საკნატუნო ამბები

ლეგენდარული „აღმოსავლეთის ექსპრესის“ ილუსტრირებული ისტორია

fun time

12:00 სამ. 16 თებერვალი, 2021 წელი

აღმოსავლეთის ექსპრესის
საიდუმლო

14
დაკოპირებულია

ამ მატარებლის ასეთი პოპულარობა არა მხოლოდ აგატა კრისტის და მისი დეტექტივის „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“ დამსახურებაა. აღმოსავლეთის ექსპრესს სხვა მიზეზებიც ჰქონდა, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მატარებელი გამხდარიყო.

ახალგაზრდა ბელგიელი, ბანკირის შვილი, სახელად ჟორჟ ნაგელმაკერსი, სიყვარულის დარდის გასაქარვებლად, ამერიკაში წავიდა სამოგზაუროდ. უიღბლო სიყვარულის მოგონებები მალე ამერიკული მატარებლებით მოგზაურობით მიღებულმა სიამოვნებამ გადაფარა. ადგილობრივმა მეწარმემ ჯორჯ პულმანმა ვაგონები ხუთვარსკვლავიან სასტუმროებად აქცია, ვაგონ-რესტორანიც დაუმატა, ვაგონებს შორის კი დახურული გადასასვლელები გააკეთა.

ჟორჟს გაუჩნდა იდეა, რაღაც ამდაგვარი „ბებერ ევროპაშიც“ შეექმნა. სამშობლოში დაბრუნებისთანავე მან ევროპის ბაზრისთვის საძილე ვაგონების პროექტი წარმოადგინა. შვიდი წლის შემდეგ მიზანდასახულმა ნაგელმაკერსმა საკუთარი სარკინიგზო კომპანია დააარსა. ცამეტი წლის შემდეგ კი, 1883 წლის 4 ოქტომბერს პირველი აღმოსავლეთის ექსპრესი გაუშვა, რომლის კომფორტი პულმანისას არაფრით ჩამოუვარდებოდა.

ფოტოზე: ღია ბარათი აღმოსავლეთის ექსპრესისთვის. 1900 წელი.

ფოტოებზე: აღმოსავლეთის ექსპრესის პირველი ისლუსტრაციები. 1884 წელი.

ფოტოზე: აღმოსავლეთის ექსპრესის ვაგონ-რესტორანი. 1896 წელი.

ექსპრესი პარიზიდან კონსტანტინოპოლამდე (დღეს - სტამბული) მგზავრობის ყველაზე სწრაფი საშუალება იყო. მაგრამ არა ყველაზე იაფი - თანამედროვე ფულზე გადაანგარიშებით, იმ დროს ერთი ბილეთის ფასი 1750 ევრო იქნებოდა.

ფოტოზე: აღმოსავლეთის ექსპრესის მარშრუტი. 1932 წელი.


აღმოსავლეთის ექსპრესის მუშაობის პირველ წლებში მგზავრებს იარაღის ტარებასა და ტანსაცმლიანად ძილს ურჩევდნენ - არავის შეეძლო უსაფრთხოების გარანტირება მაშინ, როცა საუბარი „აღმოსავლეთში ეგზოტიკურ მოგზაურობას“ შეეხებოდა. თუმცა თანდათან შიში გაიფანტა. ეს განსაკუთრებით მას შემდეგ იგრძნობოდა, რაც საიმედო ლითონის ვაგონები შეოქმნა. თუმცა ლითონი ყველა საფრთხისგან ვერ იცავდა მგზავრებს.


ფოტოზე: აღმოსავლეთის ექსპრესი გადის სტამბულს. მარცხნივ ჩანს აია-სოფიას ტაძარი. 1895 წელი.

1929 წელს აღმოსავლეთის ექსპრესი პატარა თურქული სადგურის მახლობლად მთელი ხუთი დღით ნამქერში მოყვა. სწორედ ეს ინციდენტი დაედო საფუძვლად აგატა კრისტის რომანს „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრეში, რომელიც 1934 წლის 1 იანვარს გამოიცა. თუმცა მწერალმა „აღმოსავლეთის ექსპრესის“ მოქმედება იუგოსლავიაში გადაიტანა.
თუმცა მატარებლის ისტორია იდუმალი მკვლელობის გარეშე არ დარჩენილა. წიგნის გამოქვეყნებიდან ერთი წლის შემდეგ ექსპრესში მდიდარი რუმინელი, სახელად მარია ფერკასანუ, გაძარცვეს და მოკლეს. მისი სხეული ავსტრიის ტერიტორიაზე რკინიგზის ვაკისზე აღმოაჩინეს. პოლიციამ მისი ყველა ნივთი იპოვა, გარდა ძვირად ღირებული შავი მელიის ბეწვის მოსასხამისა. მოგვიანებით დეტექტივმა კარლ ნივერგელტმა ამგვარი მოსასხამი ადგილობრივი პანსიონის მფლობელ იოჰანა ვუნდერლიჰს აღმოუჩინა. როგორც გაირკვა, ის მან უნგრელი სტუდენტის კარლ შტრასერისგან საჩუქრად მიიღო. სტუდენტმა დანაშაული აღიარა და დარჩენილი სიცოცხლე ციხეში გაატარა.

ჟორჟ ნაგელმაკერსმა აღმოსავლეთის ექსპრესი ერთიანი ევროპის სიმბოლოდ შექმნა, რომელსაც საზღვრები პირობითი უნდა გაეხადა. მაგრამ რეალურად პოლიტიკა მუდამ ერეოდა ექსპრესის მარშრუტში და ხშირად მის არსებობას ეჭვქვეშ აყენებდა.

ფოტოზე: აღმოსავლეთის ექსპრესის პირველი სარეკლამო პლაკატი. 1888 წელი.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე აღმოსავლეთის ექსპრესმა ფუნქციონირება შეწყვიტა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მეომარ ქვეყნებს შორის მოუწევდა კურსირება.

ფოტოზე: სტამბულის სადგური სირქეჯი (Sirkeci), აღმოსავლეთის ექსპრესის ბოლო გაჩერება. 1891 წელი.

მოგვიანებით გერმანიამ და მისმა მოკავშირეებმა კონსტანტინოპოლში თავიანთი ექსპრესი დანიშნეს, რომელიც კომფორტით ნაგელმაკერსის მატარებელს არ ჩამოუვარდებოდა. ომის დასრულების შემდეგ გერმანული ექსპრესი გაუქმდა, ორიგინალური კი მხოლოდ ბუდაპეშტამდე დადიოდა. კონსტანტინოპოლამდე კი ცალკე მატარებელი - სიმპლონის აღმოსავლეთის ექსპრესი გაუშვეს.

მეორე მსოფლიო ომი ექსპრესმა ძნელად გადაიტანა: დაინგრა თითქმის მთელი ინფრასტრუქტურა, ნაგელმაკერსის ცნობილი ვაგონებიდან უმეტესობა განადგურდა. მსოფლიო ომის შემდეგ გაჩენილმა „ცივმა ომმა“ აღმოსავლეთის ექსპრესით გადაადგილება გააძნელა და უაზრო გახადა.

ფოტოზე: ნაგელმაკერსის ცნობილი ვაგონები

აღმოსავლეთის ბლოკის მოქალაქეებს არ შეეძლოთ თავისუფლად მოგზაურობა, დასავლეთ ევროპის მოქალაქეებს კი აღმოსავლეთის საზღვრებზე მკაცრი საპასპორტო შემოწმების გავლა უწევდათ. 1952 წელს გაურკვეველ ვითარებაში მატარებლიდან ამერიკელი ატაშე გაქრა, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპაში არსებული ჯაშუშური ქსელის შესახებ საიდუმლო დოკუმენტები მიჰქონდა.


ფოტოზე: აღმოსავლეთის ექსპრესი თურქეთის ტერიტორიაზე. 1970 წელი.

60-იან წლებში მატარებელი ისეთი მდიდრული აღარ იყო, როგორც თუნდაც 30 წლის წინათ. მას იმ დროს ახალი მიგრანტები და მოჰიპო ახალგაზრდები გადაჰყავდა. ამერიკელი მწერლის, პოლ ტერუს ენამახვილი რეპლიკის მიხედვით აღმოსავლეთის ექსპრესი თავად გადაიქცა მკვლელად. 1977 წელს ლეგენდარული მატარებელი სტამბოლში უკანასკნელად ჩავიდა.


ფოტოზე: ლეგენდა მატარებლის „აჩრდილი“

წყარო: www.atlasobscura.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

იაპონელებმა პლაჟზე დამსხვრეული მინა...

ქალაქ ომურას მინის პლაჟი

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმა...

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის