ახალი კვლევა — დისტანციური მუშაობა ხელს უწყობს შობადობას!
20:41
გერმანიის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის (Ifo) მიერ გამოქვეყნებულმა ახალმა საერთაშორისო კვლევამ მოქნილ სამუშაო გრაფიკსა და დემოგრაფიას შორის მოულოდნელი კანონზომიერება აღმოაჩინა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა შობადობის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია. ექსპერტების განმარტებით დისტანციური ფორმატი პარტნიორებს საშუალებას აძლევს კარიერა და შვილების აღზრდა ბევრად უკეთ შეათავსონ, რაც როგორც დროის, ისე ორგანიზაციულ ხარჯებს ამცირებს.
სამეცნიერო ნაშრომს საფუძვლად „შრომის ორგანიზების გლობალური გამოკითხვის“ მონაცემები დაედო, რომელმაც 38 სახელმწიფო, მათ შორის ევროპის ქვეყნები, აშშ და იაპონია მოიცვა.
ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტისა და სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა ყურადღების ცენტრში 20-დან 45 წლამდე ასაკის დასაქმებული მოქალაქეები მოექცნენ. მკვლევრებმა ბოლო წლების შობადობის მაჩვენებლები, შვილების რაოდენობასთან დაკავშირებით წყვილების სამომავლო გეგმები და მათი სამუშაო გრაფიკი ერთმანეთს შეადარეს,.
სტატისტიკურმა ანალიზმა საინტერესო შედეგები აჩვენა. კერძოდ, ოჯახებში, სადაც ორივე პარტნიორს შეუძლია თუნდაც კვირაში ერთხელ მაინც სახლიდან იმუშაოს, შობადობის მაჩვენებელი საშუალოდ, 14%-ით მაღალია იმ წყვილებთან შედარებით, რომლებიც ყოველდღე სამსახურში დადიან.
ეს ეფექტი ყველაზე მკაფიოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიკვეთა, სადაც დისტანციურად მომუშავე წყვილების შობადობის მაჩვენებელი 18%-ით გაიზარდა.
კვლევის ავტორთა შეფასებით, შრომის მოქნილი ორგანიზება აშშ-ში ყოველწლიური შობადობის დაახლოებით 8%-ს უზრუნველყოფს.
ამავდროულად, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ტრადიციულად მკაცრი საოფისე კულტურის მქონე ქვეყნებში, როგორებიცაა იაპონია ან სამხრეთ კორეა, თუნდაც ჰიბრიდული ფორმატის საყოველთაო დანერგვას შეუძლია შობადობის ეროვნული მაჩვენებლები 4-5%-ით გაზარდოს.
ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ენერგიისა და დროის დაზოგვა, რომელიც ოფისში მრავალსაათიან მგზავრობაზე იხარჯებოდა, ოჯახების მიდგომას მომავლის დაგეგმვისადმი რადიკალურად ცვლის.
სტრესის დონის შემცირება და სახლში ყოფნის შესაძლებლობა იმ დროს, როდესაც ბავშვებს მოვლა სჭირდებათ, ადამიანებს ოჯახის გაფართოებისკენ უბიძგებს.
მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ დისტანციური მუშაობის გავლენას დემოგრაფიაზე პიკისთვისჯერ კიდევ არ მიუღწევია, ვინაიდან სოციალური ნორმები და ჩვევები უფრო ნელა იცვლება, ვიდრე ტექნოლოგიები ვითარდება. თანამედროვე რეალობაში კორპორაციული მოქნილობა დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ხდება.
როგორც ირკვევა, შობადობაზე საოფისე მუშაობის სხვა ფაქტორებისცახდენს გავლენას. კერძოდ:
მჯდომარე ცხოვრების წესი და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა: ოფისში დღეში 8-10 საათის გატარება, კომპიუტერთან უმოძრაოდ ჯდომასთან ერთად, იწვევს მენჯის ღრუში სისხლის მიმოქცევის შეფერხებას. ეს ფაქტორი ნეგატიურად მოქმედებს როგორც ქალის, ისე მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.
ქრონიკული სტრესი და გადაღლა: მაღალი სამუშაო ტემპი და გონებრივი გადაძაბვა ზრდის სტრესის ჰორმონების, კორტიზოლისა და ადრენალინის დონეს, ჰორმონალური დისბალანსი კი აფერხებს ოვულაციას და სპერმატოგენეზს.
ქალებისთვის კარიერულ წინსვლაზე ფოკუსირება ხშირად შობადობის გადადებას (ე.წ. დაგვიანებულ დედობას) იწვევს.
ინ ვიტრო განაყოფიერების ან სხვა რეპროდუქციული მკურნალობის კურსები ხშირ სამედიცინო ვიზიტებს მოითხოვს, რისი შეთავსებაც სრულ განაკვეთზე საოფისე მუშაობასთან საკმაოდ რთულია.
დაბოლოს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო წლების მონაცემებით, ქვეყანაში შობადობის კლების ტენდენცია შეინიშნება, რაც სხვა სოციალურ და ეკონომიკურ მიზეზთან ერთად, ურბანიზაციასა და დასაქმების სტრუქტურის ცვლილებასაც უკავშირდება.
***
იაპონელების კვლევა: დისტანციური მუშაობა და ჯანმრთელობა
მინიატიურული „სახლის ოფისების“ დისტანციური მუშაობისთვის
სიახლეები ამავე კატეგორიიდან