიდენტი
გერმანიაში პრეზიდენტის თანამდებობა არსებობს, მაგრამ ქვეყნის პოლიტიკურ ვექტორში მთავარ როლს კანცლერი ასრულებს. სახელმწიფოს ნომინალურ ლიდერს წარმომადგენლობით ფუნქცია აქვს და მისი წლიური შემოსავალი 269 000 აშშ დოლარია.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი
აზერბაიჯანი ამიერკავკასიის უდიდესი ქვეყანაა. ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო ცდილობს, დაძლიოს პოსტსაბჭოთა სტაგნაცია. თუ ოფიციალურ წყაროებს ვენდობით, აზერბაიჯანის ლიდერის ანაზღაურება წელიწადში 225 000 აშშ დოლარს შეადგენს.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი
სამხრეთ კორეა, სამართლებრივი თვალსაზრისით, ჩრდილოელ მეზობელთან საომარ მდგომარეობაშია. ხელისუფლების კომპეტენტურმა პოლიტიკამ ოფიციალურ სეულს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საშუალება მისცა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ყოველწლიური ანაზღაურება 211 000 აშშ დოლარს შეადგენს.
თურქეთის პრეზიდენტი
თურქეთი ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი გეოპოლიტიკური მოთამაშეა. ამასთან, მრავალეროვანი ქვეყანა ცდილობს, შიდა წინააღმდეგობები დაძლიოს. თურქეთის პრეზიდენტის ყოველწლიური ანაზღაურება 197 000 აშშ დოლარს შეადგენს.
საფრანგეთის პრეზიდენტი
საფრანგეთი მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი ქვეყანაა, რომლის მოსაზრებას ევროკავშირის ყველა წევრი ითვალისწინებს. ქვეყანაში ცხოვრების დონე საკმაოდ მაღალია, თუმცა მოსახლეობის საპროტესტო განწყობაც აქტიურია. ქვეყნის პრეზიდენტის ყოველწლიური ანაზღაურება 194 000 აშშ დოლარს შეადგენს.
ისრაელის პრეზიდენტი
ისრაელი შეერთებული შტატების მფარველობას თავის მუსლიმ მეზობლებთან უთანხმოების დროს აქტიურად იყენებს. სახელმწიფოს პრეზიდენტის საბანკო ანგარიში ყოველწლიურად 173 000 აშშ დოლარით ივსება.
ფინეთის პრეზიდენტი
ფინეთი კეთილდღეობის, ბედნიერების და ადამიანების ცხოვრების ხარისხის მიხედვით ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა. ბოლო ორი წელიწადია, გაეროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით, ბედნიერი ქვეყნების რეიტინგის პირველი ნომერია. ფინეთის პრეზიდენტის ყოველწლიური ანაზღაურება 141 000 აშშ დოლარს შეადგენს.
ურუგვაის პრეზიდენტი
ურუგვაი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა ლათინური ამერიკის რეგიონში. მისი ეკონომიკა უფრო მეტად ორიენტირებულია მეცხოველეობის პროდუქციის ექსპორტზე. ქვეყნის პრეზიდენტის ანაზღაურება წელიწადში 139,000 აშშ დოლარს შეადგენს.
რუსეთის პრეზიდენტი
კრემლის ლიდერის ყოველწლიური ხელფასი 136 000 აშშ დოლარს შეადგენს.
სლოვაკეთის პრეზიდენტი
სლოვაკეთი ცენტრალური ევროპის შედარებით პატარა ქვეყანაა, რომელიც საწარმოო სიმძლავრეებს ყოველწლიურად აფართოებს. მას ასევე კარგად განვითარებული ტურისტული სეგმენტი აქვს. სლოვაკეთის პრეზიდენტის ყოველწლიური ხელფასი 129 000 აშშ დოლარია.
ბრაზილიის პრეზიდენტი
ბრაზილია - სამხრეთ ამერიკული ქვეყანა სწრაფად განვითარებადი ეკონომიკით. კონკურენტებთან მიმართებით სახელმწიფოს უპირატესობა სოფლის მეურნეობისა და სამთო სექტორის განვითარების მაღალ დონეში მდგომარეობს. ბრაზილიის პრეზიდენტის ყოველწლიური ხელფასი 102 000 აშშ დოლარია.
პორტუგალიის პრეზიდენტი
პორტუგალია - ევროპის დასავლეთ ნაწილში მდებარე სახელმწიფო, რომელიც აქტიურად ვაჭრობს მეზობლებთან, როგორც სამრეწველო, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქტებით. პრეზიდენტის ყოველწლიური ანაზღაურება 96 400 აშშ დოლარს შეადგენს.
ბელორუსის პრეზიდენტი
ბელორუსი წლებია, ევროკავშირსა და რუსეთს შორის ლავირების პოლიტიკას ინარჩუნებს და ცდილობს, ორივე მხარისგან სარგებელი ნახოს. რესპუბლიკის პრეზიდენტის ხელფასი წელიწადში 54 000 აშშ დოლარია.
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 6 900 ლარია ანუ წელიწადში, დაახლოებით 25 000 აშშ დოლარი (კურსით: 1 $ = 3,23 ლარი).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან