მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვირაბი, რომელსაც 17 წელი აშენებდნენ
19:31
2016 წელს შვეიცარიაში, ალპების ქედის ქვეშ, გერმანულენოვან კანტონ ურსა (Uri) და იტალიურენოვან კანტონ ტიჩინოს (Ticino) შორის, გაიხსნა გოტჰარდის საბაზო გვირაბი (Gotthard Base Tunnel), რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ევროპას ერთმანეთთან აკავშირებს და მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ალპების მასივის ქვემოთ გაყვანილია სამი მსოფლიო მასშტაბის გვირაბი:
Gotthard Rail Tunnel: 1882 წელს გახსნილი, 15 კმ-იანი ისტორიული სარკინიგზო გვირაბი.
Gotthard Road Tunnel: 16.9 კმ სიგრძის საავტომობილო გვირაბი, რომელიც 1980 წლიდან ფუნქციონირებს.
Gotthard Base Tunnel: მსოფლიოში ყველაზე გრძელი (57 კმ) სარკინიგზო გვირაბი, რომელიც 2016 წელს გაიხსნა.
ამ უკანასკნელი გვირაბის მშენებლობა 17 წელს გაგრძელდა და 12 მილიარდამდე დოლარი დაჯდა. პროექტის მიზანი იყო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში ტვირთბრუნვის გაუმჯობესება, საცობებისგან განტვირთვა და მგზავრობის დროის შემცირება.
გოტჰარდის საბაზო გვირაბი მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბია. მისი სიგრძე 57 კილომეტრია, ხოლო ყველა დამხმარე, სავენტილაციო და დამაკავშირებელი შახტის ჩათვლით, მიწისქვეშა სისტემის საერთო სიგრძე 151 კილომეტრს აღწევს. ის ასევე მსოფლიოში ყველაზე ღრმა გვირაბია — გვირაბის მაქსიმალური სიღრმე დედამიწის ზედაპირიდან 2300 მეტრს (2.3 კმ) აღწევს. აქ მთის ქანების ტემპერატურა 46°C-მდე თბება.
გოტჰარდის საბაზო გვირაბი ნამდვილი საინჟინრო საოცრებაა. მისი მშენებლობის დროს ინჟინრებს გეოლოგიურ გამოწვევებთან (მთის ქანების მაღალი წნევა, მიწისქვეშა წყლები, ტემპერატურის ცვალებადობა) გამკლავება მოუწიათ. გვირაბი გიგანტური მანქანების დახმარებით გაითხარა, რაც მშენებლობისგან განსაკუთრებულ სიზუსტეს მოითხოვდა.
პროექტი ორი ლიანდაგიანი ხაზისგან შედგება, რომელიც საავარიო გასასვლელებით, ვენტილაციის სისტემებითა და უსაფრთხოების მოწინავე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. მატარებლები აქ 250 კმ/სთ-მდე სიჩქარეს ავითარებენ, რაც გვირაბს ჩრდილოეთ და სამხრეთ ევროპის დამაკავშირებელ უმნიშვნელოვანეს კვანძად აქცევს, როგორც მგზავრებისთვის, ისე ტვირთების გადასაზიდად.
გოტჰარდის საბაზო გვირაბს განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ სატვირთო გადაზიდვებისთვის აქვს. მის აშენებამდე სატვირთო ავტომობილებს ალპების გადასაკვეთად მთის გზებით სარგებლობა უწევდათ. ცუდი ამინდი, მაგალითად, თოვლი ან წვიმა უამრავ სირთულეს ქმნიდა, ახლა კი გოტჰარდის გვირაბი როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო მიმოსვლას მნიშვნელოვნად ამარტივებს.
რამდენიმე საინტერესო ფაქტი გოტჰარდის საბაზო გვირაბის შესახებ
⏺ სარკინიგზო ტერმინოლოგიაში „საბაზო გვირაბი“ (Base Tunnel) ნიშნავს, რომ გვირაბი გადის მთის ძირში (ბაზაში) და არა მის ზედა ნაწილში. ძველი, 1882 წლის გოტჰარდის გვირაბი გაცილებით მაღლა მდებარეობდა, რის გამოც მატარებლებს მთებზე ასასვლელად რთული გზის გავლა უწევდათ. ახალი გვირაბი კი თითქმის ზღვის დონეზეა, რაც მატარებლებს საშუალებას აძლევს მთები ისე გადაკვეთონ, თითქოს ვაკეზე მოძრაობენ.
⏺ გვირაბის მშენებლობის დროს მთიდან ამოღებულ იქნა 28 მილიონი ტონა ქანი. ასეთი რაოდენობის ქანებიდან ეგვიპტის 5 დიდი პირამიდის აშენებაა შესაძლებელი. ქანები ტყუილად არ გადაუყრიათ — ნაწილი ბეტონის დასამზადებლად გამოიყენეს, ნაწილით კი ლუცერნის ტბაში ხელოვნური კუნძულები შექმნეს.
⏺ გვირაბს ორივე მხრიდან (ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან) ერთდროულად ბურღავდნენ. 2010 წელს, როდესაც მბურღავები ერთმანეთს შეხვდნენ, ცდომილება ჰორიზონტალურად სულ რაღაც 8 სანტიმეტრი იყო, ხოლო ვერტიკალურად — 1 სანტიმეტრი, რაც თანამედროვე ლაზერული ტექნოლოგიების უდიდესი მიღწევაა.
გვირაბი ორი პარალელური მილისგან შედგება (ერთი ჩრდილოეთისკენ მიდის, მეორე — სამხრეთისკენ). სამგზავრო მატარებლები გვირაბში 200-დან 250 კმ/სთ-მდე სიჩქარით მოძრაობენ და უზარმაზარ დისტანციას სულ რაღაც 20 წუთში ფარავენ.
პროექტმა ევროპის კარტოგრაფიაში რევოლუცია მოახდინა — ციურიხიდან მილანამდე მგზავრობის დრო თითქმის ერთი საათით შემცირდა და 3 საათზე ნაკლები გახდა.
უსაფრთხოების საინტერესო სისტემა
გვირაბში ორი მიწისქვეშა "საავარიო სადგური" (Sedrun და Faido) მოქმედებს. თუ მატარებელს პრობლემა შეექმნება, სპეციალური ვენტილაცია კვამლს მაშინვე საპირისპირო მიმართულებით ქაჩავს, ხოლო მგზავრებს გვერდითა მილში გადასასვლელი ჰერმეტული კარები და სამაშველო გვირაბები იცავს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან