სადაურია ინდაური? — ფრინველი, რომელსაც თავისიანად არავინ აღიარებს
18:06
შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ჩვენთვის კარგად ნაცნობი ინდაური ნამდვილი „მსოფლიო მოქალაქეა“...
არც ერთ ქვეყანას არ სურს, ფრინველი „თავისიანად“ აღიაროს და ყველა ერთხმად ცდილობს, რაც შეიძლება შორს გაგზავნოს.
ებრაულად მას tarnegol hodu-ს („ინდურ ქათამს“) ეძახიან,
ფრანგულად — dinde („ინდოეთიდან“),
თურქულად — hindi,
ნიდერლანდურსა და სკანდინავიურ ენებში მისი სახელი (kalkoen, kalkun) ინდოეთის პორტს კოლკატას უკავშირდება.
ინგლისურში ყველაფერი კიდევ უფრო მოულოდნელია — ფრინველს სახელი - turkey თურქეთის პატივსაცემად დაარქვეს.
თუმცა, ეს ყველაფერი როდია.
პორტუგალიურში (peru), ხორვატულსა (puran) და ჰინდიზეც კი (peru), ინდაურს პერუს უკავშირებენ. ირლანდიურში ის „ფრანგული ქათმია“ (cearc Fhrancach), ბრეტონულში — „ესპანური ქათამი“ (yar Spagn), ხოლო მალაიურში „ჰოლანდიური ქათამი“ (ayam belanda).
არადა, ყველასგან უარყოფილი ინდაური, რომელიც საშობაო სუფრის განუყრელ ნაწილად იქცა, გამორჩეული ფრინველია, რომლის შესახებაც ბევრი უცნობი და საინტერესო ფაქტი არსებობს:
✔️ ემოციური „ინდიკატორი“: ინდაურის თავისა და კისრის ფერი ფრინველის განწყობაზე მიგვანიშნებს. როდესაც ინდაური აღგზნებული ან გაბრაზებულია, მისი კანი მკვეთრ წითელ, ცისფერ ან თეთრ ფერს იღებს.
✔️ ხედვის არეალი: ინდაურს თითქმის 360-გრადუსიანი ხედვა აქვს. თვალების განლაგება საშუალებას აძლევს, დაინახოს ისიც კი, რაც მის უკან ხდება, ეს კი ბუნებაში გადარჩენისთვის აუცილებელია.
✔️ სირბილის და ფრენის უნარი: მიუხედავად იმისა, რომ შინაური ინდაური საკმაოდ მძიმეა, გარეული ინდაურები საათში 40 კილომეტრამდე სიჩქარით დარბიან, ხოლო ფრენისას მათმა სიჩქარემ შეიძლება საათში 80-90 კილომეტრსაც მიაღწიოს.
✔️ ძილის ჩვევები: გარეული ინდაურები ღამეს ხეებზე ათევენ. ეს მათ მტაცებლებისგან (მაგალითად, მელიებისგან ან მგლებისგან) თავდაცვაში ეხმარება.
✔️ ინტელექტი: კვლევები აჩვენებს, რომ ინდაურებს აქვთ უნარი, ერთმანეთი ხმითა და გარეგნობით იცნონ. მათ ასევე შეუძლიათ ტერიტორიის რუკა დაიმახსოვრონ და გზა ადვილად გაიკვლიონ.
✔️ ბენჯამინ ფრანკლინი და ინდაური: არსებობს ლეგენდა, რომ აშშ-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ბენჯამინ ფრანკლინს სურდა, რომ ქვეყნის ეროვნული სიმბოლო არა თეთრთავა არწივი, არამედ ინდაური ყოფილიყო. ის თვლიდა, რომ ინდაური ბევრად უფრო „პატიოსანი“ და მამაცი ფრინველია.
✔️ ინდაურის კუჭი შეიცავს სპეციალურ განყოფილებას, რომელსაც „კუნთოვანი კუჭი“ ჰქვია. ის იმდენად ძლიერია, რომ ფრინველს შეუძლია მასში მოხვედრილი პატარა ქვებიც კი გადაამუშაოს.
***
როგორ იქცა ინდაური ამერიკის სადღესასწაულო სუფრის მთავარ კერძად?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან