რომელ უცნობ დაავადებას ებრძოდა საბჭოთა კავშირი და რატომ მოიკლა თავი რიგითმა ექიმმა?
22:00 კვი. 31 იანვარი, 2021 წელი
გასული საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა ექიმები უცნობი დაავადება შეეჯახნენ. ეპიდემიამ ურალი მოიცვა. დაავადებულთა რიცხვი ასობით იყო, ხოლო სიკვდილიანობამ 80 -ს მიაღწია. ასამდე დასახლებაში მკაცრი კარანტინი დაწესდა და მილიციისა და ჯარის ნაწილები განთავსდა. ინფიცირებულ რეგიონებში მოსკოვისა და ლენინგრადის საუკეთესო ეპიდემიოლოგები ჩავიდნენ, მაგრამ ქვეყნის უძლიერესმა მეცნიერებმაც კი ვერ შეძლეს მომაკვდინებელი დაავადების გამომწვევი მიზეზების აღმოჩენა. დაავდების დამარცხება მხოლოდ 10 წლის შემდეგ მოხერხდა.
დაავადება, რომელიც ურალის ქალაქებსა და დაბებში 1933 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა, დაწყებით სტადიაზე ანგინას წააგავდა. შემდეგ ტემპერატურა მკვეთრად იმატებდა, ლორწოვან გარსზე წყლულები და ქსოვილის ნეკროზის კერები ჩნდებოდა და პაციენტის მდგომარეობა მკვეთდად უარესდებოდა. ბოლო სტადიაზე იწყებოდა სისხლდენა ცხვირიდან და პირიდან, რაც ხშირად სიკვდილით მთავრდებოდა.
უცნობი დაავადება ადამიანებს პირველი სიმპტომების გაჩენიდან 4-5 დღეში კლავდა.
დრო გადიოდა, მაგრამ „ურალის სინდრომის“ მკურნალობა არ ჩანდა. ურალში დაიწყო პანიკა, რომელმაც ჩელიაბინსკის, სვერდლოვსკისა და ტიუმენის რეგიონების მოსახლეობა მოიცვა.
მთავრობა უკანასკნელ იმედს ეპიდემიოლოგზე, პროფესორ ლევ გრომაშევსკიზე ამყარებდა, რომელიც სასწრაფოდ დაზარალებულ რაიონში გაგზავნეს.
მეცნიერი ურალში 1933 წლის ივნისში, საუკეთესო სტუდენტებისა და სსრკ–ში საუკეთესო მობილური ლაბორატორიის თანხლებით ჩავიდა. ამ დროისთვის ასობით დასახლებული პუნქტი მოწყვეტილი იყო გარე სამყაროდან. სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებული, გზები გადაკეტილი იყო და სოფლებს შორის მგზავრობაც კი აიკრძალა. გზებზე შეიარაღებული ჯარისკაცები იდგნენ, რომლებიც ნებისმიერი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მზად იყვნენ, ცეცხლი გაეხსნათ.
ფოტოზე: ეპიდემია ურალში, 1933 წელი
ზაფხულის დასაწყისისთვის რეგიონში უკვე 1300 ინფიცირებული იყო, საიდანაც 700 გარდაიცვალა.
ლევ გრომაშევსკიმ და მისმა თანაშემწემ ვლადიმირ სუკნევმა რამდენიმე პაციენტზე დაკვირვების შედეგად დაასკვნეს, რომ არავითარი ინფექცია არ არსებობდა და უბედურების მიზეზი სურავანდი გახლდათ. ერთი შეხედვით, ეს სრულიად ლოგიკური და დამაჯერებელი ახსნა იყო, ვინაიდან 1932-33 წლებში სსრკ–ს უმეტეს ნაწილში, მათ შორის, ურალზე ძლიერი შიმშილი მძვინვარებდა. მეცნიერთა აზრით, აუცილებელი იყო კარანტინის მოხსნა, რადგან საკვების დეფიციტი სიტუაციას მხოლოდ ამძაფრებდა. გრომაშევსკი დარწმუნებული იყო, რომ რეგიონის საკვები პროდუქტებით მომარაგება ეპიდემიას დაამარცხდებდა.
ცნობილ მეცნიერს კატეგორიულად არ ეთანხმებოდა ადგილობრივი ექიმი. ტიუმენის რეგიონის საავადმყოფოს რიგითი ექიმი ირწმუნებოდა, რომ ეს ინფექციური დაავადება იყო, მაგრამ თავის მოსაზრებას ვერაფრით ადასტურებდა. „ურალის სინდრომით“ დაღუპულთა გაკვეთამ შედეგი არ გამოიღო, ექიმმა კრიტიკას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა.
ჩეკისტები გრომაშევსკის გუნდის მუშაობით უკმაყოფილონი იყვნენ და მოითხოვდნენ პროფესორის მოსკოვში გაწვევას. მხცოვანი მეცნიერის პიროვნებით სახელმწიფო უშიშროების კომისარი ალექსანდრე მინაევი დაინტერესდა. არქივში დაცულ მოხსენებაში, რომელიც ჩეკისტმა ხელმძღვანელობას გაუგზავნა, ვკითხულობთ:
„გრომაშევსკისა და სუკნევის აშკარად კონტრრევოლუციურ პოზიციასთან დაკავშირებით - კარანტინის მოხსნის მიზნით სურავანდის დიაგნოზის დასმა და პროდუქტების გაგზავნის მოთხოვნა, რაც, მათი აზრით, ეპიდემიას დაასრულებს, გვაძლევს საფუძველს, რომ ბრიგადის მოსკოვში გამოძახების საკითხი დაისვას“.
გრომაშევსკი და სუკნევი მოსკოვში ცუდი წინათგრძნობებით გაემგზავრნენ, ხოლო მათ ნაცვლად ურალში თავად ჯანმრთელობის სახალხო კომისარი მიხეილ ვლადიმირსკი ჩავიდა. ქვეყნის სამედიცინო უწყების პირველი პირი დაავადების ინფექციურ წარმოშობაში დარწმუნებული იყო და კარანტინის მოხსნისა და სურსათის მიწოდებაზე საუბრის მოსმენაც არ სურდა.
კომისარი სვერდლოვსკში ჩასვლისთანავე მუშაობას შეუდგა. უპირველეს ყოვლისა, დაავადების გამომწვევის სასწრაფოდ გამოვლენის შესახებ განკარგულება გასცა. ბევრი ვარიანტი იყო, ვიღაცამ პნევმონიური ჭირის ვარაუდიც კი გააჟღერა. შიმშილობის გამო, სოფლებში ადამიანები ხშირად ვირთხებს ჭამდნენ, ამიტომ ამ ჰიპოთეზას არსებობის უფლება ჰქონდა, მაგრამ ანალიზებმა ჭირის ვერსია არ დაადასტურა.
ზაფხულის შუა რიცხვებში, ეპიდემიის დაწყებიდან ოთხი თვის შემდეგ, „ურალის სინდრომს“ საბოლოოდ, ოფიციალური სამეცნიერო სახელი ეწოდა. ვლადიმირსკის მითითებით, რომელმაც გრომაშევსკისა და სუკნევის მსგავსად, საშიში მიკროორგანიზმის გამოვლენა ვერ შეძლო, დაავადებას სეპტიური ანგინა უწოდეს. სახალხო კომისარმა თავისი მივლინების შედეგები ასე შეაჯამა:
ჩვენ საქმე გვაქვს სრულიად ახალ დაავადებასთან, რომლის შესწავლა თითქმის არც დაწყებულა. ეტიმოლოგიური აგენტის აღმოჩენა დამატებით, გულმოდგინე გამოკვლევას მოითხოვს. კომისარმა ასევე გასცა კარანტინის მოხსნის მითითება, რაც მისი აზრით, სამუდამოდ ვერ გაგრძელდებოდა.
ვლადიმირსკის წასვლის შემდეგ ურალელი ექიმები პრობლემასთან მარტო დარჩნენ და უცებ იღბალმა გაუღიმათ - ავადმყოფი და ჯანმრთელი ადამიანების კვების მენიუს შედარების შემდეგ მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ყველა ავადმყოფი ერთსა და იმავეს - შარშანდელი ფქვილისგან დამზადებული პროდუქტებს მიირთმევდა.
გადაწყდა თაგვებზე ექსპერიმენტის ჩატარება, რომლის დროსაც ცხოველის კუნთში გასული წლის მარცვლეულის ნიმუშები შეჰყავდათ. ექსპერიმენტის შედეგად, მღრღნელების უმეტესობა დაიღუპა. ხორბლის მარცვალი საკვებად უვარგისად აღიარეს და გაანადგურეს, თუმცა მისი ტოქსიკურობის მიზეზი ვერ დადგინდა. რიგითი ურალელი ექიმების აღმოჩენის შედეგად ეპიდემია სწრაფად დასრულდა. დარჩა მხოლოდ დამნაშავეების აღმოჩენა და ჩეკისტები საქმეს გულმოდგინედ შეუდგნენ.
1937 წლის დასაწყისში მავნებლები აღმოაჩინეს - სვერდლოვსკის ოლქის რამდენიმე ოფიცერმა აღიარა, რომ „ფაშისტური შეთქმულების“ მონაწილეები იყვნენ, რომლებმაც ხორბლის მოსავალი მოწამლეს.
ოფიცრებს პოლონეთის, გერმანიისა და იაპონიის სასარგებლოდ ჯაშუშობა და 1933 წლის მოსავლის მოწამვლა დაბრალდათ. შეთქმულებები საჩვენებლად გაასამართლეს და განაჩენის გამოტანისთანავე დახვრიტეს.
ყველასთვის გასაკვირად, 9 წლის შემდეგ დაავადება ისევ დაბრუნდა და ამჯერად, ორენბურგის ოლქში იფეთქა. სურათი ძალიან ჰგავდა ურალის ეპიდემიას - მშიერი ან ცუდად ნაკვები ადამიანები მოულოდნელად, სეპტიური ანგინით ავადდებოდნენ და რამდენიმე დღეში კვდებოდნენ. ცოცხლად დარჩენილთა რიცხვი 30% არ აღემატებოდა. ისევ გაჩნდა ვერსიები მავნებლებისა და ჯაშუშების შესახებ, რადგან ყველა ავადმყოფმა წინა წლის ხორბლის პროდუქტები მიირთვა, მაგრამ ამჯერად, საღმა აზრმა გაიმარჯვა და ორენბურგში ეპიდემიოლოგები ჩავიდნენ. მეცნიერებმა ათასობით ნიმუში და ანალიზი დაჩქარებული ტემპით გამოიკვლიეს და ბოლოს და ბოლოს დაავადების გამომწვევი აღმოაჩინეს.
მოლოდინის საწინააღმდეგოდ, დაავადების გამომწვევი მიკრობი ან ვირუსი კი არა, ტოქსიკური სოკოს სპორები (Fusarium sporotrichiella) აღმოჩნდა, რომელიც მინდვრებში გამოსაზამთრებლად დატოვებულ მარცვლეულზე მრავლდება. ტოქსინებმა ანადგურებდნენ ძვლის ტვინს და სხვა ორგანოებს, ხოლო დაავადების ბოლო სტადიაზე იწვევდნენ ნეკროზსა და შინაგან სისხლდენას.
დაავადებას საბოლოოდ ალიმენტარულ-ტოქსიკური ალეიკია ეწოდა. მიზეზის დადგენის შემდეგ, სწრაფად აღმოაჩინეს დაავადების ეფექტური მკურნალობა. როგორც გაირკვა პაციენტების გადარჩენა შესაძლებელია სისხლისა და C და D ვიტამინების დიდი დოზების გადასხმით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან