პრასი იმერულად - გვასწავლიან პროფესიონალები
11:32 სამ. 20 ივლისი, 2021 წელი
თუკი პრასის ფხალი თქვენც გიყვართ, ეს რეცეპტი სცადეთ - იმერულად მომზადებას გამოცდილი მზარეული დავით გიორგბერიძე გვასწავლის.
პრასის მოსამზადებლად საჭიროა:
- პრასი - 2 კგ;
- ნიგოზი - 300 გრ;
- უცხო სუნელი - ნახევარი ჩ/კ;
- ყვითელი ყვავილი - ნახევარი ჩ/კ.
- ქინძი - 100 გრ;
- ნიორი - 5 კბილი;
- მარილი, წიწაკა და ძმარი - გემოვნებით.
პრასის მომზადების წესი:
გარჩეული და კარგად გარეცხილი პრასი მოათავსეთ მოზრდილ ქვაბში, დაასხით წყალი და დადგით გაზქურაზე მოსახარშად.
როგორც კი მოიხარშება, დაელოდეთ შეგრილებამდე, შემდეგ ხელით კარგად გაწურეთ და გაწურული გუნდები ცალკე ჯამზე გადაიტანეთ.
ახლა შეგემებას შეუდექით: გაწურული პრასი დაჭერით წვრილად. დაამატეთ გატარებული ნიგოზი, დაჭყლეტილი ნიორი, უცხო სუნელი, წვრილად დაჭრილი ქინძი, ყვითელი ყვავილი, ცოტაოდენი წიწაკა და მარილი.
მოასხით ოდნავ ძმარი.
ბოლოს ერთმანეთში კარგად გადაურიეთ და კერძი მზადაა.
თუ არ დაგეზარებათ, გამოაცხვეთ მჭადებიც. ცხელი მჭადი და პრაზი ნიგვზით სასწაული კომბინაციაა!
შენიშვნა:
ნიგვზიანი პრასის ფხალი შეგიძლიათ, ბროწეულის მარცვლებით გააფორმოთ;
უკვე გამზადებულ ფხალს შეგიძლიათ, მრგვალი ფორმა მისცეთ, შუაში კი ნიგვზის ზეთი ჩაასხათ.
პრასი ნიგვზით, დაახლოებით, 30 წუთში მზადდება.
გემრიელად მიირთვით!